ასაკობრივი ნაკრები

U18 - ხუთი ცვლილება ბელგიის წინააღმდეგ

AutoSharing Option
"უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა კალინინგრადში მიმდინარე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

3 ოქტომბერს, 1/4-ფინალში, საქართველომ ჩეხეთს 76:0 სძლია და ნახევარფინალში ბელგიას 6 ოქტომბერს, საქართველოს დროით 21 საათზე ეთამაშება. თავის მხრივ, ბელგიამ მეოთხედფინალში მასპინძელი რუსეთი 21:10 დაამარცხა.

მეტოქის თამაშს "უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბიც დაესწრო. შეტევის მწვრთნელი პაატა მაისურაძე ამბობს, რომ ბელგიას ინდივიდუალურად კარგი შემსრულებლები ჰყავს, რომლებიც უპირატესობას სწრაფ, ხელდახელ თამაშს ანიჭებენ:

„ვცდილობთ, 26-ივე მორაგბეს მივცეთ სათამაშო დრო, რათა ფინალისთვის ოპტიმალური 15-ეული შევარჩიოთ. საბედნიეროდ, ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა. ჩეხეთთან თამაშში
გვქონდა წუნი, რაც ძირითადად ორი მიზეზითაა გამოწვეული. ოფიციალურ თამაშს თან ახლავს წნეხი და გარდა ამისა, აისახა სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა. რაც მთავარია, ვთანხმდებით, რომ მეტის მოლოდინი გვქონდა. გავაკეთეთ ვიდეოანალიზი და მომდევნო მატჩში რადიკალურად უკეთეს თამაშს ველით“.

„რაც შეეხება ბელგიას, ის საკმაოდ სიმპათიური გუნდია. ინდივიდუალურად და ხელდახელ, მათ ბევრად უკეთ ითამაშეს და მოგებაც დაიმსახურეს. იყო მომენტი, როდესაც რუსეთი მოლით ორჯერ შევიდა მეტოქის ჩათვლის მოედანში, მაგრამ ბურთი ვერ დაამიწა, რამაც ბელგიას დამაჯერებლობა შესძინა. ისინი ფრანგულთან მიახლოებულ რაგბის თამაშობენ. გამოვარჩევ 12, 13 და 15 ნომრებს. სწრაფია მათი 9 ნომერი და ასევე დამამახსოვრდა ფერადკანიანი 7 ნომერი ჩაფხუტით“.

"უმცროსი ბორჯღალოსნების" სასტარტო შემადგენლობაში ხუთი ცვლილებაა, რომელთაგან 4 შერკინებაზე მოდის. ბადრი ციხისთავის ნაცვლად მარჯვენა ბურჯად თამაშს ირაკლი აფციაური იწყებს. შერკინების მეორე ხაზში ნიკოლოზ კინწურაშვილის ადგილს გიგი ქურხული დაიკავებს, რომელიც ჩეხეთთან შერკინების შემკვრელი იყო. მესამე ხაზში გამოჩნდნენ რატი ზაზაძე და ნიკოლოზ სუთიძე. ერთი ცვლილებაა ხაზში, სადაც თამაშს დიტო ბერაია იწყებს.

შერკინების მწვრთნელი თორნიკე ბუბუტეიშვილი დარწმუნებულია, რომ ბელგიასთან თამაშის ხარისხი უკეთესი იქნება, ვიდრე ჩეხეთთან იყო:

„უძლიერესი შერკინება გვყავს და მოლოდინიც შესაბამისია. რაც მთავარია, ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა და მაქსიმალურად ვეცდებით, სტატიკურ ფაზებში დომინანტები ვიყოთ. ჩეხეთთან შერკინებამ თავისი კოზირები სრულად არ გამოიყენა და ამას დარჩენილ ორ თამაშში ვიხილავთ. ბელგია ლაღი გუნდია, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს. ჰყავთ ინდივიდუალისტები, რომლებმაც რუსეთს მრავლად შეუქმნეს საფრთხე და შანსებიც მაქსიმალურად გამოიყენეს. შერკინებიდან მათ 7 ნომერს გამოვარჩევ“.

მეორე ნახევარფინალში ესპანეთი პორტუგალიას ეთამაშება. ფინალი 9 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი

ნახევარფინალი. 6 ოქტომბერი
კალინინგრადი. 21:00 საათი

საქართველო – ბელგია


საქართველო

ხაზი: 15. საბა არჩვაძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12. დიტო ბერაია (ლელო), 11. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო, კაპ.), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (ლელო), 2. ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. ნიკა ლომიძე (ხარები), 5. გიგი ქურხული (ვეფხვები), 6. რატი ზაზაძე (არმაზი), 7. ლაშა ციხისთავი (ლელო), 8. ნიკოლოზ სუთიძე (ლელო);

მარქაფა: 16. თორნიკე ბოყოველი (ლელო), 17. ლაშა ფხაკაძე (აია), 18. ბადრი ციხისთავი (ლელო); 19. თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), 20. ნიკოლოზ კინწურაშვილი (ლელო), 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო); 22. ლაშა ცხოვრებაძე (ვეფხვები), 23. ვაჟა მიქაძე (ლელო), 24. ზურაბ ონიანი (არმაზი), 25. დავით იმნაძე (იუნკერები), 26. გიორგი გერგედავა (აია).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, თორნიკე ბუბუტეიშვილი

ფიზმომზადება: გივი ნადარეიშვილი, გიორგი ნადარეიშვილი

ფიზიო: დავით კობახიძე, გურამ ადამია

ვიდეო: ლაშა მჭედლიშვილი

ექიმი:
თეიმურაზ გორგოძე

მენეჯერი: ია ხურცილავა


ასევე დაგაინტერესებთ