U20. ახალი ზელანდია, სამხრეთი აფრიკა, შოტლანდია - მსოფლიო ჩემპიონატზე "ბორჯღალოსნების" განრიგი ცნობილია

AutoSharing Option
© ლევან ვერძეული
"მსოფლიო რაგბიმ" 2019 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების საათობრივი განრიგი გამოაქვეყნა და ბილეთების გაყიდვა ოფიციალურად დაიწყო.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" 20-წლამდელთა ჩემპიონატს ზედიზედ მეოთხედ ითამაშებენ. წელს ტურნირს არგენტინის ორი რეგიონი - როსარიო და სანტა-ფე უმასპინძლებს და საქართველო "გ" ჯგუფში სამხრეთ აფრიკის, ახალი ზელანდიისა და შოტლანდიის ნაკრებებთან ითამაშებს.

პირველი მატჩი სანტა-ფეში 4 ივნისს, ტურნირის 6-გზის გამარჯვებულ ახალ ზელანდიასთან საქართველოს დროით 20 საათზე დაიწყება; ოთხ დღეში (8 ივნისი) 2018 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორ სამხრეთ აფრიკას როსარიოში, 17:30 საათზე შევხვდებით; ჯგუფურ ეტაპს 12
ივნისს, ასევე 17:30 საათზე შოტლანდიასთან მატჩით ვასრულებთ და ეს შეხვედრაც როსარიოში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" შარშანდელის მსგავსადაც გაემგზავრებიან აფრიკულ ტურნეში, სადაც სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელებთან რამდენიმე სპარინგს გამართავენ.

"ა" ჯგუფში შარშანდელი ჩემპიონი საფრანგეთი მასპინძელ არგენტინასთან, უელსთან და "ალაფიდან" წელს დაწინაურებულ ფიჯისთან მოხვდა; "ბ" ჯგუფში ინგლისი, ავსტრალია, იტალია და ირლანდია გაერთიანდნენ.

ტურნირის განრიგი სრულად

ჯგუფში საუკეთესოები და ერთიც საუკეთესო მეორეადგილოსანი 17 ივნისს თასის ნახევარფინალში ითამაშებენ, დანარჩენი ორი მეორეადგილოსანი და ორი მოწინავე მესამეადგილოსანი მე-5 ადგილის ნახევარფინალში გადიან, ხოლო უარესი შედეგის მქონე მესამეადგილოსანი და სამივე ჯგუფის მეოთხეადგილოსანი მე-9 ადგილისთვის აგრძელებენ ბრძოლას. ფინალური შეხვედრები 22 ივნისსაა ჩანიშნული და ბოლო, მე-12 ადგილზე გასული გუნდი გაისად "ალაფაზე" დაქვეითდება.

Sportall.Ge

"მსოფლიო რაგბის" ვიცე-პრეზიდენტმა, წარსულში "პუმების" ლეგენდარულმა 9 ნომერმა, აგუსტინ პიშომ განაცხადა:

"20-წლამდელთა ჩემპიონატი უმნიშვნელოვანესი ტურნირია, რომელიც ხელს უწყობს მომავალი ვარსკვლავების აღმოცენებას და განვითარებას, ასევე, ახალგაზრდა მოთამაშეებისა და გულშემატკივრების მოზიდვას. 2019 წლის მსოფლიო თასის მოახლოებასთან ერთად, ახალგაზრდა მორაგბეებს მოტივაციის ნაკლებობა არ ექნებათ, რადგან ეს იქნება მათთვის შანსი, წარმოაჩინონ საკუთარი თავი და იაპონიაში მოხვედრით აიხდინონ ოცნება".

მარსელო როდრიგესი (არგენტინის რაგბის კავშირის პრეზიდენტი):

"ჩვენთვის უდიდესი პატივია ასეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი ტურნირის მასპინძლობა. გვეძლევა შესანიშნავი შესაძლებლობა, მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ დიდი ტურნირების მაღალ დონეზე ორგანიზება შეგვიძლია. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ ეს 20-წლამდელთა ჩემპიონატი იქნება საუკეთესო და ამისათვის გულშემატკივრის მხარდაჭერა გვჭირდება. ისინი მომავალი ვარსკვლავების თამაშებისგან უდიდეს სიამოვნებას მიიღებენ".

20-წლამდელთა ჩემპიონატი პირველად 2008 წელს, უელსში გაიმართა, 2017 წელს კი, მე-10 საიუბილეო ტურნირს საქართველომ (თბილისმა და ქუთაისმა) უმასპინძლა. მას შემდეგ, 20-წლამდელთა ჩემპიონატიდან თავიანთი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებებში 653 მორაგბე დაწინაურდა. ვარაუდობენ, რომ 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე 300-ზე მეტი ისეთი მორაგბე ითამაშებს, რომელთაც სხვადასხვა დროს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე უბურთავიათ.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" პირველ ორ წელს (2016 და 2017 წლები) მეოთხე თამაში მოიგეს და ტურნირი მე-10 ადგილზე დაასრულეს, შარშან კი ბოლო სამ შეხვედრაში მიჯრით იმარჯვეს (ირლანდიასთან, იაპონიასთან და შოტლანდიასთან) და სარეკორდო, მე-9 ადგილს შესწვდნენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი ხორცსაკეპი გველოდება.იმედია პოზიციებს გავიძლიერებთ.
სოსო
20:38 03-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.