U20. სამხრეთ აფრიკის ტურნესთვის "ბორჯღალოსნების" 30-კაციანი განაცხადი ცნობილია

AutoSharing Option
ფოტო: მარიამ გაგნიძე

"უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა სამხრეთაფრიკული ტურნესთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. მასში 16 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა.

ჩვენი გუნდი 4-22 ივნისს არგენტინაში გასამართი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება და სამხრეთაფრიკული ტურნე მისი დასკვნითი ნაწილია. ისევე, როგორც 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, გუნდი 4-4 დღის ინტერვალით სამ თამაშს გამართავს.

მოსამზადებელი ტურნირი ვესთერნ ქეიფში გაიმართება და 9 აპრილს, არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებისა და "ნამიბია XV"-ის (კაცთა გუნდი) მატჩით გაიხსნება, საღამოს კი, "უმცროსი ბორჯღალოსნები" მასპინძელთა 20-წლამდელებს შეხვდებიან. საგულისხმოა, რომ ეს გუნდები 20-წლამდელთა ჩემპიონატზეც ერთ
ჯგუფში არიან. შეხვედრები "პეარლ ჯიმნეზიუმის" სტადიონზე ჩატარდება.

მეორე სათამაშო დღეს, 13 აპრილს, რევენსმიდის "თაიგერბერგ რაგბი ქლაბის" სტადიონზე სამხრეთაფრიკელი ახალგაზრდები ნამიბიელებს, ხოლო "უმცროსი ბორჯღალოსნები" არგენტინელ თანატოლებს ეთამაშებიან. ტურნირის ფინალური თამაშები სტელენბოშში 17 აპრილს, "პოლ როსის" გიმნაზიის სტადიონზე გაიმართება და უმცროსი "ბოკე" არგენტინას, ხოლო ჩვენი გუნდი "ნამიბია XV"-ს შეხვდება.

"უმცროსი ბორჯღალოსნების" 30-კაციან რაზმში ოთხი ლეგიონერია. ამ ეტაპზე გუნდს სამი ლეგიონერი დააკლდა - ვანო კარკაძე, გია ხარაიშვილი და ზაურ თევდორაშვილი. საფრანგეთის 20-წლამდელთა განვითარებად ნაკრებთან მატჩის შემდეგ გუნდს დაემატა თედო აბჟანდაძე, რომელმაც უკანასკნელ 5 თვეში "ბორჯღალოსნებში" 7 კეპის მოხვეჭა მოასწრო.

"რთული გამოცდა გველის. ამ ტურნირის შემდეგ ერთი თავით გავიზრდებით. ძლიერ გუნდებთან თამაში დაგვანახებს იმ შეცდომებს, რომელთა გამოსწორებაზეც შინ დაბრუნების შემდეგ გვექნება სამუშაო და 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის საჭირო ფორმას მაქსიმალურად მივუახლოვდებით. სამხრეთ აფრიკაში შევხვდებით განსხვავებული სტილისა და ტრადიციების გუნდებს. მნიშვნელოვანია, რომ თამაშები ჩემპიონატის მსგავსად ოთხ დღეში ერთხელ იმართება. საინტერესო იქნება ნამიბიის კაცთა გუნდის წინააღმდეგ თამაში. ამ მატჩში განსხვავებული ფიზიკური დატვირთვა გვექნება, რადგან უფროსი მორაგბეების წინააღმდეგ მოგვიწევს გარჯა და ეს ბევრ რამეს დაგვანახებს" - ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე.

შინ დაბრუნების შემდეგ "უმცროსი ბორჯღალოსნები" რამდენიმე დღე დაისვენებენ და მზადებას თბილისში გააგრძელებენ, რის შემდეგაც 20-წლამდელთა ჩემპიონატზე წამსვლელ მორაგბეებს შეარჩევენ.

სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრებიან
შერკინება:
ნიკა ღვალაძე (გრენობლი, 1), გიორგი ახალაძე (მასი, 1), ლუკა ჭელიძე (ტულონი, 1), საბა კურატაშვილი (არმაზი, 2), ლუკა ნიორაძე (ჯიქი, 2), ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე, 3), გეგი მურუსიძე (არმაზი, 3), ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო, 4-5), ლუკა გელაშვილი (ხარები, 4-5), ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი, 4-5), იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები, 6-7), იოანე იაშაღაშვილი (არმაზი, 6, 7, 8), კობა კოლოტაური (ლელო, 6-7), ბექა ყორიაული (ლელო, 6-7), საბა ჯღარკავა (ლელო, 6-7), გიგი ლეშკაშელი (აია, 8);

ხაზი:
მიხეილ ალანია (არმაზი, 9), გიორგი მარგალიტაძე (ლელო, 9), თედო აბჟანდაძე (აია, 10), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები, 10), დავით გობეჯიშვილი (აია, 10-15), სანდრო მარგიანი (აკადემია, 10), ლაშა ლომიძე (აია, 12), ირაკლი სიმსივე (აია, 12-13), დემურ თაფლაძე (ლელო, 13-14), ოთარ ლაშხი (ლელო, 11-14), ზურა ქავთარაძე (ხარები, 11-14), კოტე მარჯანიშვილი (არმაზი, 11-14), ოთარ ძაგნიძე (აია11-14), თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი 11-15).

20 წ. საერთაშორისო სერიის განრიგი. ვესთერნ ქეიფი, სამხრეთი აფრიკა:
9 აპრილი
არგენტინა vs ნამიბია XV
საქართველო vs უმცროსი ბოკე

13 აპრილი
საქართველო vs არგენტინა
უმცროსი ბოკე vs ნამიბია XV

17 აპრილი
საქართველო vs ნამიბია XV
უმცროსი ბოკე vs არგენტინა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.