U20. "უმცროსი ბორჯღალოსნები" საფრანგეთთან ორ მატჩს გამართავენ

AutoSharing Option
© Rugby.ge

"უმცროსი ბორჯღალოსნები" 6 და 10 მარტს საფრანგეთის 20-წლამდელთა განვითარებად ნაკრებს "ავჭალის" სტადიონზე ორმატჩიან სპარინგ-სერიაში უმასპინძლებს.

ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის შეგირდები მომავალი შეხვედრებისთვის შეკრებაზე დღეს შევიდნენ და ვარჯიშებს "ავჭალაზე" გამართავენ.

ამ, რიგით მეოთხე შეკრებაზე, თბილისში ფრანგულ კლუბებში მოთამაშე ლეგიონერებიც ჩამოვიდნენ და მწვრთნელებსაც თითქმის ყველა კანდიდატის საქმეში ხილვის შესაძლებლობა ექნებათ. გამონაკლისნი არიან კვაჭი ვანო კარკაძე და მგეზავი თედო აბჟანდაძე, რომლებიც ეროვნულ ნაკრებთან ერთად, რაგბი ევროპის ჩემპიონატის თამაშებისთვის ემზადებიან.

"აქამდე გამართულ შეკრებებს შორის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან საფრანგეთიდან
მოთამაშეთა დიდი ნაწილი ჩამოდის. მხოლოდ კარკაძე და აბჟანდაძე დაგვაკლდებიან, რომლებიც ეროვნულ გუნდთან ერთად ვარჯიშობენ. ამასთანავე, გავმართავთ ორ ყველაზე მნიშვნელოვან ტესტს სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე, რადგან მეტოქედ საფრანგეთის მეორე ნაკრები გვეყოლება. სწორედ ამ შეკრებისა და ტესტების შემდეგ შევარჩევთ იმ მორაგბეებს, რომლებითაც სამხრეთ აფრიკაში გავემგზავრებით" - ამბობს "უმცროსი ბორჯღალოსნების" მწვრთნელი ლადო კილასონია.

Sportall.Ge

4-22 ივნისს არგენტინაში გასამართ 20-წლამდელთა ჩემპიონატამდე, "უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკაში, შარშანდელის მსგავსად, წელსაც ტურნეში მიემგზავრებიან, ახლა კი, შეკრებაზე 40 მოთამაშე შედის, რომლებმაც ვარჯიშებზე უნდა წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, რათა ფრანგების წინააღმდეგ თამაშის შანსი დაიმსახურონ, ხოლო ამ თამაშებით სამხრეთაფრიკულ ტურნეში გამგზავრების შანსი მიიღონ:

"ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ყველა მორაგბე ვათამაშოთ, მაგრამ მათ ჯერ ვარჯიშებზე დავაკვირდებით და ვნახავთ, ვის რა შეუძლია. სწორედ ვარჯიშების მიხედვით გადავწყვეტთ, ვინ მიიღებს მეტ სათამაშო დროს და ვინ ნაკლებს. ლეგიონერები ამ მოსამზადებელ ციკლში ჩვენთან პირველად არიან, თუმცა მათი ნაწილი 20-წლამდელთა შეკრებაზე შარშანაც იყო. ასევე გვაქვს ინფორმაცია კლუბებიდან და ვიდეოჩანაწერებიდან" - ამბობს კილასონია.

ფრანგ 20-წლამდელებს შარშანაც ვეთამაშეთ, როდესაც ჩვენი გუნდი მოსამზადებელ შეკრებაზე "მარკუსიზე" გაემგზავრა. პირველი მატჩის მიწურულს მასპინძლებმა კონტრშეტევა ლელოთი დაასრულეს და 24:19 იმარჯვეს, ხოლო მეორე შეხვედრაში რევანში შედგა და საქართველომ მეტოქეს 14:0 სძლია. კილასონია ვარაუდობს, რომ წელს ფრანგები უფრო ძლიერი შემადგენლობით გვეწვევიან:

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ამ დონის გუნდი ჩამოდის. შარშან ჩვენ "მარკუსიში" ვიყავით, სადაც ფრანგებმა მეორე გუნდი დაგვახვედრეს და მეორე თამაში მოვიგეთ. ფრანგებს არ უყვართ, როცა მათ ვინმე უგებს, განსაკუთრებით, მათსავე მოედანზე და ვფიქრობ, წელს ბევრად უფრო ძლიერი გუნდით ჩამოვლენ. ეს იქნება ის თამაშები, რომლებიც ნათლად დაგვანახებს, სად ვართ და სად გვაქვს მეტი სამუშაო. ჩვენი მიზანია, რომ მოთამაშეებმა 20-წლამდელთა დონეზე საერთაშორისო გამოცდილება მიიღონ, დავხვეწოთ ჩვენი თამაში და სამხრეთაფრიკულ ტურნეში მომზადებულები გავემგზავროთ".

თამაშების დაწყების დრო მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ფრანგები თბილისს ეწვევიან და ამის შესახებ მოგვიანებით გაცნობებთ. ერთი რამის თქმა ახლავე შეიძლება - 10 მარტის შეხვედრა ქუთაისში საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩს არ დაემთხვევა.

შეკრებაზე არიან:
შერკინება:

ნიკა ღვალაძე (გრენობლი, 1), გიორგი ახალაძე (მასი, 1), ლუკა ჭელიძე (ტულონი, 1), გიორგი მენაბდე (ბათუმი, 2), საბა კურატაშვილი (არმაზი, 2), ლუკა ნიორაძე (ჯიქი, 2), გია ხარაიშვილი (რასინგ 92, 3), ზაურ თევდორაშვილი (ანგულემი, 3), ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე, 3), ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო, 4-5), ლუკა გელაშვილი (რუსთავი, 4-5), ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი, 4-5), დავით გვიდიანი (არმაზი, 4-5), ლუკა გელაშვილი (არმია 4-5), გიორგი ნოდია (ყოჩები, 6-7), იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები, 6-7), პაატა ბურჭულაძე (რუსთავი, 6-7), მიხეილ ჩაჩავა (ჯიქი, 6-7), ბექა ყორიაული (ლელო 6-7), კობა კოლოტაური (ლელო, 6-7), საბა ჯღარკავა (ლელო, 6-7), იოანე იაშაღაშვილი (არმაზი, 6, 7, 8), გიგი ლეშკაშელი (აია, 8);

ხაზი:

მიხეილ ალანია (არმაზი, 9), გიორგი მარგალიტაძე (ლელო, 9), ლუკა მანტკავა (არმაზი, 9), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები, 10), დავით გობეჯიშვილი (აია, 10-15), სანდრო მარგიანი (აკადემია, 10), ლაშა ლომიძე (აია, 12), ირაკლი სიმსივე (აია, 12-13), დემურ თაფლაძე (ლელო, 13-14), ზაურ ლუტიძე (ხვამლი, 13), ოთარ ლაშხი (ლელო, 11-14), არჩილ ღონღაძე (აია, 11-14), ზურაბ ქავთარაძე (რუსთავი, 11-14), კოტე მარჯანიშვილი (არმაზი, 11-14), ოთარ ძაგნიძე (აია 11-14), გიორგი მიქანაძე (აკადემია, 15), თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი 11-15).

Sportall.Ge

altსაქართველოს 18 და 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებებმა ამხანაგური მატჩი გამართეს

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.