ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში: გამოცდები დორტმუნდში

AutoSharing Option
27 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, გერმანულ დორტმუნდში ახალგაზრდა მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ჩვენი გუნდები იქ სრული შემადგენლობებით გამოვლენ, ამჟამად კი ორივე დასკვნით მოსამზადებელ ეტაპს გადის. გუნდების დაკომპლექტებისას მწვრთნელები ძირითადად საქართველოს ჩემპიონატის შედეგებს დაეყრდნენ, თუმცა კანდიდატებმა შემდეგშიც დაამტკიცეს თავიანთი სიძლიერე.

"ბერძენ-რომაელთა"  ნაკრები დასკვნით შეკრებას რუმინეთში გადის და იქიდან წავა გერმანიაში, თავისუფალი სტილის გუნდი კი საქართველოში ემზადება და აქედან გაფრინდება ევროპირველობაზე.

ორივე ნაკრები გერმანიაში საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით იჭიდავებს. თაობათა ცვლის პროცესი გუნდებს კი შეეხო, მაგრამ ბევრი ლიდერი ისევ მწვრთნელთა განკარგულებაშია.

მაგალითად, "ბერძენ-რომაელთა"
 შარშანდელი ოთხი მსოფლიოს ჩემპიონიდან სამი უკვე გადავიდა უფროსებში, მათ ერთი ევროპის ვიცე-ჩემპიონიც მიჰყვა, მაგრამ წლეულს გუნდში მაინც რჩებიან ევროპისა და მსოფლიოს ორ-ორგზის გამარჯვებული, ქუთაისელი ზვიად პატარიძე (120), ხობელი ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს მედალოსანი ნუგზარ წურწუმია (55) და ბორჯომელი თემურ ჭკუასელიძე (84). თუმცა ბოლო ორმა წლეულს წონა შეიცვალა.

ვფიქრობთ, გუნდისთვის დიდი ძალაა ჭაბუკებიდან გადმოსული მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ბრინჯაოსპრიზიორი ლერი აბულაძეც (60), ვინც უკვე უფროსებშიც გახდა საქართველოს ჩემპიონი.

ასაკობრივი "რყევა" "თავისუფლებშიც" გვარიანია - შარშანდელი ევროპირველობის შვიდი მედალოსნიდან ხუთი უკვე გადავიდა უფროსებში, თუმცა ორივე დარჩენილი ნამდვილი "ჯოკერია": მცხეთელთა დუეტი, ევროპის შარშანდელი ფინალისტი გივი მაჭარაშვილი (96) და მესამეპრიზიორი ზურაბ ურთაშვილი (120).

ამ გუნდმაც ძალიან კარგი შევსება მიიღო ჭაბუკებიდან, თუმცა, შესაძლოა, მათ ჯერ ადაპტაცია დასჭირდეთ. ახლანდელი შემადგენლობებიდან ზოგმა წლეულსვე მოასწრო თავის გამოჩენა - 23-წლიანთა ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავეს, სადაც "თავისუფალთაგან" ჩემპიონი მაჭარაშვილი გახდა, ქუთაისელი მირზა სხულუხია (66) კი მესამეზე გავიდა, "ბერძენ-რომაელთა" ამ გუნდიდან კი მხოლოდ პატარიძემ მოიპოვა მედალი, თუმცა მანაც მოულოდნელობა შემოგვთავაზა - რამდენიმე წლის დაუმარცხებელმა საკმაოდ სუსტად იასპარეზა და მესამეზე გავიდა.

ევროპის ექვსდღიანი ჩემპიონატის სამივე ტურნირი ისეა განაწილებული, რომ თითოს ორ-ორი საშეჯიბრო დღე შეხვდეს.

ჩემპიონატს "თავისუფლები" გახსნიან - 27 ივნისს 50, 60, 74 და 96 კგ წონის ფალავნები იჭიდავებენ, 28-ში კი - 55, 66, 84 და 120-ის. 29-30 ივნისი გოგონებს დაეთმობათ (აქ მონაწილე არ გვეყოლება), 1-2 ივლისს კი "ბერძენ-რომაელები" იასპარეზებენ. მათგანაც ჩემპიონატში ჯერ ოთხი წონის ფალავნები ჩაებმებიან - 50, 60, 74 და 96-ის, დანარჩენი ოთხეული 2 ივლისს იჭიდავებს.

თავისუფალთა ნაკრები
50 კგ. გოგა ძიგუა
55 კგ. თეიმურაზ ვანიშვილი
60 კგ. ედემ ბოლქვაძე
66 კგ. მირზა სხულუხია
74 კგ. ნიკოლოზ კენჭაძე
84 კგ. ზაურ ბერაძე
96 კგ. გივი მაჭარაშვილი
120 კგ. ზურაბ ურთაშვილი

ბერძნულ-რომაული ნაკრები
50 კგ. რამაზ სილაგავა
55 კგ. ნუგზარ წურწუმია
60 კგ. ლერი აბულაძე
66 კგ. გიორგი კურტანიძე
74 კგ. ბექა მამუკაშვილი
84 კგ. თემურ ჭკუასელიძე
96 კგ. გიორგი ბარბაქაძე
120 კგ. ზვიად პატარიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სტრიმი იქნება?
სოსო
17:41 20-06-2017
0

სიახლეები პოპულარული