ლადო კილასონია: ბიჭები გეგმას მიჰყვნენ და შედეგიც შესაბამისი დადგა

AutoSharing Option
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ექვსი ერის ზაფხულის სერიების მესამე მატჩში შოტლანდიას 8 ლელო გაუტანა და სარეკორდო სხვაობით, 55:17 დაამარცხა.

20-წლამდელთა დონეზე შოტლანდიას ზედიზედ მესამედ მოვუგეთ, თუმცა ასეთი სხვაობა არასდროს დაფიქსირებულა. 2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს მე-9 ადგილისთვის 39:31 აჯობა, 2019 წელს ჯგუფურ ეტაპზე 17:12, ახლა კი ახალგაზრდა „ნარშავები“ უშანსოდ დატოვა.

საქართველო უპირობოდ დომინირებდა შერკინებაში, რამაც თამაშის ბედი გადაწყვიტა. შოტლანდიელები მე-20 წუთისთვის 12:0 იგებდნენ, მერე კი "ბორჯღალოსნებმა" 8 ლელო გაიტანა. რატი ზაზაძემ და ბექა შვანგირაძემ დუბლი შეასრულეს, ალექსანდრე ქუნთელიამ,
შალვა აფციაურმა, პაატა გალდავამ და ნიკოლოზ ბაბუნაშვილმა კი თითოჯერ გამოიჩინეს თავი.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია შეგირდების გარჯით კმაყოფილი დარჩა:

„ვიცოდით, რომ შოტლანდია აქცენტს სისწრაფესა და გარე სივრცეების გამოყენებაზე გააკეთებდა. ჩვენი გეგმა იყო, თამაში უფრო ფიზიკური და ფაზური ყოფილიყო. თამაში მეტოქის გეგმის მიხედვით დაიწყო და ორი ლელო მივიღეთ. ჩვენთვის, მწვრთნელებისთვის, სასიამოვნო იყო, რომ ბიჭები პანიკაში არ ჩავარდნენ და ჩამორჩენის მიუხედავად, თამაში სწორად წაიყვანეს, დასახულ გეგმას დაუბრუნდნენ და შედეგიც შესაბამისი დადგა“.

„საწყის წუთებში ტექნიკური წუნი გვქონდა და ბურთს ვერ ვაკონტროლებდით. ჩვენი მიზანი იყო, რომ შოტლანდიას ბურთი მხოლოდ კონკრეტულ ადგილებში, ისე ჰქონოდა, როგორც ჩვენ გვინდოდა“.

ექვსი ერის ზაფხულის სერიების ჯგუფურ ეტაპზე შოტლანდიამ უელსთან 30 (15:45), ხოლო იტალიასთან 20 (14:34) ქულა დათმო. საქართველომ მას ყველაზე დიდი სხვაობით, 38 ქულით მოუგო. გარდა ამისა, "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" უკეთ ითამაშა ჯგუფის მეტოქეებთან – იტალიასთან 19:36 და უელსთან 24:30.

„ამ ტურნირზე სამი განსხვავებული თამაში ჩავატარეთ, რაც მწვრთნელებისთვის ძალიან სასიამოვნო იყო. იტალია კარგად დაგვიხვდა იმ ადგილებში, სადაც ძლიერები ვართ. ამ შემთხვევაში დავიწყეთ გახსნილი, ხელით თამაში, რაც კარგად გამოგვივიდა. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული თამაშებისთვის სტილის შეცვლა შეგვიძლია“.

„რაც შეეხება ფეხით თამაშს, შოტლანდიასთან ნაკლები დარტყმა განვახორციელეთ და ხარისხიც უკეთესი იყო. იმ ზონებში ვურტყამდით, სადაც გვსურდა და კარგად იმუშავა ახურვამ. კარგ ახურვას შეუძლია საშუალო დარტყმა კარგად აქციოს და კარგი დარტყმა ძალიან კარგად. პატარ-პატარა დეტალები გვქონდა გასამართი, რაზეც ვიმუშავეთ და ბიჭებმა დავალება კარგად შეასრულეს“ – ამბობს კილასონია.

12 ივლისს "უმცროს ბორჯღალოსნებს" ტურნირის დასკვნითი შეხვედრა ელის, რომელშიც "ა" ჯგუფის მესამეადგილოსან საფრანგეთს მე-5 (ტურნირში) ადგილისთვის ერკინებიან.

„საფრანგეთი სწრაფი გუნდია და ძალისმიერი თამაშიც შეუძლია. ის ყველაზე კარგად გვიცნობს, თუმცა ჩვენი ბიჭებისთვის მათ წინააღმდეგ თამაში ორმაგი მოტივაციაა. ვნახავთ მეტოქის შეხვედრებს, გვექნება ვიდეოანალიზი და ვეცდებით, იდეალური გეგმა შევიმუშაოთ“.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
პატივცემულო კილასონია, ერთ რჩევას მოგცემთ – თამაშს როდესაც იგებთ, ბურთი აუტში გადააგდეთ მატჩის თუ ტაიმის გასული დროის შემდეგ!
....
08 ივლისი 2022 16:43
0
ახლა უნდა ამათ მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელი რომ უფრო სწორი გამართული თანამედროვე რაგბი გუნდურად და ინდივიდუალურად გამართულად დალაგებულად ათამაშოს უდიდესი მადლობა კილასონიას მთლიან სტაფს მაგრამ აშკარაა რომ ეს მათი ზღვარია.ფედერაციაა ბევრჯერ დააგვიანეთ ეხლა მაინც გამოიფხიზლეთ რატო არ გინდათ უკეთესი ნაკრები გვყავდეს კეთილი ინებეთ და მოიყვანეთ ძლიერი გამოცდილი სპეციალისტი.
კახა
08 ივლისი 2022 01:54
2
ბიუჯეტი უძირო არ არის.7 კაცა რაგბს და ქალთა რაგბსაც არ ჰყოფნის.ძლიერი მწვრთნელის მოყვანას კი,იმდენი დასჭირდება,სხვა ყველაფერზე უარი უნდა ვთქვათ და თან,ეფექტიც ხანმოკლე იქნება.ფული იქ უნდა წავიდეს,სადაც ხანგრძლივ დივიდენდებს მოგვცემს.კერძოდ ბავშვთა რაგბში,მწვრთნელთა გადამზადებასა და სარაგბო ინფრასტრუქტურის გაზრდაში.ღმერთმა ქნას,7 კაცა რაგბის განვითარებისათვის გამოვნახოთ სახსრები და ჩემპიონატები ჩავატაროთ.სწორედ იქიდან წამოსული კადრები ხდებიან, საუკეთესო უკანა ხაზელები.სისწრაფით,სიცქვიტით და ხელით კარგი თამაშით.თუ ეს გვექნება და ხელით კარგად ვითამაშებთ,ადგილობრივი მწვრთნელებიც შესძლებენ უკეთესი თამაშის ჩვენებას,თორემ მილტონ ჰეიგი კარგი მწვრთნელი იყო და ზელანდიურ სტილზე გადაყვანა დაავალეს,მაგრამ არაფერი გამოუვიდა და ნაკრებს ისევ ძველებურ,ძალისმიერ რაგბის ათამაშებდა,თუმცა უფრო უკეთ,ვიდრე წინამორბედების დროს.სათამაში სტილის შეცვლა,მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი,თუ მორაგბე შესაბამის უნარებს ფლობს და შეჩვეულია ასე თამაშს.ესე იგი ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ხელით კარგად თამაში.ამას ნაკრების ვერც ერთი მწვრთნელი ვერ შესძლებს,რაც გინდა ხელფასი მისცე.ბავშვთა მწვრთნელებმა უნდა ასწავლონ
სოსო
08 ივლისი 2022 13:26
3
კარგი სურვილია და დარწმუნებული ვარ, რომ არავინ უარს არ იტყვის თუ ამ მიზნით დაფინანსებას მოუზიდავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა დააკლონ შიდა ჩემპიონატს, ბავშვთა რაგბს, ინფრასტრუქტულ პროექტებს,. გვიღირს?
დათო
08 ივლისი 2022 08:45
3

ასევე დაგაინტერესებთ