ასაკობრივი ნაკრები

U20 - შემადგენლობა სერიის დასკვნითი მატჩისთვის

AutoSharing Option
"უმცროსი ბორჯღალოსნები" 3 ივლისს 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის მეოთხე მატჩში ურუგვაის, მესამე ადგილისთვის ერკინებიან.

სტელენბოშში შეხვედრა საქართველოს დროით 13:00 საათზე დაიწყება და ლადო კილასონიას შეგირდები მეორე რაუნდში განცდილი მარცხისთვის (15:20) რევანშის აღებას ეცდებიან.

პირველ ხაზში ადგილი შეინარჩუნა ბურჯმა გიორგი მამაიაშვილმა, ხოლო მეორე ბურჯად ირაკლი აფციაური ბრუნდება, რომელმაც თამაში პირველ რაუნდში, არგენტინასთან დაიწყო. სამხრეთ აფრიკასთან არ უთამაშია და ახლა კვლავ ძირითადშია კვაჭი გიორგი მაისურაძე.

მეორე ხაზში ზედიზედ მეოთხე თამაშს იწყებს გუნდის კაპიტანი ალექსანდრე ბურდული, რომელსაც ამჯერად მესამე ხაზიდან გადმოწეული პაატა გალდავა შეუწყვილდება.

მესამე ხაზში ბრუნდებიან ფლანკერი ბექა გელხვიძე და შემკვრეკი ნიკოლოზ სუთიძე, ხოლო მეორე ფლანკერი კვლავ რატი ზაზაძე იქნება.

შეიცვალა ღერძი, სადაც კოტე იაშვილისა და პეტრე ხუციშვილის დუეტს ვიხილავთ. ცენტრში ბრუნდება თორნიკე კახოიძე, რომელსაც ურუგვაისთან წინა მატჩის მსგავსად გიორგი ჩიქოვანი შეუწყვილდება.

ფრთაზე მეოთხე თამაშს იწყებს შალვა აფციაური, ხოლო მეორე ფრთა ლუკა კვენეტაძეა, რომელიც პირველ ორ მატჩში ძირითადში იყო, სამხრეთ აფრიკასთან კი არ უთამაშია. მესამედაა სასტარტო შემადგენლობაში ფულბეკი გიორგი ნავროზაშვილი.

„20-წლამდელთა მიმართ მეტი მოთმინება გვმართებს და გაისად სულ სხვა შედეგს მივიღებთ“

უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე, რომელიც სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე ეროვნული გუნდის შერკინების მწვრთნელის რანგში გაემგზავრა, 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიაზე ახალგაზრდული ნაკრების მიერ ჩატარებულ თამაშებს გამოეხმაურა.

მან იმ მიზნებზე და მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც სტელენბოშში მეტოქეებზე ერთი და ორი წლით უმცროსები, 2002-2003 წელს დაბადებული მორაგბეები გაემგზავრნენ. მაისურაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება სამომავლოდ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას ემსახურება:

„უკვე ხუთი წელია ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატში ვთამაშობთ, რაც ქართული რაგბისთვის უდიდესი მიღწევაა. აქამდე ვერცერთი ტიერ2-ის ქვეყანა ვერ ახერხებდა ელიტაში ადგილის შენარჩუნებას. ჩვენ ყოველ წელს ვიკავებდით მე-9-მე-10 პოზიციებს, მაგრამ მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით, თამასა ავწიეთ და მომავალ ჩემპიონატებში მიზნად მე-5-მე-6 ადგილისთვის ბრძოლას ვისახავთ. რადგან პანდემიის გამო ტურნირი ორი წელია არ ტარდება, გადავწყვიტეთ სიღრმეებში ჩასვლა, მუშაობა დავიწყეთ უფრო უმცროსი ასაკის მოთამაშეებთან, რათა მოსამზადებლად მეტი დრო გვქონდეს და ჩემპიონატის განახლებამდე ბევრი რამ გავიაროთ“.

„ეს გადაწყვეტილება მიზნიდან გამომდინარე მივიღეთ და მადლობა რაგბის კავშირს, რომ ამის უფლება მოგვცა. სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე სერიაზე ორი წლით უფროსებთან გვიწევს თამაში, შემადგენლობით, რომელთაც აქამდე საერთაშორისო გამოცდილება არ ჰქონიათ. სამაგიეროდ, ისინი აქედანვე ეჩვევიან მაღალ სათამაშო ტემპს და იძენენ ამ დონისთვის საჭირო უნარებს. ეს არის რთული, რისკიანი გზა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ის გაამართლებს. 20-წლამდელთა მიმართ მეტი მოთმინება გვმართებს და გაისად სულ სხვა შედეგი გვექნება“.

U20 საერთაშორისო სერია. სამხრეთ აფრიკა. სტელენბოში
მე-3 ადგილისთვის
საქართველო v ურუგვაი (13:00 საქ. დრო)

საქართველო


ხაზი: 15. გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12. გიორგი ჩიქოვანი (ლელო), 11. ლუკა კვენეტაძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. კოტე იაშვილი (აკადემია);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (ლელო), 2. გიორგი მაისურაძე (ლელო), 3. ირაკლი აფციაური (ლელო), 4. ალექსანდრე ბურდული (ლელო, კაპ.), 5. პაატა გალდავა (აია), 6. ბექა გელხვიძე (ლელო), 7. რატი ზაზაძე (არმაზი), 8. ნიკოლოზ სუთიძე (ლელო).

მარქაფა: 16. გოჩა დიასამიძე (ბათუმი), 17. დავით გველესიანი (ლელო), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლელო), 19. გურამ ღანიაშვილი (ლელო), 20. ლაშა ციხისთავი (ლელო), 21. ლუკა არჩვაძე (ლელო), 22. ლაშა ცხოვრებაძე (რუსთავი), 23. საბა არჩვაძე (ლელო), 24. დავით იმნაძე (იუნკერები), 25. ვაჟა მიქაძე (ლელო), 26. თენგიზ სკამკოჩაშვილი (იუნკერები), 27. გიორგი კურტანიძე (ლელო), 28. ბადრი ციხისთავი (ლელო).

rugby.ge

ასევე დაგაინტერესებთ