მზადების ახალ ციკლში ეს 20-წლამდელების პირველი შეხვედრა იყო და მიუხედავად სიცივისა, მას ქომაგი მრავლად დაესწრო. მათ შორის 20-წლამდელთა გარჯას აკვირდებოდნენ "ბორჯღალოსანთა" თავკაცები მილტონ ჰეიგი და შერკინების მწვრთნელი ბრედ ჰარისი, ასევე, 18-წლამდელთა სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით და დიდი 10-ის კლუბების რამდენიმე მწვრთნელი.
უმცროსი "ბორჯღალოსნების" მწვრთნელებს შეკრებაზე მყოფი ყველა მოთამაშის საქმეში ხილვა სურდათ და ტაიმები
მეორე ტაიმში ინიციატივას "არმაზი" დაეუფლა და ორი ლელო გაიტანა, თუმცა თავადაც ორი გაუშვა. საბოლოოდ, ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის გუნდმა 6:3 იმარჯვა (საკონტროლო, მართვად მატჩებში ლელოების ოდენობა ითვლება).
მაისურაძეს ამ თამაშმა ბევრი რამ დაანახა და შეცდომების გამოსწორებას, ასევე, არსებულის გაუმჯობესებას შემდეგ სამდღიან შეკრებაზე ეცდება (28-31 იანვარი), შედეგებს კი ფრანგული ტურნეს დროს დააკვირდება, რომლის ფარგლებში უმცროსი "ბორჯღალოსნები" მასპინძელთა 19-წლამდელთა ნაკრებთან ორ თამაშს გამართავენ (11 და 16 თებერვალს).
"თამაშით ნაწილობრივ კმაყოფილი ვარ. გამოჩნდა, რომ შარშან მსოფლიო ჩემპიონატზე ნათამაშებ და ახალ მოთამაშეებს შორის ჯერაც ძალიან დიდი სხვაობაა. ჩვენი მიზანია, რომ ეს სხვაობა მინიმუმამდე დავიყვანოთ. "არმაზთან" პირველი ტაიმი შედარებით უკეთ ჩავატარეთ. დაცვაში და ბურთის მოგების ზონაში კარგად გამოვიყურებოდით. მეტი შეგვიძლია შერკინებაში და დღეს შეცვლაზე შესულმა მოთამაშეებმა ზეწოლა გააძლიერეს. გვექნება ვიდეოგანხილვა და ამის შემდეგ უფრო ბევრი რამ გამოჩნდება.
"სამუშაო პროცესი გრძელდება და თებერვალში ფრანგებთან დაგეგმილი ორი თამაში კიდევ უფრო ბევრ რამეს დაგვანახებს. ლეგიონერებიდან საფრანგეთში გელა აფრასიძე და ლუკა აზარაშვილი ვერ დაგვეხმარებიან. მიმდინარეობს მოლაპარაკება თედო აბჟანდაძის, ლუკა მაჭარაშვილისა და ჯემალ შათირიშვილის შესახებ“ - ამბობს მაისურაძე.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით