სავარაუდო ტრანსფერი: ვარდი ევროს მერე მოიკრიფება

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" გეგმა, რომ ჯეიმი ვარდისთვის პასუხი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გამოეტყუათ, როგორც ჩანს, ჩავარდა.

"ლესტერმა" 29 წლის თავდამსხმელს ახალი კონტრაქტი შესთავაზა გაუმჯობესებული პირობებით. "მელიები" ამით ორ კურდღელს იჭერენ - ერთი, რომ ვარდის შენარჩუნებას მიუახლოვდებიან და მეორე, თუ ჯეიმი მაინც წავა, ახალი კონტრაქტით მისი გამოსასყიდი თანხა უფრო დიდი იქნება და მეტ ფინანსურ სარგებელს ნახავენ, ვიდრე ახლა ნახავდნენ 20 მილიონი გირვანქის აღებისას.

"მეთოფეების" შანსებს ისიც ამცირებს, რომ ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა ვარდის მოუწოდა ან თუ გენებოთ, მიუთითა, რომ მან "არსენალში"
გადასვლა და სატრანსფერო ამბები დაივიწყოს, დროებით გვერდზე გადადოს და კონცენტრაცია სრულად ევრო 2016-ზე მოახდინოს.

შინჯი ოკაზაკის კი, როგორც ჩანს, კონკურენტის მოშორება სურს და ვარდის გზა დაულოცა. ხუმრობის გარეშე კი, იაპონელი მიიჩნევს, რომ ჯეიმი იდეალურად მოერგება "არსენალის" სათამაშო სტილს და თავის შესაძლებლობებს იქაც მშვენივრად გამოავლენს, დანარჩენი კი თავად უნდა გადაწყვიტოს, წავა თუ დარჩებაო.

თავად ჯეიმიმ ჰოჯსონის რჩევა გაითვალისწინა და ნაკრებთან ერთად საფრანგეთისკენ ისე გაფრინდა, რომ არც "არსენალისთვის" გაუცია პასუხი და არც "ლესტერისთვის" უთქვამს რამე. ასე რომ, ვარდი ევრო 2016-ის მერე მოიკრიფება. ვისთვის უეკლოდ და ვისთვის ეკლიანად, ამას მოგვიანებით გავიგებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული