ასაკობრივი ნაკრები

საფრანგეთი და ინგლისი საქართველოსთან 4 თამაშს გამართავენ - ინგლისში ვიზიტის შედეგი

AutoSharing Option
ინგლისისა და საფრანგეთის ძირითადი შემადგენლობის ახალგაზრდული ნაკრებები "უმცროს ბორჯღალოსნებთან" (20 წ.) 4 თამაშს გამართავენ, რაც მსოფლიო ჩემპიონატის წინ ძალიან მნიშვნელოვანია. თამაშები მაისსა და ივნისში გაიმართება, საფრანგეთთან - საფრანგეთში, ინგლისთან კი – საქართველოში.

იოსებ ტყემელაძე – საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი: “ძირითად ახალგაზრდულ ნაკრებებთან თამაშები პირველია, რაშიც განსაკუთრებული დახმარება ინგლისის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა ბილ სვინიმ გაგვიწია, მადლობა მას, – საფრანგეთთან და ინგლისთან ორ-ორი შეხვედრა გვექნება და ეს 4 თამაში ჩვენს ახალგაზრდა მორაგბეებს მსოფლიო ჩემპიონატის წინ მომზადებაში ძალიან დაეხმარება; ახალგაზრდული ნაკრების გაძლიერება რაგბის
კავშირის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამას ჩვენ დიდ ძალისხმევას ვახმართ. საფრანგეთი და ინგლისიც სატესტო მატჩებისთვის ნაკრების სურვილით შეირჩა. საუკეთესო სტრატეგიის შესამუშავებლად ბრიტანეთში წამყვან საკონსალტინგო კომპანიებსაც შევხვდით”.

ქართული რაგბისთვის სასიხარულო ამბით საქართველოს რაგბის კავშირის დელეგაცია ინგლისიდან ამ დღეებში დაბრუნდა. ვიზიტი "6 ერის", მსოფლიო რაგბის, ევროპის პროფესიონალური საკლუბო რაგბისა (EPCR) და "6 ერის" წევრ ფედერაციათა მიწვევით შედგა და ერთ კვირას გაგრძელდა.

თორნიკე გოგებაშვილი – საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი: “თითოეულ მასპინძელთან საუბრის მთავარი თემა საქართველოს ეროვნული და 20-წლამდელთა ნაკრები გუნდების, ასევე 18-წლამდელთა ნაკრებისა და ქართული ფრანჩიზის “შავი ლომის” უმაღლესი დონის საერთაშორისო ასპარეზობებში ჩართვა იყო და ყველა ამ თემაზე მასპინძელმა მხარემ თანხმობა და ხელშეწყობის სურვილი გამოთქვა. საფრანგეთისა და ინგლისის ძირითად ახალგაზრდულ ნაკრებებთან მატჩების ჩანიშვნა ამის დასტურია. გვაქვს სასიხარულო სიახლე 18-წლამდელთა და “შავი ლომის” მიმართულებითაც, რასაც გულშემატკივარიც მალე შეიტყობს”.

Sportall.Ge

იოსებ ტყემალაძე: “2023 წლის მსოფლიო თასის და 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის წელია და მორაგბეთა უკეთ მოსამზადებლად უმაღლესი დონის გუნდებთან მათი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. სასიხარულოა, რომ ყველა დონის სარაგბო სტრუქტურაში ასეთ პერსპექტივას ცალსახად მიესალმებიან. აშკარაა, რომ საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელმა ისტორიულმა გამარჯვებებმა და რაგბის კავშირის პროგრესულმა სისტემურმა რეფორმირებამ დღის წესრიგში ქართული რაგბის მსოფლიო როლის გადახედვა დააყენა”.

სარაგბო მოლაპარაკებების გარდა, ქართული დელეგაცია ქალაქ რაგბიშიც მიიწვიეს, საიდანაც სპორტის ეს სახეობა იღებს სახელს. რაგბიში ქართულ დელეგაციას საქართველოს ელჩი სოფიო ქაცარავაც ახლდა, მასპინძლობა კი პარლამენტარმა მარკ ჰაუსმა გაუწია. დაათვალიერეს რაგბის სკოლა და ვებ-ელის რაგბის მუზეუმი, სადაც რაგბის ისტორიულ ექსპონატებს შორის ქართული ლელო ბურთიც არის წარმოდგენილი და რაგბის მსგავსი უძველესი ქართული თამაშის შესახებ ინფორმაციაც; ვიზიტმა მოიცვა სტუმრობაც ლიდსის ცნობილ ბექეთ უნივერსიტეტსა და კარნეგის სპორტის სკოლაში, რომელიც ბრიტანეთში სპორტის სფეროში კვლევების წამყვანი ინსტიტუტია.

ქართულ დელეგაციას რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე და აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე გოგებაშვილი ხელმძღვანელობდნენ. შემადგენლობაში იყვნენ ნიკა ალავიძე - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი, რიჩი დიქსონი - მაღალი მიღწევების კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან ღვაბერიძე - საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი და გია ნიჟარაძე - საქართველოს წარმომადგენელი მსოფლიო რაგბიში.

ასევე დაგაინტერესებთ