გაურკვეველი მოლოდინი დამთავრდა

AutoSharing Option
როგორც იქნა, გაურკვეველი მოლოდინი დამთავრდა და ჩვენი ტყვიის მსროლელები წუხელ მოსკოვში გაფრინდნენ შეკრებაზე. შეგახსენებთ წინაისტორიას - ერთობლივი ვარჯიშების ჩატარების იდეა რუსეთის სროლის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ ლისინს ეკუთვნის, რომელიც, პარალელურად, ევროპის რეგიონული კონფედერაციასაც ხელმძღვანელობს. ჩვენებს მასპინძელთა გაურკვეველი ხუშტურების გამო ზუსტად იმ პერიოდში ერევანში დაგეგმილი შეკრება ჩაეშალათ და ეს წინადადება სულზე მისწრება აღმოჩნდა. რუსეთისნაირ ძლიერ გუნდთან ვარჯიში ხომ ნებისმიერისთვის ფრიად სასარგებლოა, არათუ ჩვენებისთვის - აქ ხომ საშეკრებო ხალხი თითზე ჩამოსათვლელია. ფედერაციამ იქ წასასვლელი ფულიც დროულად გამოძებნა, მაგრამ ვიზების საკითხი იმთავითვე საეჭვო
ჩანდა. მოლოდინი გამართლდა - რუსული ფედერაცია ბევრს კი ცდილობდა პრობლემის დროულად მოგვარებას, მაგრამ საქმე მაინც შეყოვნდა. შედეგად, ჩვენებს 14 ივლისს გაფრენა გადაედოთ, მაგრამ მხოლოდ ორი დღით.

მოსკოვში სამნი გაემზავრნენ - მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, ლევან ქადაგიძე და მწვრთნელი ვახტანგ სალუქვაძე. ისინი იქ 25 ივლისის ჩათვლით დარჩებიან, 26-ში სამშობლოში დაბრუნდებიან, 29-ში კი მიუნხენში გაემგზავრებიან მსოფლიოს 50-ე ჩემპიონატზე. მოსკოვური შეკრებაც ამ პრესტიჟული ტურნირისთვის მზადებას ისახავს მიზნად.

პლანეტის პირველობა, რომელიც სპორტის ამ სახეობაში ოლიმპიური ფორმატით, ანუ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება, 30 ივლისს იწყება და 11 აგვისტომდე გასტანს. იქ ამ თბილისურ სამეულს ქუთაისელი ნინო ფანჩულიძეც დაემატება, რომელიც ახალგაზრდა გოგონათა ტურნირში ისვრის - მხოლოდ პნევმატურიდან, უფროსები კი სპორტულშიც მოსინჯავენ ძალებს. ჩვენი გუნდის მთავარი იმედი - ნინო სალუქვაძე 8 და 9 აგვისტოს დადგება ცეცხლის ხაზზე.

მსოფლიოს პირველობა, ტრადიციულად, სალიცენზიოა. მეტიც - სალიცენზიო მარათონი ამ შეჯიბრებით იწყება. მიუნხენში ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის საგზურებს პნევმატურშიც და სპორტული პისტოლეტით სროლაშიც ხუთ-ხუთი საუკეთესო მსროლელი მიიღებს, დანარჩენებს კი შანსი 2011-12 წლებში გასამართ მსოფლიოს თასის ეტაპებზე მიეცემათ. იქაც მხოლოდ ჩემპიონებს, თუმცა, თუ რომელიმე მათგანში უკვე ლიცენზიის მფლობელი მსროლელი გაიმარჯვებს, მაშინ საგზური მომდევნოს გადაეცემა. თუ იმასაც ექნება ეს უფლება მოპოვებული, მაშინ - იმის მომდევნოს და ასე გაგრძელდება ადგილმონაცვლეობის წესით. ბოლოს, შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს თასის ეტაპი სეზონში სულ ოთხჯერ იმართება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული