სალომე ფაჟავა ბერლინში ჟიურიმ "მის გრან პრიდ" აღიარა

AutoSharing Option
ამას წინათ ისრაელში, მხატვრულად ტანმოვარჯიშეთა მსოფლიო გრან პრიზე ქართველმა სპორტსმენმა სალომე ფაჟავამ ფავორიტებთან პაექრობისას მრავალჭიდში მე-6 ადგილი დაიკავა. ჩვენებურმა მსგავსი შედეგი აჩვენა ბერლინის გრან პრიზე, რომელიც გერმანიის დედაქალაქში გასულ უქმეებზე გაიმართა და სხვადასხვა ქვეყნის 24 წარმომადგენელი ცდიდა ძალებს.

მთავარი ის არის, რომ სალომემ ოთხივე საგნით სტაბილურად იასპარეზა და 18-ქულიან ზღვართან ახლოს იყო: გურზებით 17.600 ქულა მიიღო, რგოლით - 17,650, ბურთით - 17.700, ხოლო ლენტით 17.950 ქულა დაიმსახურა და საკვალიფიკაციო ეტაპზე ამ საგნით მეოთხე ადგილი დაიკავა.

საბოლოოდ იგი 70.900 ქულით, როგორც
აღვნიშნეთ, მეექვსეზე გავიდა. ფაჟავას გაუსწრეს მარგარიტა მამუნმა (რუსეთი, 75.350), მელიტინა სტანიუტამ (ბელორუსი, 72.950), ალექსანდრა სოლდატოვამ (რუსეთი, 72.400), ნეტა რივკინმა (ისრაელი, 71.350) და ვიქტორია ვეინბერგ-ფილანოვსკიმ (ისრაელი, 71.150).

მართალია, სალომემ ოთხივე საგნით ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა, მაგრამ იქ საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა. სამაგიეროდ, ჟიურიმ ტურნირის ფერიებს შორის ქართველი ტანმოვარჯიშე გამოარჩია და ბერლინის "მის გრან პრიდ" დაასახელა.

ახლა სალომე ფაჟავა პირველი ევროპული თამაშებისთვის მოემზადება და აზერბაიჯანის დედაქალაქში 19-21 ივნისს იასპარეზებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული