ხოხოტის გრან-პრი: ჩინეთში მხოლოდ კობა მჭედლიშვილი გამოვა

AutoSharing Option
დღეს, 30 ივნისს, ჩინეთის ქალაქ ხოხოტში "დიდი პრიზის" მორიგი ტურნირი იწყება, სადაც ერთადერთი მონაწილე გვეყოლება - ახალგაზრდებში მსოფლიოს პრიზიორი კობა მჭედლიშვილი (81).

ჩინეთში ჩვენი ნაკრები არც გეგმავდა წასვლას, რადგან ზუსტად ამ პერიოდში ევროპაში მიდის შეკრებაზე, თუმცა მჭედლიშვილთან ერთად იქ ევროპის სამგზის გამარჯვებული, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანიც (100) უნდა წასულიყო, მაგრამ ნაკრების ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ მისთვის უკეთესი იმ შეკრებაზე ვარჯიში იქნებოდა, ის უფრო მეტს მისცემდა, ვიდრე - ეს შეჯიბრება და ამიტომ ევროპაში წაიყვანეს.

ლიპარტელიანს თითქოს ჩინეთის ვიზის მიღებაც გაუჯანჯლდა,
მაგრამ როგორც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ გვითხრა, ეს მაინც მოგვარებადი პრობლემა იყო, წაუსვლელობის მთავარი მიზეზი კი მზადების უკეთესი გრაფიკი გახლდათ.

ეს ტურნირი კვირას, 2 ივლისს მთავრდება და არც ისე წარმომადგენლობითია - მხოლოდ 226 მონაწილეა დარეგისტრირებული მსოფლიოს 26 ქვეყნიდან. დიდად არც ტიტულოვანი ფალავნების სიმრავლით გამოირჩევა, თუმცა ამ პერიოდში, როცა გუნდები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე გადადიან, შეჯიბრებებში ლიდერთა მონაწილეობა არცაა მოსალოდნელი.

მჭედლიშვილი 1-ელ ივლისს იასპარეზებს და თავდაპირველად მასპინძელ ერიემუბატუს შეხვდება, ამათში მოგებულს კი მომდევნო წრეში არცთუ სუსტი ირანელი საეიდ მოლაე ელოდება. ამავე ჯგუფში გამოვარჩევთ უნგრელ ლასლო ჩოკნიაის, თუმცა მას ჩვენებური მეოთხედფინალამდე არ ხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული