ლევან გულედანმა მსოფლიოს ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
ყაზახეთის ყოფილ დედაქალაქ ალმათიში 14 ოქტომბერს დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი კრივში, რომელშიც, როგორც გაუწყეთ, საქართველოს 8 წარმომადგენელი მონაწილეობს.

ასპარეზობის სტარტზე ჩვენებურთაგან პირველი გავიდა რინგზე 91 კილოგრამი წონითი კატეგორიის მოკრივე ლევან გულედანი (თბილისი), რომელიც ტაჯიკ იახონ ყურბანოვს დაუპირისპირდა.

ორთაბრძოლა სამ რაუნდს გაგრძელდა. სამივე არბიტრმა (არგენტინელი ჟერარდო პოჯი, ფინელი ალან როოსი, გერმანელი მიხალ არადოვსკი) უპირატესობა ჩვენებურს მიანიჭა - 3:0. მეორე წრეში, 18 ოქტომბერს გულედანი იტალიელ კლემენტი რუსოსთან გაარკვევს ურთიერთობას. ეს უკანასკნელი ამ წონაში მე-4 ნომრადაა განთესილი და 14 ოქტომბერს ისვენებდა.

ასპარეზობის პირველ დღეს
რინგზე გავიდა სევერიან ჭილაძეც (თბილისი, 52 კგ), მაგრამ პუერტორიკოელ ჯენტონი მარკანოსთან ვერაფერს გახდა, 0:3 დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

15 ოქტომბერს პირველ ბრძოლას გამართავს ფოთელი გიორგი გოგატიშვილი (60 კგ). მისი მეტოქეა დანიელიტო დე ლა როსა (პუერტო-რიკო). გამარჯვების შემთხვევაში, 20 ოქტომბერს ბერიკ აბდრახმანოვს (ყაზახეთი) შეხვდება, რომელიც ამ წონის რეიტინგში მეექვსე ნომერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული