ჩემამდე არ დადის, რა მოხდა - თამაზ ფუტკარაძე რიოში ქართველი მშვილდოსნების გამოსვლას აფასებს

AutoSharing Option
მშვილდოსან ქალთა ნაკრები წარუმატებლად გამოვიდა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე, რაც ბოლო ორწლიანი წარმატებების ფონზე ცოტა მოულოდნელი იყო. თან ჩვენებს ადრე ასე სუსტად არასოდეს უასპარეზიათ თამაშებზე - მართალია, ოლიმპიურ კვარცხლბეკზე არასოდეს ასულან, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა ევროპელთაგან საუკეთესო შედეგი უჩვენებიათ და ათეულშიც მოხვედრილან.

ბოლო ორი წელიწადია, მათ მიგვაჩვიეს მედლებს დარბაზის თუ ღია მოედნის, ოლიმპიურ თუ არაოლიმპიურ შეჯიბრებებზე, პირადსა თუ გუნდურში: ვერცხლის მედალი ევროპულ თამაშებზე შერეულ წყვილებში, ევროპის გუნდური ვერცხლი ზამთრის თუ ზაფხულის ჩემპიონატებში, იმავე სინჯის მედალი პირადში დარბაზის ევროპირველობაზე, გამარჯვება ევროპის
"დიდ პრიზზე" და სხვა. სეზონში იშვიათად თუ გამოურევდნენ უმედლო ტურნირს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩააგდეს მთავარი სტარტი.

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ჩვენი გუნდის გამოსვლას ნაკრების მთავარი მწვრთნელი თამაზ ფუტკარაძე აფასებს.

Sportall.Ge- როგორ აფასებთ გუნდის გამოსვლას ამ ოლიმპიადაზე?
- უკეთეს გამოსვლას ველოდით და ამისთვის ყველა პირობა იყო შექმნილი, რაც კი სპორტსმენებმა მოითხოვეს - გერმანიაში ჩასვლით და ისრების შერჩევით დამთავრებული. სამწუხაროდ, ასეთი ცუდი გამოსვლა ჯერ არ გვქონია.

- ადაპტაცია კარგად გაიარეს?
- ამის პრობლემა არ ყოფილა, ადაპტაცია ნორმალურად გაიარეს. კლიმატური პირობები ვერ იყო მთლად კარგი, ქარიანი ამინდი იდგა, მაგრამ ეს ყველასთვის ერთია. ამის მიუხედავად, დილით ვაჟებმა მსოფლიოს რეკორდიც კი დაამყარეს. შუადღეზე ქალებმა ზოგადად დაბალი შედეგები აჩვენეს, მაგრამ ჩვენებისგან ასეთ მაჩვენებლებს მაინც არ ველოდი.

რიო დე ჟანეიროში შარშან სატესტო ტურნირზე ადაპტაციის გარეშე ვისროლეთ, მაგრამ გაცილებით უკეთესი შედეგები გვქონდა.

ჩემამდე არ დადის, რა მოხდა, რატომ გამოვიდნენ ასე ცუდად, რატომ არ წაუვიდათ სროლები. მთელი წლის განმავლობაში ამდენ ღონისძიებაში კარგად გამოდიოდნენ, შედეგზე იყვნენ ორიენტირებულები და თავდაჯერებულებიც გახლდნენ, რომ შეეძლოთ წარმატებით გამოსვლა.

- მექსიკასთან როგორი განწყობით გადიოდნენ, ხომ არ ეშინოდათ შესარჩევში ნაჩვენები დაბალი შედეგების გამო?
- მექსიკის გუნდმა მთელი ძალა ჩვენთან დახარჯა და მერე ტაივანთან ძალიან ცუდად ისროლა - 50, 51, 52, ჩვენთან კი 58 ჰქონდათ.

იქ ყველა მეტოქე ძლიერია, მაგრამ ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვიყავით, მეექვსე-მეშვიდეზე ვერ შევდიოდით, მეცხრეზე გასვლა არ გვინდოდა, რადგან მეორე წრეში კორეას ვეჯახებოდით. ამას ისევ XI-XII ადგილები ჯობდა, რადგან შარშან ტესტზე პირველ წრეში იაპონიას მოვუგეთ, მეორეში შევხვდით კორეას, წავაგეთ და მეხუთეზე დავრჩით.

კი, ბრძოლა კორეასთანაც შეიძლება, ისინიც ადამიანები არიან და ყველაფერი ხდება. ახლაც იმათმა ვაჟმა ვოოჯინ კიმიმ მსოფლიოს რეკორდი დაამყარა, მაგრამ პლეი ოფში 33-ე ადგილზე მყოფმა ინდონეზიელმა მსროლელმა გამოაგდო - ოლიმპიადა ხომ დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვაა.

- ახლა რა გეგმები გაქვთ?
- სექტემბერში ბათუმში აჭარის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს ვატარებთ. მერე სომხეთში მივდივართ, ბოლოს კი საქართველოს თასი ჩატარდება თბილისში. შემდეგ ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნებიც ჩატარდება და ვნახოთ, უახლოესი გეგმები კი ასეთია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული