ასაკობრივი ნაკრები

ლადო კილასონია: საფრანგეთთან და ინგლისთან თამაშები კარგი შესაძლებლობაა

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატამდე, რომელსაც სამხრეთი აფრიკა 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს, "უმცროსი ბორჯღალოსნები" საფრანგეთისა და ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.

მნიშვნელოვანია, რომ როგორც ფრანგები, ასევე ინგლისელები, საქართველოს უძლიერესი შემადგენლობებით დაუპირისპირდებიან. "უმცროსი ბორჯღალოსნები" ფრანგებს სტუმრად მაისში ერკინება, ინგლისი კი ივნისში საქართველოში გვეწვევა.

„საქართველოს რაგბის კავშირმა კარგად იმუშავა და მოსამზადებელ ეტაპზე საფრანგეთთან და ინგლისთან უმნიშვნელოვანესი თამაშები გაგვიხერხა. ფრანგებიც და ინგლისელებიც ნაკრების მოთამაშეებს დიდი რაოდენობის მორაგბეებისგან ირჩევენ და ყოველთვის ძლიერი გუნდები ჰყავთ. სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე მათთან თამაში ჩვენთვის კარგი შესაძლებლობაა. მნიშვნელოვანია,
რომ საფრანგეთში ლეგიონერებიც შემოგვიერთდებიან. ვიცხოვრებთ და ვივარჯიშებთ „მარკუსის“ ცნობილ ბაზაზე, რომელიც სარაგბო მექაა. ფრანგებთან, თამაშის გარდა, ერთობლივი ვარჯიშიც უნდა გვქონდეს, ივნისში კი საქართველოში ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრები ჩამოდის, რაც ძალიან მაგარი ამბავია“, – განაცხადა "უმცროსი ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გუნდმა 10-დან 22 თებერვლის ჩათვლით თბილისში, „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე გაიარა, მორიგი შეკრება კი აპრილის პირველ რიცხვებში დაიწყება:

„თებერვლის შეკრებაზე ლეგიონერებიც გვყავდა, რომლებიც ამ ფორმაციის 20-წლამდელთა ნაკრებში მრავლად არიან. ამ პერიოდში საფრანგეთის ესპუართა ლიგაში დასვენება იყო და თითქმის ყველა მორაგბემ შეძლო ჩამოსვლა. დაგვაკლდა სერგი აბრამიშვილი, რომელიც ეროვნულ გუნდში იყო გამოძახებული, ასევე - ლაშა ფხაკაძე და ირაკლი აფციაური, რომლებიც ამ პერიოდში პრო დე2-ის კაცთა გუნდებში იყვნენ დაკავებული. შეკრება მნიშვნელოვანი იყო გუნდის შესაკრავად და ის ნაყოფიერი გამოდგა“.

„რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მარტში მორაგბეები კლუბების განკარგულებაში იქნებიან, 4 აპრილიდან კი დიდი შეკრება იწყება, რომელიც დატვირთული იქნება სხვადასხვა ინტენსივობის ვარჯიშებით, დასვენებით და ის 14 მაისამდე გასტანს“.

Rugby.ge

ასევე დაგაინტერესებთ