ასაკობრივი ნაკრები

U18 ევროპის ჩემპიონატი | 12 ლელო ჩეხეთთან

AutoSharing Option
საქართველოში მიმდინარე 2022 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ფავორიტების გამარჯვებებით დაიწყო. საქართველომ, ესპანეთმა და პორტუგალიამ 1/4-ფინალურ ეტაპზე დიდი სხვაობებით გაიმარჯვეს. თასის ნახევარფინალშია ბელგიაც, რომელიც 5 ოქტომბერს უმცროს ბორჯღალოსნებს „რაგბი პლატოზე“, 16:15 საათზე შეხვდება.

1/4-ფინალში ბელგიამ ნიდერლანდები 23:13 დაამარცხა. ეს იყო ყველაზე თანაბარი შეხვედრა ევროპის ჩემპიონატის პირველ სათამაშო დღეს. მანამდე პორტუგალიამ გერმანიას „რაგბი პლატოზე“ 52:3, ხოლო ესპანეთმა რუმინეთს „ხარები არენაზე“ 102:0 სძლია.

ევროპის სამგზის ჩემპიონმა საქართველომ ტიტულის დაცვა რუსთავში, ჩეხეთთან მატჩით დაიწყო. რადგან ამ ბიჭების უმრავლესობას საერთაშორისო თამაშების გამოცდილება თითქმის არ აქვთ,
შეხვედრის საწყის წუთებში ნერვიულობა იგრძნობოდა, რასაც თან ახლდა არასწორი გადაწყვეტილებები და ტექნიკური წუნი. დროთა განმავლობაში ხარვეზები გამოსწორდა და ეს ანგარიშზეც აისახა.

პირველი ლელო მე-7 წუთზე ტატო ბურთიკაშვილმა გაიტანა. ბურთი მარცხენა ფრთაზე მესამედ ჩათამაშდა, ტატომ ის სისწრაფეში მიიღო და ვერავინ შეაჩერა. მე-13 წუთზე ქართველმა მორაგბეებმა 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი ააგორეს და შოთა ხელაძემ მეორე ლელო მიითვალა. მე-19 წუთზე ხელდახელ შეტევას თითქოს ტემპი აკლდა, თუმცა კახა შეყილაძემ მაინც იპოვნა სივრცე, მასზე პირველი ბოჭვა გაცუდდა და ანგარიში 19:0 გახდა.

24-ე წუთზე ლუკა კეშელავა ფინტებით დაუძვრა რამდენიმე მცველს და ოფლოუდით ბუთიკაშვილს დუბლი შეასრულებინა. გარკვეული დროით სტუმრებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს, ფაზებიც გადააბეს და ჩვენს 22-საც მოადგნენ, მაგრამ იქ ბურთი დაკარგეს. ლუკა ხორბალაძე კონტრშეტევაზე დაიძრა, გზად ორი მცველი ჩამოიცილა და 90-მეტრიანი ლელო გაიტანა. ტაიმის ბოლოს ხელდახელ შეტევა კვლავ ჩვენი 22-ის მისადგომებიდან დავიწყეთ, მარცხენა ფრთაზე ბუთიკაშვილი გაიქცა და 50-მეტრიანი რეიდი მესამე ლელოთი დაასრულა. ლუკა ცირეკიძემ სამი გარდასახა და 36:0.

მეორე ტაიმის დასაწყისში კარის წინ დანიშნული შერკინებიდან ბურთი გიორგი ხაინდრავაზე გავიდა და მისი გამჩერებელი აღარავინ იყო. გარდასახვა გელა ხელაძემ შეასრულა. 42-ე წუთზე ჯაბა ოდიშარიამ კარის წინ გაჭრა ხაზი და 5 წუთის ინტერვალით ხაინდრავას მეორე ლელო გაატანინა. ერთ წუთში გიორგი გერგედავამ გაჭრა ხაზი და ამჯერად ლელო თამაზ ჭამიაშვილმა მიითვალა.

მეორე ტაიმის შუაში სწრაფი ხელდახელ შეტევა მარჯვენა ფრთაზე ზურა ნინიძის ლელოთი დასრულდა, რომელმაც ბოლო მცველს ფინტებით აურია თავგზა. მე-60 წუთზე ნინიძემდე კიდევ ერთხელ ჩათამაშდა ბურთი, მანაც ფრთაზე გაინავარდა და მეორე ლელო გაიტანა. შეხვედრის მიწურულს ზურა ხორბალაძემ თავისი მეორე, ხოლო გუნდის მე-12 ლელო გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 76:0

„შეცვლები მაქსიმალურად გამოვიყენეთ, რათა რაც შეიძლება მეტ მოთამაშეს მიეღო საერთაშორისო გამოცდილება. გვქონდა შეცდომები, რომელთა გამოსწორებაზე ნახევარფინალმდე ვიმუშავებთ. ეს პირველი თამაში იყო, ბიჭები ნერვიულობდნენ და განსაკუთრებით პირველ ტაიმში, ამან ჩვენს თამაშს საკუთარი კვალი დაატყო. ასევე გვყავს დაშავებულები, რომელთაც დავაკვირდებით და მოგვიანებით გვეცოდინება მათი დაზიანებების ხარისხი“ – თქვა ნამატჩევს უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ამონაშვილმა.

18-წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატი. 1/4-ფინალი
2 ოქტომბერი. რუსთავი. „ხარები არენა“
საქართველო – ჩეხეთი 76:0
საქართველო
ხაზი:
15. ლუკა ცირეკიძე, 14. ზურა ნინიძე, 13. ლუკა კეშელავა, 12. გიორგი ხაინდრავა, 11. ტატო ბურთიკაშვილი, 10. გელა ხელაძე, 9. ლადო ტყაბლაძე;

შერკინება: 1. ლუკა კოტორაშვილი, 2. შოთა ხელაძე, 3. გიგა თუთისანი, 4. კახა შეყილაძე, 5. ჯაბა ოდიშარია, 6. ნიკა აბესაძე, 7. გიორგი გერგედავა (კაპ.), 8. ანდრო დვალი.

მარქაფა: 16. მიხეილ ხახუბია, 17. გიორგი მჭედლიშვილი, 18. დავით მჭედლიძე, 19. თორნიკე ღანიაშვილი, 20. თამაზ ჭამიაშვილი; 21. ალექსანდრე ჯიღაური, 22. ლუკა ჭინჭარაული, 23. ნუგზარ ქევხიშვილი, 24. ლუკა კობაური, 25. ლუკა ხორბალაძე, 26. ნიკა ლომიძე.

მთავარი მწვრთნელი: ზურა ამონაშვილი

Rugby.ge