სიახლეები

დღეს ევრო 2016 იწყება - გაუმარჯოს საფრანგეთსა და ფეხბურთს!

AutoSharing Option
* ევროპის მე-15 ჩემპიონატი საფრანგეთში 10 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
* ევროპის პირველი ჩემპიონატი 56 წლის წინათ, ასევე საფრანგეთში გაიმართა.
* შედარებისთვის, თუ ევროპის ჩემპიონატი 56 წლისაა, კოპა ამერიკას წლეულს 100 წელი შეუსრულდა.
* ევროპის ჩემპიონები 3-3-ჯერ გახდნენ გერმანია (1972, 1980, 1996) და ესპანეთი (1964, 2008, 2012). საფრანგეთი ორგზის ჩემპიონია (1984, 2000).
* ევროპის ჩემპიონი 2017 წლის კონფედერაციათა თასზე თამაშის უფლებას მოიპოვებს, რომელიც რუსეთში გაიმართება.
* ევრო 2016-ს 10 ქალაქის ამდენივე არენა უმასპინძლებს (თუკი სენ დენის ცალკე ქალაქად ჩავთვლით).
* უეფას 53 ნაკრები (მათ შორის, საქართველო) ევროპის ჩემპიონატის 23 საგზურისთვის იბრძოდა. საფრანგეთი, როგორც მასპინძელი, უკონკურსოდ დაუშვეს.

ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ფეხბურთის გულშემატკივრები რაღაც კარგის, მოულოდნელისა და დიდის მოლოდინში ვართ - დროის ამ შუალედში ერთმანეთს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები ენაცვლება, ნამდვილი ფეხბურთის ზეიმები. და აი, მორიგი უკუთვლა დასრულებულია - საფრანგეთი 2016-ის დაწყებამდე არ დარჩა არც ერთი დღე - პარიზის გარეუბანი სენ დენი და დიდებული "სტად დე ფრანსი" შოუს იწყებს...

წლევანდელი პირველობა გამორჩეულია, რადგან ის ყველაზე დიდია და ტურნირზე თამაში და დასწრება არასდროს ყოფილა ისე საფრთხილო, როგორც ახლა - ევრო 2012-ზე 16 გუნდი მონაწილეობდა, ახლა კი 24-ია.

მიუხედავად უეფას მამების ამ ხელგაშლილობისა, სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები ახლოსაც ვერ მივიდა სანუკვარ მიზანთან. ტურნირის ფორმატი კი კარგად უნდა ახსოვდეთ ცოტა ასაკოვან გულშემატკივრებს.

ის ზუსტად ისეთია, როგორც 1986, 1990 და 1994 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ საფრანგეთში არ იქნება მე-3 ადგილისთვის მატჩი. 24-გუნდიან პირველობას უკვე მთელი თვე ესაჭიროება.

საფრთხეზე გადავიდეთ, მთელი ტურნირის განმავლობაში იქნება დამოკლეს მახვილივით საფრანგეთის ცაზე გამოკიდებული ტერორიზმის საფრთხე.

ყველას გვახსოვს, რა მოხდა შარშან პარიზში; ყველას გვახსოვს ტერორისტთა მუქარები. მოკლედ, 82 ათასამდე ადამიანს, რომელთაც ევრო 2016-ის უსაფრთხოება ევალებათ, არანაკლები ოფლისღვრა მოუწევს, ვიდრე ჩემპიონატის მონაწილე 552 ფეხბურთელს.

ფავორიტები
ევროპის ბოლო ორი ტურნირი "ფურია როხამ" მოიგო და ბუნებრივია, რომ ესპანეთის ნაკრები ახლაც ფავორიტია, მაგრამ გუნდი ლა როშელში ცუდი განწყობით დაბანაკდა, ვისენტე დელ ბოსკეს კრებულს გუნება ჩვენმა ნაკრებმა გაუფუჭა, რომელმაც ევრო 2016-ის რეპეტიციებში უდიდესი სენსაცია მოახდინა და მადრიდში 1:0 მოუგო ევროპის ჩემპიონს.

ამ მატჩის შემდეგ თქვა ჟერარდ პიკემ, რომ ესპანეთის ნაკრები არანაირად არ არის ევროპის ჩემპიონატის ფავორიტი. ვნახოთ, ესპანელთა უკბილო და ბოლო დროს უფანტაზიო თამაში, ასაკში შესული დელ ბოსკეს საეჭვო სელექცია, მართლაც არ აძლევს "როხას" ფანებს ოპტიმიზმის საბაბს, მით უმეტეს, რომ ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ სამჯერ ჯერ არავის მოუგია.

გერმანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია და ბუნებრივია, ევროპის პირველობის მოგების ფავორიტიცაა, იოახიმ ლიოვის გუნდის შანსებს ესპანელებისაზე უფრო რეალურად განიხილავენ.

დაბოლოს, მესამე მთავარი ფავორიტი მასპინძელი საფრანგეთია. თუნდაც, ქარიმ ბენზემასა და სხვათა გარეშე მოთამაშე საფრანგეთი. დიდიე დეშამის გუნდისგან ბევრი ელის გამარჯვებას. ფავორიტთა შორის ხშირად მოიხსენიებენ ინგლისისა და ბელგიის ნაკრებებსაც, უფრო იშვიათად კი - იტალიელებსა და პორტუგალიელებს.

საფრანგეთი-რუმინეთის წინ
დღეს, ჩვენი დროით 23 საათზე, "სტად დე ფრანსი" A ჯგუფისა და მთლიანად ტურნირის პირველ მატჩს მასპინძლობს. საფრანგეთის ნაკრები რეიტინგში მე-19 რუმინეთს ხვდება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

ანგელ იორდანესკუს გუნდი შესანიშნავ განწყობაზე ჩავიდა ევრო 2016-ზე, გაცილების მატჩში ჩვენი გუნდი 5:1 გაანადგურა. ახლა კი თავად იქნება აუტსაიდერის როლში, რადგან ყველა ელის ფრანგებისგან დამაჯერებელ სტარტს.

დიდიე დეშამი ნაკრების ნახევარმცველი იყო, ხოლო იორდანესკუს ნაკრების მწვრთნელობის პირველი პერიოდი ჰქონდა, როცა ეს ორი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე დაუპირისპირდა ერთმანეთს. ეს მოხდა ევრო 1996-ზე, ზუსტად ოცი წლის წინათ. მაშინაც 10 ივნისი იყო, ნიუკასლში, "სენტ ჯეიმს პარკზე" საფრანგეთის ნაკრებმა კრისტოფ დიუგარის გოლის წყალობით დაამარცხა რუმინეთი.

ბოლო ხუთ ოფიციალურ მატჩში ეს გუნდები ოთხჯერ დაზავდნენ. გამონაკლისი მხოლოდ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩია, რომელიც ლორან ბლანის გუნდმა 2:0 მოიგო. ეს 2010 წელს მოხდა, როცა ანგარიში ლოიკ რემიმ გახსნა.

სავარაუდო შემადგენლობები
რუმინელებმა საოცრად ითამაშეს საკვალიფიკაციო ეტაპზე დაცვაში, ეს იყო გენერალ იორდანესკუს გაუვალი კედელი. ახლა ამ კედელს სიმკვრივეზე შესაშურ ფორმაში მყოფი დიმიტრი პაიე შეამოწმებს სტანდარტული დარტყმებით, ოლივიე ჟირუ დაბომბავს თავურებით, ანტუან გრიზმანი კი თავისი მობილურობით დატანჯავს.

აი, დაცვა დეშამის გუნდის აქილევსის ქუსლია, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ რუმინეთის ნაკრები ძალზე შემტევ ფეხბურთს თამაშობს. გუნდებში საკადრო პრობლემები ცოტაა. საეჭვოა რუმინელი ფილიპის თამაში, თუმცა ის არც ითვლება სასტარტოს ფეხბურთელად.

საფრანგეთი (სავარაუდო): ლორისი (კაპ) - სანია, რამი, კოსიელნი, ევრა - პოგბა, კანტე, მატუიდი - გრიზმანი, ჟირუ, მატუიდი.
რუმინეთი (სავარაუდო): ტეტერუშანუ - სეპუნარუ, კირიკეში (კაპ), გრიგორე, რაცი - ჰობანი,პინტილი - პოპა, სტანჩუ, სტანკუ - კეშერუ.

მატჩის წინ
დიდიე დეშამი (საფრანგეთი): "რაც ნაკლები ფსიქოლოგიური ზეწოლა იქნება ფეხბურთელებზე, მით უკეთესია. ორი წელიწადია, რაც 10 ივნისისათვის ვემზადებით. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ დავუბრუნდებით ოფიციალურ ფეხბურთს, ჩვენ ხომ მუნდიალის მერე მხოლოდ ამხანაგურ მატჩებს ვთამაშობდით.

თამაში "სტად დე ფრანსზეა", ეს ევროპის ჩემპიონატის გახსნის მატჩია - თქმა არ უნდა, რომ ძალზე მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა. ეს მატჩი პირველობის ტონს შეუკვეთავს.

ჩვენ შინ ვთამაშობთ, მაგრამ რუმინელები უკან არ დაიხევენ ამის გამო. არ ვიცი, რა მიზანს დაისახავენ, მაგრამ თუ მოგებაზე ითამაშებენ, ვიცი, რომ მათ მარტო თავდაცვა არ შეუძლიათ, წინაც კარგად თამაშობენ. მეტოქის ბოლო მატჩები ვნახე და ძალიან შემტევი ფეხბურთიც ითამაშეს. მე ველი, რომ რუმინეთი ჩვენ გაოცებას შეეცდება და საფრანგეთის ნაკრებსაც შეუტევს. ასე რომ, საინტერესო 90 წუთი გველის".

ანგელ იორდანესკუ (რუმინეთი): "ამ თამაშით იწყება დიდი პირველობა - ჩვენი კონტინენტის პირველობა. ჩვენი მეტოქე ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ფავორიტი და მასპინძელი. იმედი მაქვს და მჯერა კიდევაც ჩემი ფეხბურთელების. ისინი ყველაფერს გააკეთებენ და თავს დადებენ მოედანზე. ჩვენი მიზანი ჯგუფური ეტაპიდან გასვლაა, მაგრამ ასევე, გვსურს, გულშემატკივრებს თავი მოვაწონოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ