საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ტოკიოში გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ძირითადი ბირთვი პრაღიდან პირდაპირ ტოკიოში გადაფრინდა, სადაც გუნდმა მორიგი საწვრთნელი შეკრება დაიწყო, სამი კი თბილისიდან შეუერთდა მათ.

იაპონიაში პეტერ ზაიზენბახერის განკარგულებაში ბეთქილ შუკვანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე - 60), შალვა ქარდავა, ლაშა შავდათუაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (73), ბექა ღვინიაშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი, ზურაბ ზვიადაური (ორივე - 90), ლომერ ჟორჟოლიანი, ნოდარ მეტრეველი (100), ადამ ოქრუაშვილი, ზვიად ხანჯალიაშვილი, ლევან მატიაშვილი (სამივე - +100) იქნებიან.

საშეკრებოდ შეგულებული კიდევ ორი ფალავანი - ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლევან წიკლაური (ორივე - 81)
პრაღაში მიღებული ტრავმების სამკურნალოდ და გამოსაკვლევად თბილისში დაბრუნდნენ. ჭრიკიშვილმა იქ ხელი იტკინა, წიკლაურმა - ფეხი. მათ ახლა თბილისში გამოიკვლეენ და თუ ტრავმის ხარისხი საშუალებას მისცემთ, იაპონიაშიც წავლენ შეკრებაზე.

ზაიზენბახერის გეგმაში ღვინიაშვილისა და მატიაშვილის წაყვანა არ შედიოდა, რადგან ისინი არ განიხილებიან ოლიმპიადაზე მოხვედრის კანდიდატებად, მაგრამ მომავალზე ზრუნვის საბაბით ეს ფედერაციამ ისურვა, თანხაც გამოძებნა და მწვრთნელიც დაყაბულდა.

ავსტრიელის ვარჯიშის დატვირთვა ან ტრავმირებულებისადმი მისი უნდობლობა რომ ვიცით (შარშან რამდენიმეს არ დაუჯერა და მაინც დააძალა წვრთნა, რამაც ცუდი შედეგი გამოიღო), თავიდან კი შეგვეშინდა, პრაღაში ხელნატკენ ღვინიაშვილს მდგომარეობა არ გაურთულოსო, მაგრამ ფედერაციაში დაგვამშვიდეს.

მათ დაგვაიმედეს, რომ ღვინიაშვილი იქ სხვატათვის სავალდებულო გრაფიკით არ ივარჯიშებს, არც ფიზიკურად დაიტვირთება იმდენად და უფრო სპარინგებზე ივარჯიშებს, რათა იაპონურ ჩავლებას, იქაურ საჭიდაო სტილს შეეჩვიოს. ფედერაციაში ისიც გვითხრეს, რომ პრაღაში მას თითებზე რამე ტრავმული დაზიანება არ მიუღია, უბრალოდ, კუნთები დაეჭიმა და გადაეღალა, რადგან ასეთ დონეზე ჭიდაობას ჯერ შეუჩვეველია.

აქამდე ის თავის თანატოლ ბავშვებთან ჭიდაობა, ახლა კი კაცებთან მოუწია შეხვედრები, რაც ბევრად გაზრდილი დატვირთვაა - ჩავლებაზე ბევრად მეტი ღონე სჭირდება, რასაც მიუჩვეველმა ხელებმა ვერ გაუძლეს. იაპონიაში მისი წაყვანის ძირითადი მიზანიც ესაა - შეეჩვიოს იქაურ სტილს, დატვირთვებს, აითვისოს ის თავისებურებები.

ჩვენები ტოკიოში 20 დღე ივარჯიშებენ, მერე კი სეულში გადავლენ და კიდევ ერთი კვირა იქ დარჩებიან. ცხადია, იაპონიაში დარჩენა ერჩივნათ, მაგრამ იქ თურმე თავისუფალი დარბაზის პრობლემა იდგა ერთობლივ შეკრებაზე ჩამსვლელი სხვა გუნდების სიმრავლის გამო. ამიტომ რაც შუალედი გამოძებნეს, იმ პერიოდში ტოკიოში მოემზადებიან, დანაკლისს კი სეულში აინაზღაურებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული