ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკებში: მარიამ კარელიძის ისტორიული მედალი

AutoSharing Option
მაშ, ასე - სარაევოში მიმდინარე ჭაბუკ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ისტორია დაიწერა: გორელმა მარიამ კარელიძემ (40) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი ქალი რაგინდარა ასაკში, ვინც საქართველოს ქალთა ჭიდაობაში პირველი ოფიციალური მედალი მოუტანა.

საერთაშორისო ტურნირებზე ჯილდოები მასაც მოუპოვებია და - თამარ ხოჯაშვილსაც (56), თუმცა პირველხარისხოვან შეჯიბრებებზე ეს პირველი მედალია საქართველოსთვის.

დავით პოღოსიანის შეგირდმა კარელიძემ ამ წარმატებას სათავე ხუთშაბათს დაუდო, როცა მეოთხედფინალში ბელორუსი ვალერია იაკუტა დააწვინა ბეჭებზე, ნახევარფინალში კი 1-1-ზე, ბოლო ქულის წესის გამო დასანანად წააგო ფრანგ იუსტინე ფანი ვიგორუსთან. პარასკევს
კი ქართველმა სპორტსმენმა საკმაოდ იოლად, 8:2 დაამარცხა უკრაინელი მარია კოვალენკო, ვისაც მარცხენა ხელი იდაყვს ქვემოთ... ამპუტირებული ჰქონდა.

თუმცა ამის აღნიშვნით სულაც არ ვაკნინებთ კარელიძის გამარჯვებას. უბრალოდ, ქედს ვიხრით პატარა შეუდრეკელი უკრაინელი გოგოს წინაშე, რომელიც ასეთ მდგომარეობასაც არ უშინდება და ცხოვრების მეგზურად სპორტი, მის მრავალ სახეობათაგან კი საბრძოლო სახეობა ამოირჩია.

კარელიძეს მასთან ილეთები დგომში არც გაუკეთებია, ფეხიდან აყვანით მოიპოვა - 4-ჯერ შეძლო ეს. ამასთან, სულით ძლიერი კოვალენკოც ისე მედგრად იბრძოდა, სულაც არ ეტყობოდა ეს ნაკლი და დასაწყისში ჩვენებურს ჩოქბჯენში აართვა ის ორი ქულა, როცა დატრიალების მცდელობა დაუხურა - კარელიძე მაშინ ბეწვზე გადაურჩა ბეჭებზე დაწვენას, ძლივს გაექცა. თან, გორის ციხესავით უტეხმა გორელმა ამ შეხვედრაშიც ისეთივე შემტევი და ჟინიანი ხასიათი, გამარჯვების დიდი სურვილი გამოავლინა, რითაც წინა პაექრობებშიც გამოირჩა.

ერთი სიტყვით, ისტორიის ათვლა უკვე დავიწყეთ - ქალთა ჭიდაობის ისტორიისა. დიდ შედეგებამდე, უფროსებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის, ოლიმპიადის მოგებამდე ჯერ ძალზე დიდი გზაა, მაგრამ ყამირი გატყდა, გზის გაკვლევა კი დროის საქმეა. ამ პირობებში მედლის მოპოვებაც საგმირო საქმე ჩანდა, ჭიდაობაში იმდენად ცოტა გოგო ვარჯიშობს. მათ აკლიათ სპარინგები, თუმცა მედლის მოპოვება მაინც შეძლეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული