TimeLine: შემოსწრებულების სადღეგრძელო იყოს!

AutoSharing Option
დიდი ხანია, ბრაზილიელებმა 32-კაციანი სუფრა გაშალეს, რომლის შესავსებად მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებები მიიწვიეს.

ზედმეტად პუნქტუალურმა იაპონელებმა პირველებმა ჩააკითხეს მუნდიალის მასპინძლებს - პირველებმა მოიპოვეს ბრაზილიის საგზური.

მათ მიჰყვნენ ირანელები, ესპანელები, გერმანელები და... "სუფრა" 21 ნოემბერს შეივსო: ურუგვაიმ ორი მატჩის ჯამში 5:0 სძლია აზიურ იორდანიას და 32-ე გუნდი აღმოჩნდა მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეთა შორის.

ვიდრე წილისყრა გაიმართება და გუნდები ჯგუფებში განაწილდებიან, კიდევ ერთხელ გადავხედოთ მუნდიალის შესარჩევ ეტაპსა და სამხრეთ ამერიკაში წამსვლელებს.

ალბათ, თქვენც გაინტერესებთ, როგორი მასპინძლობა იციან ბრაზილიელებმა. მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ 32-კაციან
სუფრას არც ხაშლამა აკლია, არც მწვადი, ხინკალი, ჯონჯოლის მწნილი... დოქები კი ისეა გავსებული, რქაწითელი პირიდან წვეთავს...

ასეთ სიტუაციაში კი ტრადიციულ სადღეგრძელოებს გვერდს ვერ ავუვლით. სუფრასთან ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ქართულულვაშიანი ლუიშ ფელიპე სკოლარი რომ გაჩნდეს, როგორ ფიქრობთ, პირველ რიგში, როგორ სადღეგრძელოს იტყვის?

- რა თქმა უნდა, თამადას ადღეგრძელებს, კაი თამადობა გაეწიოსო - მიმართავს კიდევ უფრო ბარაქიანი ულვაშით დამშვენებულ, კიდევ უფრო ჩვენებური იერის ვისენტე დელ ბოსკეს.

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხომ გამოცდილი თამადაა: 2010 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში "გაშლილ" მსოფლიოს ჩემპიონატზეც ბოლომდე შემორჩა (ყველა დაათრო და ჩემპიონი გახდა), 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზეც ღირსეულად გაუძღვა "სუფრასაც" და ესპანეთის ნაკრებსაც.

არც ის არის ძნელი მისახვედრი, რომ ბატონი ვისენტე პირველივე სადღეგრძელოში მშვიდობას ახსენებდა და შორიდან მოუვლიდა:

- მუნდიალის ფესვებს 1930 წელთან მივყავართ. მას მერე ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებები იკრიბებიან და საუკეთესოს სამართლიან ჭიდილში ავლენენ. მუნდიალს ახსოვს მწარე დღეებიც, 1942 და 1946 წლებში მსოფლიოს ჩემპიონატები არ ჩატარდა, სპორტსმენებმა ბურთის ნაცვლად იარაღს მოჰკიდეს ხელი... ჰოდა, მშვიდობას გაუმარჯოს, - ომახიანად წარმოთქვა თამადამ, სუფრის მოპირდაპირე მხარეს მსხდომ ამერიკასა და ირანს გადახედა - ეს სადღეგრძელო ვახტანგურად უნდა დალიოთო.

- არ მელოდით?! - გაჭიმული შემოვიდა კრიშტიანო რონალდო, რომელსაც დიეგო ფორლანი, ჩიჩარიტო, რიბერი, დროგბა, ეტო'ო და სხვები შემოჰყვნენ.

ახალი სადღეგრძელოც დაიბადა - დელ ბოსკემ შემოსწრებულები ადღეგრძელა. პლეი ოფის სისტემით, ყველაზე გვიან მუნდიალის საგზურები გაინაღდეს საფრანგეთმა, ხორვატიამ, საბერძნეთმა, პორტუგალიამ, ურუგვაიმ, მექსიკამ, ნიგერიამ, კამერუნმა, კოტ დივუარმა, განამ და ალჟირმა.

ვინც რონალდოს იცნობს, არც ის გაუკვირდება, ბრაზილიაში შესვლისთანავე დონ ვისენტეს ერთი სადღეგრძელოს უფლება რომ სთხოვა:

- ზლატან იბრაჰიმოვიჩის თამადობით, ვისაც ჩვენ გვერდით ყოფნა გულით უნდოდა და გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოვიდა, ყველას გაუმარჯოს!

ამას მოჰყვება პატარების დღეგრძელობა.

- ყველა პატარა საყვარელია, სან მარინოც, ნაურუც... ჩვენ შორის ბავშვები ამრავლოსო - კი ვამბობთ, მაგრამ აბა, გადავხედოთ, სუფრასთან ისეთმა ხალხმა მოვიყარეთ თავი, მსოფლიოს ჩემპიონატებზე რომ დავბერდით, ერთი ახალბედაც არ გვყავს. არადა, რა ახლოს იყო ბურკინა ფასო მუნდიალზე დებიუტთან! ალჟირთან ორი მატჩის ჯამში 3:3 ითამაშა, მაგრამ საკუთარ მოედანზე გაშვებული მეტი გოლის გამო ბრაზილიაში ვერ ჩამოვიდა.

...და გაჭირვებულები? ეს გამოცდილ თამადა დელ ბოსკეს არასოდეს გამორჩება. ვინ შევა ამ სადღეგრძელოში? რა თქმა უნდა, ის ნაკრებები, რომლებიც ერთხელაც არ მოხვედრილან მსოფლიოს ჩემპიონატზე, წლევანდელ შესარჩევზე საპლეიოფო ზონასაც ვერ მიუახლოვდნენ და მათი თამაშის შემხედვარე, ახლო მომავალშიც ვერ დაინახავ შესარჩევ ჯგუფში თუნდაც მეორე ადგილზე გასვლის პერსპექტივას.

...ოღონდ ვისი თამადობით ვამბობ გაჭირვებულების სადღეგრძელოს, არ მკითხოთ, რადგან ასეთი ჩვენს ჯგუფშიც იყო და გარშემოც ძალიან ბევრია, - დასძინა თამადამ და მცირე პაუზის შემდეგ სამი "ჩ" ახსენა.

დელ ბოსკეს თანამეინახეთა შორის ქართველი რომ ყოფილიყო, სადღეგრძელოს შინაარსს უმალ მიხვდებოდა, ბრაზილიაში ჩასულებმა კი გაკვირვებულებმა შეხედეს სუფრის მესაჭეს. ჩილელმა ალექსის სანჩესმა თანაკლუბელ ლეო მესის გადაულაპარაკა: ერთი "ჩ" გასაგებია - ჩილე, მეორეც გავიგე - ჩემპიონი, მესამე "ჩ" რაღას უნდა ნიშნავდეს?

ბრაზილიის, არგენტინის, იტალიის, გერმანიის და მსოფლიოს ჩემპიონობაზე მოფიქრალი ნაკრებების ქომაგს შესაძლოა, ძალიანაც არ სურს, ესპანელმა მწვრთნელმა კიდევ ერთხელ დაათროს ყველა და "დამკაში" გავიდეს. წინასწარ მართლაც არავინ იცის, მუნდიალზე სადამდე მივა ვისენტე დელ ბოსკე, ერთი კი ცხადია - სუფრას ისე არ დაამთავრებს, სახელოვანი წინაპრების სადღეგრძელო რომ არ თქვას.

ამის სათქმელად ჭიქას რომ მოიმარჯვებს, დიეგო მარადონა და პელე საყელოებს შეისწორებენ. რომლის თამადობით? პასუხი მკითხველისთვის მიგვინდია.

ქართული წესისამებრ დავამთავროთ: ჩვენს მოშლა-არმოშლას გაუმარჯოს! შევხვდებით ზაფხულში, ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ავტორ!ბოსნია არის ახალბედა-მეთქი!რით
ვერ გაიგე?????
alex
10:52 08-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული