"ბერძენ-რომაელთა" ნაკრები: ვარშავა გაირკვა, ბაქო გაურკვევლობაშია

AutoSharing Option
7-9 ივლისს ვარშავაში ერთბაშად სამი საერთაშორისო ტურნირი ტარდება ჭიდაობის სამივე სახეობაში, თუმცა ჩვენ მხოლოდ ვაჟებში გამოვალთ, ქალებში მონაწილე არ გვეყოლება. ამ ეტაპისთვის მხოლოდ "ბერძენ-რომაელთა" შემადგენლობაზე შეგვიძლია გითხრათ, რადგან თავისუფალი სტილით მოჭიდავეები სომხურ წახკაძორში არიან ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებაზე.

"ბერძენ-რომაელები"  პეტლიასინსკის მემორიალში გამოვლენ. ნაკრების მთავარ მწვრთნელ ბექა როყვას ვარშავაში ძირითადი შემადგენლობა მიჰყავს, თუმცა მათ ნაწილს ამჯერად წონას არ აკლებინებს და ზედა წონაში აჭიდავებს, ზოგიერთი კი ისედაც იცვლის წონას.

მაგალითად, ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (66) ოპერაციით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის მერე გივი კარტოზიას
მემორიალზე 71 კილოგრამით დაბრუნდა და დამაჯერებლადაც გაიმარჯვა. როგორც ბექა როყვამ დაგვიდასტურა, აგვისტოში, პარიზში გასამართავი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ის სწორედ ახალ წონაში, 71-ში მოემზადება. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს არაოლიმპიური წონაა, თუმცა მომავალი სეზონიდან წონითი კატეგორიები იცვლება და კაცმა არ იცის, რა როგორ იქნება.

პოლონეთში ზედა წონებში იჭიდავებენ ევროპის წლევანდელი მესამეპრიზიორი გოგა გოგიბერაშვილი (71) და ნიკოლოზ კელასოვი (85).

"ბერძენ-რომაელები"  ვარშავაში არასრული გუნდით გამოვლენ, რადგან მონაწილე არ გვეყოლება უმჩატეს წონაში, 59 კილოგრამში. აქ ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონ დავით ჩხარტიშვილს უნდა ეჭიდავა, მაგრამ ტრავმა მიიღო, ხოლო წონის პირველი ნომერი და საქართველოს ჩემპიონი ლერი აბულაძე ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც გუშინ დაიწყო დორტმუნდში, თუმცა "ბერძენ-რომაელები" მასში სამიოდ დღეში ჩაებმებიან.

ასევე არ გვეყოლება მონაწილე 66-ში, რადგან გოგიბერაშვილი ზედა წონაში იასპარეზებს.

როყვას პოლონეთში რამდენიმე ახალგაზრდაც მიჰყავს, რომლებიც 23-წლიანთა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან. მათგან ერთი - ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი გელა ბოლქვაძე ასევე ზედა წონაში, 80 კილოგრამში იჭიდავებს, ხოლო ახალგაზრდების კიდევ ერთი მსოფლიოს ჩემპიონი რამაზ ზოიძე თავის წონაში, 71-ში დადგება.

დიდი ალბათობით, აგვისტოში, მსოფლიოს ჩემპიონატზეც ის გუნდი იქნება, რომელიც ამჯერად ვარშავაში იასპარეზებს.

ჩვენებმა ივლისში კიდევ ერთ სოლიდურ ტურნირში უნდა იჭიდაონ, მაგრამ მოულოდნელად მასპინძლებს გეგმები აერიათ, ეს მასპინძელი კი, არც მეტი, არც ნაკლები, აზერბაიჯანია.

იქ ბოლო წლებში "ოქროს დიდი პრიზის" ფინალური ეტაპი ტარდებოდა, რომელიც ჰეიდარ ალიევის სახელობისა გახლდათ. მასში მონაწილეობაც ლიმიტირებული იყო - იწვევდნენ ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიადის მედალოსნებს, თუმცა წლეულს მასპინძლებს, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ფინანსური პრობლემები შექმნიათ. ამიტომ ტურნირს "დიდი პრიზის" სტატუსი ჩამოერთვა და ჭიდაობის გაერთიანებულმა მსოფლიოს ფედერაციამ ყველას დართო მონაწილეობის უფლება, თუმცა აზერბაიჯანის ფედერაცია აცხადებს, რომ ფინანსური პრობლემების გამო დაზუსტებით არ იცის, როდის გაიმართება ეს შეჯიბრება. ამიტომ ვერც ჩვენი მწვრთნელები ამბობენ გადაჭრით, ვის აჭიდავებენ ბაქოში.

ბერძნულ-რომაული ნაკრები
71 კგ. შმაგი ბოლქვაძე, გოგა გოგიბერაშვილი, რამაზ ზოიძე
80 კგ. გელა ბოლქვაძე
85 კგ. რობერტ კობლიაშვილი, ნიკოლოზ კელასოვი
98 კგ. კუკური კირცხალია
130 კგ. ლევან არაბული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დათუნაშვილზე რა ხდება? ხომარ მოირჩინა ჭრილობა?
qomagi
16:50 28-06-2017
0

სიახლეები პოპულარული