20 წ. | ლადო კილასონია – იგრძნობა სურვილი, გავხდეთ უკეთესები

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკაში გასამართ 2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე "უმცროსი ბორჯღალოსნების" პირველ თამაშამდე 4 დღე დარჩა.

მიჯრით მეექვსე 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ჩვენი გუნდი პირველ შეხვედრას 29 ივნისს, საქართველოს დროით 18:30 საათზე ქეიფთაუნში, „ეთლონ სპორტ სთედიუმზე“ ავსტრალიასთან გამართავს.

ლადო კილასონიას შეგირდები უკვე რამდენიმე დღეა სამხრეთ აფრიკაში იმყოფებიან და მომავალი შეხვედრებისთვის ემზადებიან:

„სამხრეთ აფრიკაში ძალიან კარგად დაგვხვდნენ და სავარჯიშოდაც კარგი პირობები გვაქვს. ისევ იმ მოედანზე ვემზადებით, სადაც შარშანდელი ჩემპიონატისთვის ვვარჯიშობდით. აქ ჩამოსვლის შემდეგ გვქონდა სამი ვარჯიში, დღეს (25 ივნისს) ვისვენებთ და ხვალიდან გავაგრძელებთ
მზადებს. ყოველდღიურად ვხვეწთ იმ გეგმას, რომლითაც ავსტრალიის წინააღმდეგ ვაპირებთ თამაშს. მთელი გუნდის მუშაობით კმაყოფილი ვარ. ვარჯიშებზე ყველა ბოლომდე იხარჯება და იგრძნობა სურვილი – ყოველდღიურად გავხდეთ უკეთესები, დანარჩენს კი უშუალოდ თამაშები დაგვანახებს“.

გუნდთან ერთად არიან ლეგიონერები – გუნდის კაპიტანი ნიკა ლომიძე (ბეიონი), ლუკა ხორბალაძე (ლიონი) და ლუკა კოტორაშვილი (მონპელიე), რომლებსაც კლუბებთან ვალდებულებები ჰქონდათ და "უმცროს ბორჯღალოსნებს" სამხრეთ აფრიკაში შეუერთდნენ:

„წინა ჩემპიონატის შემდეგ ჩვენი სათამაშო სქემა დიდად არ შეცვლილა და ბიჭებს გუნდთან ადაპტაცია არ უნდა გაუჭირდეთ. რა თქმა უნდა, არის პატარ-პატარა ცვლილებები დეტალებში, მაგრამ საერთო სურათი იგივეა. გუნდთან ერთად მათ უკვე ჩაატარეს რამდენიმე ვარჯიში. მთლიანობაში, შემადგენლობაში 10 ისეთი მორაგბეა, რომლებმაც გამოცდილება შარშანდელ ჩემპიონატზე მიიღეს და ეს ძალიან კარგია. ასაკობრივი ნაკრების მომზადებისას ეს ნაცადი ხერხია, რომელმაც დროს გაუძლო. ამ ბიჭებმა უკვე იციან რას უნდა ელოდნონ და გამოცდილებას უზიარებენ იმ მოთამაშეებს, რომლებიც ჩემპიონატზე წელს პირველად თამაშობენ“ – აღნიშნავს მთავარი მწვრთნელი.

მცირე ტრავმების გამო პირველ თამაშს ტოვებენ ვიცე-კაპიტანი გიორგი გერგედავა და მგეზავი გელა ხელაძე, თუმცა საგანგაშო არაფერია. ავსტრალიასთან მგეზავად თამაშს ლუკა ცირეკიძე დაიწყებს, რომელიც ამ პოზიციაზე ინგლისთან ბოლო ტესტ-მატჩისას (45:17) ირჯებოდა:

„ცირეკიძეს ფულბეკად და მგეზავად განვიხილავთ და ფრთაზეც შეუძლია თამაში. ეს მწვრთნელისთვის დიდი კომფორტია, რადგან შემადგენლობის დაყენებისას სხვადასხვა ვარიაციების შესაძლებლობას იძლევა. ავსტრალიასთან ის სავარაუდოდ მგეზავი იქნება“ – ამბობს კილასონია და მომავალ მეტოქეს ახასიათებს:

„ავსტრალია ინგლისისგან იმდენად განსხვავებული მეტოქეა, რამდენადაც განსხვავდებიან სამხრეთული გუნდები ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გუნდებისგან. მათ ჰყავთ სწრაფი მოთამაშეები და სახიფათოები არიან კონტრშეტევისას. ისინი არ გპატიობენ შეცდომებს და თუ მოედანზე კაცნაკლული დარჩი, თავის დაცვა ძალიან გაგიჭირდება. ჩვენი მიზანია, რომ შევასრულოთ ის დეტალები, რაც მათ საკუთარი უპირატესობის გამოყენების შესაძლებლობას არ მისცემს. შევეცდებით გავანეიტრალოთ ავსტრალიის ძლიერი მხარეები და გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები“.

„ჩემი, სტაფის წევრებისა და მოთამაშეების მოლოდინები ერთმანეთს ემთხვევა – თამაშიდან თამაშამდე გავხდეთ უკეთესები და დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება“.

შეგახსენებთ, სამხრეთ აფრიკაში შარშან გამართულ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" საუკეთესო შედეგი აჩვენეს და მე-8 ადგილი დაიკავეს.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბიჭებო გვეიმედებით! წარმატებები!
Bs
26 ივნისი 2024 12:00
0
გამარჯვება ქართველებო!
გიორგი
25 ივნისი 2024 23:13
0