სპორტულ ტანმოვარჯიშეთა ღია წერილი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ბ-ნ ლევან ყიფიანს

AutoSharing Option
სპორტულ ტანმოვარჯიშეთა ღია წერილი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ბ-ნ ლევან ყიფიანს

ბატონო ლევან!

ჩვენ, სპორტული ტანვარჯიშის ვეტერანები, გთხოვთ, დაგვეხმაროთ მოკვდინების პირას მისული ქართული ტანვარჯიშის გადარჩენაში, რომლის ამ მდგომარეობაში მიყვანა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო.

ქართველი ტანმოვარჯიშეები ყოფილ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს შორის ყოველთვის ლიდერის როლში გვევლინებოდა. საკმარისია გავიხსენოთ ქართველი ტანმოვარჯიშეების მიღწევები საერთაშორისო ასპარეზობებზე. მაგალითად, ჰელსინკის 1952 წლის ჩემპიონები მზია ჯუღელი და გალინა შარაბიძე, ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ გოგოლაძე, მსოფლიო ჩემპიონები: გალინა შარაბიძე, სერგო(ვოვა) ჯაიანი, რუსუდან სიხარულიძე, ნინო დრონოვა; მსოფლიო თასის მფლობელი
პაატა შამუგია.

1932-33-34 წლების სსრკ-ის სამგზის აბსოლუტური ჩემპიონი გიორგი(გულო) რცხილაძე, 1940 წლის აბსოლუტური ჩემპიონი პავლე რომანიშვილი, რომელიც სამამულო ომის დროს ტყვედ ჩავარდა, საიდანაც გაქცევა მოახერხა და დიდი წვალების შემდეგ ამერიკაში აღმოჩნდა, რის გამოც ის კომუნისტებმა მოღალატედ გამოაცხადეს და შემდგომი თაობების ტანმოვარჯიშეებისა და ფართო საზოგადოებისათვის სრულიად უცნობი დარჩა.

მათ გარდა, საქართველოს აღზრდილი ჰყავდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონები და პრიზიორები, მრავალ საერთაშორისო შეჯიბრებაში გამარჯვებულები, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანდა.

საქართველოში სპორტული ტანვარჯიშის ასეთი აღზევება მასობრიობით იყო გამოწვეული. საქართველოს ყველა ქალაქსა თუ დაბაში გახსნილი იყო სატანვარჯიშო სკოლები და სექციები (თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, სოხუმში, ხონში, სენაკში, სამტრედიაში, ზუგდიდში, გორში, თელავში, ყვარელში და ა.შ.). 1922 წლის მონაცემებით, საქართველოში გასაბჭოების მძიმე პერიოდისა და გაჭირვების მიუხედავად, ტანმოვარჯიშეთა რიცხვი ასი ათასს აღწევდა, რამაც ხელი შეუწყო მომდევნო წლებში ქართველი ტანმოვარჯიშეების წარმატებით გამოსვლებს და შედეგებმაც იმატა.

ადრეულ წლებში საქართველოში ტანვარჯიშის პოპულარობაზე ერთი საგაზეთო ცნობაც მეტყველებს. 1924 წლის გაზეთ "კომუნისტში" გამოქვეყნებული წერილი გვაცნობებს, რომ: "ქუთაისში ტარდება საქართველოს პირველობა სპორტულ ტანვარჯიშში. მსაჯთა სამდივნოში შემოსულია მონაწილეთა ოთხასი განაცხადი. განაცხადების მიღება გრძელდება."

დღეს საქართველოში 21-ე საუკუნის დასაწყისში ტანვარჯიშის პოპულარობისათვის როგორ იღვწიან და რა მდგომარეობაა? დღევანდელ "დემოკრატიულ" საქართველოში 2012 წლის 21-25 ოქტომბერს ბათუმში ჩატარებულ საქართველოს ჩემპიონატში სულ 46 ტანმოვარჯიშე იღებდა მონაწილეობას. აქედან - 17 ქალი და 29 ვაჟი, სადაც მონაწილეთა რაოდენობის შესავსებად მოზარდები და იუნიორები გამოიყვანეს და გუნდური პირველობისათვის მოზარდთა მეორე თანრიგის შედეგები დააკანონეს.

არადა, საქართველოს ჩემპიონატები სხვადასხვა ასაკის ტანმოვარჯიშეებს შორის ტარდებოდა. ახლა საქართველოში შეკრებილმა სხვადასხვა ასაკის ტანმოვარჯიშეთა რაოდენობამ 46-ს ძლივს მიაღწია. ბათუმში საქართველოს ჩემპიონატზე მხოლოდ სამი ქალაქის: თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ტანმოვარჯიშეები იღებდნენ მონაწილეობას, რომელთა ტექნიკური მომზადების დონე ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ასეთი კონტინგენტიდან საჭირო რომ გახდეს საქართველოს ნაკრები გუნდის შექმნა (6 ვაჟი და 6 ქალი), სამარცხვინო და თავისმომჭრელი იქნება.

თბილისელ ტანმოვარჯიშეებს არა მარტო საქართველოში, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის ერთ-ერთი ლიდერის, წამყვანი ადგილი ეკავა. ბათუმში ჩატარებულ ჩემპიონატში თბილისმა ვერც ქალთა და ვერც ვაჟთა შორის სპორტის ოსტატის პროგრამით ერთი ტანმოვარჯიშის მომზადება და გამოყვანა ვერ შეძლო. არადა, იყო დრო, საქართველოს ჩემპიონატებში თბილისი, სპორტის ოსტატებით დაკომპლექტებული სამი გუნდით გამოდიოდა. საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ასაკის ნაკრებების წევრები თბილისელი ტანმოვარჯიშეები იყვნენ.

საქართველოში ტანვარჯიშის ჩავარდნა და ასეთი სავალალო მდგომარეობა ტანვარჯიშის ფედერაციის ათეული წლების განმავლობაში უნიათო მუშაობის, გულგრილობის და უპასუხისმგებლობის შედეგია, სადაც მრავალი ცნობადი სახე მუშაობს, რომლებსაც ტანვარჯიშის პოპულარიზაციისა და განვითარებისათვის თითი-თითზე არ დაუკარებიათ და არაფერი უკეთებიათ.

პირიქით, მათი დახმარებით შეძლეს საქართველოს მთავრობაში მოსულმა ნაციონალური პარტიის წარმომადგენლებმა ტანვარჯიშში სპორტული სკოლების და სექციების, სპორტსაზოგადოებების კუთვნილებაში არსებული, კეთილმოწყობილი სატანვარჯიშო დარბაზების გასხვისება (მარტო საავიაციო ქარხანასთან არსებულმა სატანვარჯიშო სპეციალიზებულმა სკოლამ მსოფლიო ჩემპიონი ნინო დრონოვა, საბჭოთა კავშირის ჩემპიონები ლევან სისაური, ნუგზარ ღვინიაშვილი, ანაიდა ლეონტიევა, პავლე ლეონტიევი და მრავალი სხვა აღზარდა, სპორტსაზოგადოება "ლოკომოტივმა" ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ გოგოლაძე, სპორტსაზოგადოება "დინამომ" ოლიმპიური ჩემპიონი მზია ჯუღელი, გალინა შარაბიძე, მსოფლიო თასის მფლობელი პაატა შამუგია, სსრკ ჩემპიონები დონარა ჯანუყაშვილი, მზია ნინოშვილი და სხვები).

კომუნისტური წყობის დროს თბილისის განათლების სამმართველოს სპეციალიზებული სატანვარჯიშო სკოლის მოსწავლეებისათვის პეტრიაშვილის ქ.#7-ში 1957 წელს აიგო თანამედროვე მოთხოვნების მიხედვით აღჭურვილი სპორტული დარბაზი, სადაც უამრავი ცნობილი ტანმოვარჯიშე აღიზარდა. სწორედ ეს კომპლექსი, საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის თანხმობით, თბილისის "სახელოვანმა" მერმა გიგი უგულავამ და ასევე "საამაყო" ქართველმა გოკა გაბაშვილმა 2004 წლის პირველ კვარტალში გაასხვისეს და აღნიშნული სკოლის მოსწავლეები თავისი მწვრთნელებიანად თბილისში სანაპიროზე დარჩენილ ერთადერთ ტანვარჯიშის დარბაზში (რომელიც მხოლოდ საქართველოს ტანმოვარჯიშეთა ნაკრები გუნდისათვის იყო აგებული) შელალეს, სადაც დღეს ერთდროულად გადიან წვრთნას დამწყები და ოდნავ მაღალი თანრიგის ტანმოვარჯიშეები, ბატუტზე მოხტუნავე სხვადასხვა ასაკის სპორტსმენები, ჯანმრთელობის გამაჯანსაღებელი ჯგუფები.

ასეთ ქაოსსა და ხმაურში, რა თქმა უნდა, თბილისში ვერ გაიზრდება მაღალი კლასის ტანმოვარჯიშე, რაც ბათუმში ახლახან ჩატარებულმა ჩემპიონატმაც დაგვანახა.

არადა, ეს ყველაფერი ტანვარჯიშის ფედერაციის (რომელიც სანაპიროზე არსებულ ამ დარბაზის მეორე სართულზეა განლაგებული) ხელმძღვანელობის ცხვირწინ ხდება, რომლებიც შეგუებულნი არიან ამ მდგომარეობას და თავიანთ სკამებს ჩაბღაუჭებულები კვლავ აპირებენ არჩევნების გაყალბების გზით ფედერაციაში დარჩენას.

საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციას სატანვარჯიშო სკოლების აღდგენისა და ჩამორთმეული დარბაზების დასაბრუნებლად საკითხი ერთხელაც კი არ დაუსვამთ საქართველოს მაშინდელი მთავრობის წინაშე, არ უბრძოლიათ საქართველოში ტანვარჯიშის აღორძინებისათვის. რა სინდისით ცდილობენ ისინი ფედერაციაში დარჩენას და ხელფასების პენსიის სახით მიღებას?!

თბილისში 2015 წელს ტარდება ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, სადაც ტანვარჯიშული სახეობებიდან მხოლოდ სპორტული ტანვარჯიშია შეტანილი. ასეთ გაუსაძლის პირობებში მომზადებით და ასეთი კონტინგენტით აღნიშნულ ფესტივალზე წარმატებაზე ფიქრი უტოპიაა. არადა, კარგად მომზადებული ერთ ტანმოვარჯიშე ვაჟს და გოგონას თორმეტი სხვადასხვა სინჯის მედლის მოტანა შეუძლია საქართველოსთვის (ვაჟებს – ექვს იარაღზე და მრავალჭიდში, გოგონებს – ხუთი-ოთხ იარაღზე და მრავალჭიდში); ასევე გუნდურში ორი მედალი (ერთი ქალთა და ერთი ვაჟთა შორის). სულ თოთხმეტი მედალი შეუძლიათ მოუტანონ ტანმოვარჯიშეებმა ჩვენს ქვეყანას.

ასეთი პროდუქტიულობით ვერცერთი სპორტის სახეობა ვერ დაიკვეხნის და ეს ტრადიციული სპორტული სახეობა ყველასაგან უსამართლოდ არის მივიწყებული.

ტანვარჯიშის სარგებლიანობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ქართული სპორტის და ხელოვნების საამაყო წარმომადგენლები თავის კარიერას ტანვარჯიშით იწყებდნენ. მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს: ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში დავით ციმაკურიძე შესანიშნავი ტანმოვარჯიშე გახლდათ. ტანვარჯიშიდან მოვიდნენ დიდ სპორტში ჭიდაობის ლეგენდა, მსოფლიოს მრავალგზის და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გივი კარტოზია, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გურამ საღარაძე, რომის 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი სიმაღლეზე ხტომაში მძლეოსანი რობერტ შავლაყაძე, მსოფლიოს ჩემპიონი ტრეკზე რბოლაში ომარ ფხაკაძე, ევროპის ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი კრივში დავით კვაჭაძე, ცნობილი ქორეოგრაფი დავით ჯავრიშვილი, ქართული ბალეტის სახელოვანი მოცეკვავე ვახტანგ გუნაშვილი და მრავალი სხვა.

ბატონო ლევან, ჩვენი სათქმელი ამ ღია წერილმა ვერ დაიტია და თუ გამონახავთ დროს და რამდენიმე ჩვენგანს მიგვიღებთ, უფრო დაწვრილებით მოგითხრობთ ქართულ ტანვარჯიშში და მის სახეობებში (აკრობატიკა, მხატვრული ტანვარჯიში, ბატუტი) შექმნილი მდგომარეობის შესახებ.

ჩვენი თხოვნაა, დაგვეხმაროთ დაღუპვის პირას მისული ქართული ტანვარჯიშის გადარჩენაში, რომელიც არსებული ფედერაციის ხელმძღვანელობისა და წევრების მიერ უპატრონოდ არის მიტოვებული და თვითდინებაზეა მიშვებული, წვრთნის არავითარი პროგრამა, უკონტროლობა, უპასუხისმგებლობა.

დღეს საქართველოს ტანვარჯიშის და მისი სახეობების გადასარჩენად საჭიროა ფედერაციის წევრებად და ხელმძღვანელად ავირჩიოთ კეთილსინდისიერი, უპატიოსნესი პროფესიონალები, რომლებიც პირადი კეთილდღეობისთვის კი არა, ქართული ტანვარჯიშის აღორძინებისათვის მუხლჩაუხრელად იშრომებენ, დაიბრუნებენ გასხვისებულ ტანვარჯიშულ დარბაზებს, ჩამოიყვანენ უცხოეთში გაბნეულ ცნობილ ქართველ სპეციალისტებს (ა.კვეტენაძეს, ვ.გოგოლაძეს, ნ.მიქელაძეს, რ.კრასილნიკოვას, ნ.დრონოვას, პ.შამუგიას, ლ.სისაურს, ნ.ღვინიაშვილს და სხვებს), შეუქმნიან შრომის და მატერიალურ პირობებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ტანვარჯიშის აღორძინებას და თანამედროვე მოთხოვნების დანერგვას.

მხოლოდ ასეთი მიდგომა გამოიყვანს კრიზისულ მდგომარეობაში ჩავარდნილ სპორტულ ტანვარჯიშს, აკრობატიკას, მხატვრულ ტანვარჯიშს და ბატუტს. რაც შეეხება ბატუტს, ის ღირსია, თავისი სპორტული ბაზა გააჩნდეს და არ იყოს ტანვარჯიშის დარბაზში შეკედლებული, რაც მათ შედეგებზე უმალ აისახება.

ქართული ტანვარჯიშის ვეტერანების დიდი არმიის სახელით:

1.მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, სსრკ მრავალგზის ჩემპიონი გალინა შარაბიძე
2.სსრკ-ის მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი, სპორტის ოსტატი რევაზ შარაბიძე
3.სსრკ-ის მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი ნოდარ მაკალათია

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონები, სპორტის ოსტატები:
4. ალექსანდრე ნარიმანიძე
5. რობერტ მიქაძე
6. როლანდ კობახიძე
7. ალექსანდრე ფარულავა
8. ნოდარ ფალავანდიშვილი
9. მორეტა ზვიადაძე
10. მედეა სიბაშვილი
11. სოზარ აღნიაშვილი
12. საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე, სპორტის ოსტატი ჯემალ კვანტალიანი
მკითხველის კომენტარები / 1 /
თბილისჰი არსებობს ტუ არა ტანვარჯისჰის სტუდია და სად?გმადლობთ.
keti ketusia
16:47 27-03-2015
0

სიახლეები პოპულარული