თბილისის გრან-პრი: წილისყრამ მარგველაშვილსა და ღვინიაშვილს არ გაუმართლა

AutoSharing Option
გაიმართა თბილისის "დიდი პრიზის" წილისყრა ძიუდოში, რომელიც 25-27 მარტს გაიმართება. სამწუხაროდ, იმ წონებში, სადაც ჯერ კიდევ ლიცენზიების მოლოდინში ვართ, კენჭისყრამ ნამდვილად არ გაგვიმართლა - 66-100 ვაჟებში და 52-70 - ქალებში.

66-ში ვაჟა მარგველაშვილი, ვინც სალიცენზიო რეიტინგში მე-20 ადგილზეა, უკრაინელთა ქართველ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ გიორგი ზანთარაიას მეზობლად მოხვდა ჯგუფში - მას მეორე წრეში, მერვედფინალში ხვდება, ანუ წაგების შემთხვევაში სანუგეშო წრეშიც ვერ გადავა. პირველ წრეში მარგველაშვილი საუდის არაბეთის წარმომადგენელ
სულაიმან ჰამადს ხვდება.

დიდად არც ბექა ღვინიაშვილს გაუმართლა 100-ში - პირველ წრეში ყაზახ ვიქტორ დემიანენკოს კი ხვდება, მაგრამ მასთან მოგების შემთხვევაში რუსი ადლან ბისულთანოვი ელოდება, მესამე წრეში კი ერთ-ერთ სავარაუდო მეტოქედ ჩვენებისთვის უხერხული პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა ჰყავს.

52-ში მარიამ ჯანაშვილი ჯგუფში ბრაზილიელ მსოფლიოს ფინალისტ ერიკა მირანდასთან მოხვდა, თუმცა შეღავათი ისაა, რომ მას მეოთხედფინალამდე არ ხვდება, ანუ რომც წააგოს, დამამშვიდებელში გადავა და ბრინჯაოს მოპოვების შანსს მაინც შეინარჩუნებს. თუმცა მისთვის არც მეოთხედფინალამდე მისვლა იქნება იოლი - პირველ წრეში ყაზახ გაუხარ ტურმახანოვას ხვდება, ამათში მოგებულს კი მეორე წრეში ბელორუსი მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი დარია სკრიპნიკი ელოდება. ამავე ჯგუფშია კიდევ ერთი ცნობილი ძიუდოისტი, ესპანელი ევროპის მესამე პრიზიორი ლაურა გომესიც, ოღონდ ის მირანდას მხარესაა.

არც ესტერ სტამს (70) გაუმართლა - მერვედფინალში მონღოლთა აზიის ჩემპიონი აიუშუნ ცენდ ნარანჯარგალი მოდის, მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში კი სავარაუდო მეტოქედ გერმანელ მსოფლიოსა და ევროპის ფინალისტი ლაურა ვარგას-კოჩი ელოდება. პირველ წრეში სტამი ებრაელ ლიორ ვილდიკანის ხვდება. სტამი ფინალამდე ასცდა თავის თანამემამულეებს, ჰოლანდიელ ევროპის სამგზის ჩემპიონ კიმ პოლინგსა და ისრაელში გადასულ ევროპის ფინალისტ ლინდა ბოლდერს.

ჩვენი სხვა ლიდერებიდან ამირან პაპინაშვილი (60) პირველ შეხვედრას მეორე წრეში გამართავს უკრაინელ დენის ბილიჩენკოსა და აზერბაიჯანელ ელბრუს ზამანოვს შორის მოგებულთან. ვფიქრობთ, მას ჯგუფში განსაკუთრებულად ძლიერი მეტოქე არ ჰყავს, ნახევარფინალში კი, შესაძლოა, ყაზახთა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი რუსტამ იბრაევი შეხვდეს, ვისთანაც სამი ორთაბრძოლიდან ბოლო ორი წააგო.

73-ში ურიგო ბადე არ ერგოთ ჩვენს ლიდერებს. რაც მთავარია, ისინი - ევროპის ორგზის ფინალისტი ნუგზარ ტატალაშვილი და ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ბადის სხვადასხვა მხარეს არიან. ისინი მეორე წრიდან ჩაებმებიან ტურნირში - ტატალაშვილი კვიპროსელ ანდრეას კრასასს ხვდება, შავდათუაშვილი - განელ ემანუელ ნარტეას.

ტატალაშვილს მერვედფინალში უზბეკ მირალი შარიპოვს, უკრაინელ სერჰიუ დრებოტსა და რუს ზელიმხან ოზდოევს შორის უმჯობესი დახვდება. ბუნებრივია, მოდუნება არც ამათთან შეიძლება, მაგრამ არც ვარსკვლავები არიან და მათთან წარმატება სავსებით შესაძლებელია. იგივე ითქმის შავდათუაშვილზეც - იმავე ეტაპზე ჩრდილოკორეელ ჩო გვან კიმის და ყაზახ დიდარ ხამზას შორის გამარჯვებული ხვდება.

ნახევარფინალში ტატალაშვილი ჩრდილოკორეელთა მსოფლიოს ფინალისტ კუკ ჰიონ ჰონზე გადის, შავდათუაშვილი - მონღოლთა აზიის ფინალისტ ოდბაიარ განბაატარზე.

81-ში უშანგი მარგიანი მეორე წრეში იჭიდავებს - ყაზახ აზიზ კალკამანულუსა და უნგრელ ატილა უნგვარს შორის მოგებულთან.

ზებედა რეხვიაშვილი პირველივე წრეში ესპანეთის სახელით მოჭიდავე შალვა ყალაბეგაშვილთან იჭიდავებს, მოგების შემთხვევაში კი რუს ივან ვორობიოვს შეხვდება.

90-ში ზვიად გოგოჭური ჯერ იორდანიელ იბრაჰიმ ხალაფს ხვდება, მეორე წრეში კი ბრაზილიელთა მსოფლიოს ექსჩემპიონი და ოლიმპიური ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელი ტიაგო კამილო ელოდება.

პირველ წრეში მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილიც თავისუფალია, მისი მეტოქე კი ესტონელი იუჰან მეტისისა და რუსი ანდრეი ვოლკოვის შეხვედრაში გამოვლინდება.

თბილისის გრან-პრი 2016. განრიგი
25 მარტი
ვაჟები: 60, 66 კგ
ქალები: 48, 52, 57 კგ

26 მარტი
ვაჟები: 73, 81 კგ
ქალები: 63, 70 კგ

27 მარტი
ვაჟები: 90, 100, +100 კგ
ქალები: 78, +78 კგ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბექა ამ სამ შეხვედრას (დემიანენკო, ბისულტანოვი, ფონსეკა) უეჭველი მოიგებს!
მერე ვნახოთ!
0
იაპონია ნაკრები არ ტშამოსულა,არც კორეის.ამათ თუ ვეგარ მოუგეს ვინც ტშამოსულა კარგად გვქონია საქმე
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული