მსოფლიოს ჩემპიონატი. II დღის ანონსი: დღეს ჩვენი ლიდერები გამოვლენ

AutoSharing Option
დღეს, 22 აგვისტოს, პარიზში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, მედლები კიდევ ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდება.

საქართველოს ნაკრებიდან ევროპის მოქმედი ჩემპიონი, თბილისელი ზურაბ დათუნაშვილი (80) და ევროპის ასევე წლევანდელი მესამეპრიზიორები - სამტრედიელი გოგა გოგიბერაშვილი (66) და მცხეთელი ლევან არაბულიც (130) იჭიდავებენ. 59-ში გამოვა თბილისელი ლაშა მარიამიძე.

ასპარეზობა თბილისის დროით 12:00 სთ-დან დაიწყება. გულშემატკივარს შეხვედრების ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეუძლია.

დათუნაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპზე ალჟირელ ბახირ სიდ აზარას შეხვდება, მეორე წრეში გასვლისას კი ხორვატთა ევროპის მესამეპრიზიორ ბოჟო სტარჩევიჩსა და კორეელ ჯუნეიუნგ კიმს შორის
მოგებულს შეხვდება.

ჩვენებურს წილისყრამაც გაუმართლა, რადგან ბადის მეორე მხარესაა რუსთა ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი რომან ვლასოვი, აგრეთვე, აზერბაიჯანელთა ევროპის ჩემპიონი ელვინ მურსალიევი (ესენი პირველსავე ეტაპზე ერთმანეთს ხვდებიან), თუმცა დათუნაშვილს ძლიერი კონკურენტები მაინც არ აკლია: თურქი ევროპის ბოლო ორი პირველობის მესამეპრიზიორი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი აჰმედ ატემი, ირანელი მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი იუსეფ გადერიანი, ქვედა წონიდან გერმანელი ევროპის ჩემპიონი პასკალ ეისელი...

არაბულიც საკვალიფიკაციო ეტაპიდან გაირჯება, სადაც იაპონელი არატა სონოდას ძლევას შეეცდება. მიზნის მიღწევის შემთხვევაში რუსი ვიტალი შჩური ან ეგვიპტელი აბდელატიფ მოჰამედ აჰმედ მოჰამედი დაუპირისპირდება. ბადის ამავე მხარესაა ესტონელთა ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ჰეიკი ნაბი, თუმცა მას ტიტული ორჯერვე სხვისი დისკვალიფიკაციის ხარჯზე გადაეცა.

გოგიბერაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპიდან თავისუფალია, 1-16-ფინალში კი უნგრელი მატიას კრაჟნაი ჰყავს დასამარცხებელი. ამ წყვილიდან გასულის უახლოესი მეტოქე სომეხი კარენ ასლანიანის და ეგვიპტელი აბუჰალიმა მოჰამედ ელსაიდ აბუჰალიმას პაექრობაში გამარჯვებული იქნება.

ჩვენებური ძალიან ძნელ ჯგუფშია: რუსთა ევროპის წლევანდელი გამარჯვებული, მსოფლიოს მედალოსანი არტემ სურკოვი (გოგიბერაშვილი ევროპირველობაზე ამასთან დამარცხდა), კორეელი მსოფლიოს ფინალისტი ჰანსუ რიუ, ძლიერი ამერიკელი ელის კოლემანსი, აზერბაიჯანელი კამრან მამადოვი...

ლაშა მარიამიძე პირველ შეხვედრას უნგრელ ერიკ ტორბასთან ჩაატარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული