U20. "უმცროსი ბორჯღალოსნები" VS სამხრეთი აფრიკა - სტარტი მსოფლიოს ჩემპიონატზე

AutoSharing Option
30 მაისს საფრანგეთში, საქართველოს დროით 20:30 საათზე, "უმცროსი ბორჯღალოსნები" 2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ შეხვედრას გამართავენ. მატჩის ტრანსლაცია - Rugby TV-ზე და World Rugby-ს "ფეისბუქგვერდზე".

ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის შეგირდები პერპინიანში, შარშანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორ სამხრეთ აფრიკას შეხვდებიან. მწვრთნელებმა უკვე შეარჩიეს ის 23 მორაგბე, რომლებიც წლევანდელი ჩემპიონატის გახსნით მატჩში ითამაშებენ.

სასტარტო თხუთმეტეულში ყველაზე მეტი მოთამაშე "ლელო-სარასენსიდანაა" - 5 (კიდევ ორი მარქაფაშია); ძირითადშია ქუთაისის "აიას" 4 მორაგბე; ორი "არმაზიდან" (ორიც მარქაფაშია); ერთი "ჯიქიდან" (4 მარქაფაშია), ხოლო სამი
ლეგიონერია - ორი საფრანგეთიდან და ერთი ინგლისიდან.

სასტარტო შემადგენლობაში 8 ისეთი მოთამაშეა, რომლებმაც 20-წლამდელთა ჩემპიონატში შარშანაც ითამაშეს: გურამ გოგიჩაშვილი, ლევან პაპიძე, ბექა საღინაძე, ლაშა ჯაიანი, თორნიკე ჯალაღონია, არსენ მაჩალაძე, თედო აბჟანდაძე და გელა აფრასიძე. აფრასიძისთვის ეს მესამე მსოფლიოს ჩემპიონატია. კიდევ ორი გამოცდილი - თენგიზ ზამთარაძე და ლუკა დვალიშვილი თადარიგში არიან.

ნაცნობი მეტოქე
"უმცროსი ბორჯღალოსნები" 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ მონაწილეობენ. შარშან და შარშანწინ გუნდმა თითო-თითო თამაში მოიგო, ორივე ჯერზე მე-10 ადგილი დაიკავა და 12-გუნდა ელიტაში ადგილი შეინარჩუნა.

სამხრეთ აფრიკამ გასულ 10-ვე ჩემპიონატში ითამაშა და 8-ჯერ პრიზიორი გახდა. "ჯუნიორ ბოკემ" 2012 წელს ჩემპიონობა იზეიმა, 2014 წელს ვერცხლის მედლებს დაეუფლა, ხოლო 6-ჯერ ბრინჯაოსპრიზიორი გახდა.

"უმცროსი ბორჯღალოსნებისა" და სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელების გზები პირველად შარშან, საქართველოში გამართული ჩემპიონატის მეორე ტურში გადაიკვეთა და სტუმრებმა 38:14 იმარჯვეს.

ამა წლის აპრილში ქართველი 20-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ტურნეზე იმყოფებოდნენ და მეტოქესთან ორი საკონტროლო მატჩი გამართეს. პირველ შეხვედრაში არსენ მაჩალაძემ და ბექა მამუკაშვილმა ლელოები გაიტანეს. თედო აბჟანდაძემ ორივე გარდასახა, თუმცა გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ - 55:14.

მეორე მატჩი ქართველმა მორაგბეებმა უკეთ ჩაატარეს, მრისხანე მეტოქეს 60 წუთი ტოლ-სწორად ეთამაშნენ, თუმცა დასკვნითი წუთები სამხრეთ აფრიკის იყო და თამაშიც მათი გამარჯვებით დასრულდა - 48:23. "უმცროსი ბორჯღალოსნების" ყველა ქულა აბჟანდაძის ანგარიშზეა, რომელმაც 2 ლელო, 2 გარდასახვა და 3 ჯარიმა გაიტანა.

შეგახსენებთ, G ჯგუფში, საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის გარდა, საფრანგეთისა და ირლანდიის ნაკრებები თამაშობენ; A ჯგუფში - ახალი ზელანდია, ავსტრალია, უელსი და იაპონია; ხოლო B ჯგუფში - ინგლისი, შოტლანდია, იტალია და არგენტინა.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ სამი მოწინავე და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის ნახევარფინალში გადიან, დანარჩენი ორი მეორეადგილოსანი და ორი უკეთესი მესამეადგილოსანი მე-5-მე-8 ადგილებისთვის თამაშობენ, ხოლო უარესი მესამეადგილოსანი და სამი აუტსაიდერი მე-9 ადგილისთვის და გაისად ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან.

ელიტას ბოლო, მე-12 გუნდი ემშვიდობება და მის ადგილს "ალაფის" გამარჯვებული იკავებს.

შემადგენლობა:

Sportall.Ge

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს ვასია მაგლაფერიზე მტლად განაგლდა პირველი არხი სპორტს აცვენებდა და ამასაც არ ვაცვენებსდ იდექიტ ხალხნო წყნარად შე უსინდისო რაგბი ოცწლამდელები რატომ არ უნდა აცვენო რა გაგვს ეროვნული უფრო საინტერესო ცინცაზეს გადაცემა
შოთა გუგეშაშვილი
17:23 30-05-2018
0
მიდით ლომებო!!!
მჯერა რომ ყოველ წელს უკეთესი და უკეთესი ნაკრები გვეყოლება.
გიორგი
14:07 30-05-2018
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.