ასაკობრივი ნაკრები

U18. უცვლელი შემადგენლობით ფინალში

AutoSharing Option
ხვალ საღამოს, საქართველოს დროით 21 საათზე, "უმცროსი ბორჯღალოსნები" ევროპის ჩემპიონის ტიტულის დასაცავად კალინინგრადში, პორტუგალიასთან იბრძოლებენ.

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეექვსედ თამაშობს. 2015-2017 წლებში საფრანგეთთან მარცხის შემდეგ, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა თასი ზედიზედ ორჯერ აღმართეს – 2018 წელს ფინალში საფრანგეთის (8:3) და 2019 წელს ესპანეთის (20:10) დამარცხებით. 2020 წელს ტურნირი კოვიდ-პანდემიამ ჩაშალა.

წლევანდელ ფინალამდე საქართველომ მეოთხედფინალში ჩეხეთი 76:0, ხოლო ნახევარფინალში ბელგია 37:3 დაამარცხა. პორტუგალიამ ჯერ ნიდერლანდებს მოუგო 26:15, მერე ესპანეთს 31:12.

ნახევარფინალის სასტარტო შემადგენლობა სამწვრთნელო შტაბმა ფინალისთვის უცვლელი დატოვა. მთავარი
მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი ამბობს:

„ჯანმრთელობის მხრივ ნორმალური სიტუაციაა. მცირე დაზიანება აქვს ვაჟა მიქაძეს და პორტუგალიასთან მის თამაშს არ გავრისკავთ. დავაკვირდებით საბა არჩვაძეს. ის მენჯს იტკიებს და გადაწყვეტილებას მოგვიანებით სამედიცინო შტაბთან ერთად მივიღებთ“.

„გავაკეთეთ ვიდეოანალიზი და პორტუგალია ძალიან კარგი გუნდია. ისინი ყოველთვის გამოირჩევიან ბრძოლისუნარიანობით. მათ ესპანეთს თავს მოახვიეს ის თამაში, რაც სურდათ. პორტუგალია ძლიერია კონტრშეტევაზე და ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. გვაქვს კონკრეტული გეგმა და ვნახოთ როგორ შევძლებთ მის მოედანზე გადატანას“.

„ბელგიასთან თამაშის შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა როგორც მწვრთნელს, უფრო მეტი მსურდა. გვქონდა შეცდომები, რაქში რამდენიმე ბურთი დავკარგეთ და მაღალი გვქონდა ჯარიმის მაჩვენებელი, რაც მოუთმენლობის ბრალია. მივიღეთ ორი ყვითელი ბარათი, რასაც ძლიერი გუნდი სხვანაირად გამოიყენებს. სწორედ ამაზე გავამახვილეთ ყურადღება და ვეცდებით ფინალში გამოვასწოროთ“.


ასევე დაგაინტერესებთ