ძლიერთა მონაგარი

AutoSharing Option
საქართველოს მკლავჭიდელთა ნაკრები 16 სპორტსმენით წარსდგა ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც თურქეთის დედაქალაქმა ანკარამ უმასპინძლა.

განსაკუთრებით ისახელა თავი ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა გენადი კვიკვინიამ. მან ორივე ხელით ოქროს მედალი დაიმსახურა. მარცხენათი ფინალში რუსი ვიაჩესლავ მურიევი დაამარცხა, მარჯვენათი მისსავე თანაგუნდელ ივან მატუშენკოს სძლია, რითაც შარშან კონტინენტის ჩემპიონატის პირველ წრეში წაგებისთვის რევანში აიღო.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურთან ახლოს იყო ორი ქართველი სპორტსმენი, მაგრამ საბოლოოდ ისინი ვერცხლის მედლებით დაკმაყოფილდნენ: ირაკლი გამთენაძემ (90 კგ) ცაციათი ფინალური პაექრობა დათმო რუს არსენ ბილიევთან, არადა, ნახევარფინალში უკრაინელ მსოფლიოს ჩემპიონ რუსლან ბაბაევს
მოუგო. ვასილ დაუთაშვილს (100 კგ) მარჯვენათი ბულგარელმა მსოფლიოს ჩემპიონმა კრასიმირ კოსტადინოვმა აჯობა. საგულისხმოა, რომ შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზეც მათი ფინალური პაექრობა სლავი სპორტსმენის გამარჯვებით დამთავრდა. ბრინჯაოს მედლებით დაკმაყოფილდნენ ალეკო აბუთიძე (70 კგ. მარჯვენა), ვასილ დაუთაშვილი (100, მარცხენა), ვილენ გაბრავა (60, მარცხენა).

ახალგაზრდებში მარჯვენა ხელით ყველა ორთაბრძოლა მოიგო და პირველ ადგილზე გავიდა მერაბ კაკაბაძე (80 კგ). იგი ამავე წონაში ცაციათი მეორე იყო. ვერცხლის მედალი ხვდა მარცხენათი მარინე ფუტკარაძესაც (55). გიორგი ოთანაშვილმა ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

- ქართველი მკლავჭიდელების გამოსვლითა და შედეგებით კმაყოფილი ვარ, - გვითხრა მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერეკლე გურჩიანმა. - თუმცა, მსაჯებს მეტი ობიექტურობა რომ გამოეჩინათ, გამთენაძეცა და დაუშვილიც ჩემპიონები გახდებოდნენ. შარშან მსგავს შეჯიბრებაზე 8 მედალი მოვიპოვეთ, წლეულს კი მათი რაოდენობა სამი ერთეულით გავზარდეთ. ახლა ჩვენი მიზანია, სათანადოდ მოვემზადოთ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელსაც ნოემბერში ყაზახეთის ყოფილი დედაქალაქი ალმათი უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული