ბექა ბურჯანაძე სეზონის ფინიშზე კარგ ფორმაშია. სამწუხარო ისაა, რომ მისი გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა და დღეს, რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი დაკარგა. "ლეიმა კორუნა" მთელი სეზონის განმავლობაში წვალობდა, რამდენიმე რთული მატჩიც მოიგო, მაგრამ 7 მოგება, რომელიც ამ მომენტისთვის გააჩნია, საკმარისი არ აღმოჩნდა.

"ლეიმა კორუნამ" მორიგი მატჩი ბილბაოში, "სურნე ბასკეტთან" 67:79 დათმო და ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ გუნდი უმაღლეს ლიგას დატოვებს. ქართველმა ფორვარდმა თანაგუნდელ ბრენდონ ტეილორთან ერთად შედეგიანად ითამაშა, მაგრამ მათ თანაგუნდელებმა სათანადოდ მხარი ვერ აუბეს.

ბურჯანაძემ სეზონში პირველი ორმაგი დუბლი მიითვალა. ის სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 22 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა, 10 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბექამ 8-დან 4 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.

კორუნელებს 7 მოგების წილ 24 მარცხი აქვთ, ბოლო ადგილზე არიან და დარჩენილ 3 ტურში ვერაფერს ვეღარ შეცვლიან.

GBF.GE