ევრო 2016. სპეცოპერაცია "სტად დე ფრანსზე" და ჟირესის მოკითხვა საქართველოს

AutoSharing Option
სათაური არავის უნდა გაუკვირდეს - ევროპის ჩემპიონატის გახსნა "სტად დე ფრანსზე", საფრანგეთი-რუმინეთის მატჩამდე და შემდგომ ჩატარებული ღონისძიებები იქ მყოფი ადამიანებისთვის სპეცოპერაციას უფრო ჰგავდა, ვიდრე დიდ საფეხბურთო ზეიმს.

ყველას კარგად ესმის, რომ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები საჭირო იყო გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ ფორმა და მეთოდი დისკომფორტს უქმნიდა სტადიონზე მისულთ. სტადიონზე შესვლის მრავალეტაპიანი და გრძელრიგიანი პროცედურა იმდენად დამღლელი იყო, რომ ბევრს უკარგავდა სიხარულის გრძნობას ევრო 2016-ზე მონაწილეობის გამო.

ამას დაემატა პრობლემები კვების ობიექტებზე - გრძელი რიგები და მწირი რაციონი. მაყურებელთა და ჟურნალისტთა უმრავლესობა
მატჩზე 3-4 საათით ადრე მოვიდა. ქართველი ჟურნალისტები ბევრად ადრე ვიყავით სტადიონზე.

პირველი უსიამოვნო სიურპრიზიც მედიაცენტრში ყოფნის დროს - 4 საათით ადრე ასზე მეტ ჟურნალისტს დაცვის თანამშრომლებმა დაატოვებინეს მედიაცენტრის ოთახები და სთხოვეს პატარა დერეფნებში გასვლა, რადგან სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით ამოწმებდნენ ყოველ კუთხე-კუნჭულს.

კითხვაზე - ხომ შეიძლებოდა ჟურნალისტების მოსვლამდე მედიაცენტრის შემოწმება? - მიპასუხეს, მართალი ხართ, მაგრამ ასე მოხდა სამწუხაროდო. თავად ჟურნალისტები სტადიონსა და მედიაცენტრში შესვლამდე ხომ რამდენჯერმე გაგვსინჯეს და ეს გასაგებიც იყო. საშინლად მუშაობს მედიაკაფეც.

ამას ყველაფერს იმიტომ ვწერ, რომ მკითხველებმა იცოდნენ, რა ხდებობდა მატჩამდე და რა ხასიათის პრობლემები ჰქონდათ მაყურებლებს და ჟურნალისტებს. უფრო მეტი ორგანიზაციული ხარვეზი იყო ფანზონის გახსნაზე ეიფელის კოშკთან, მარსის ველზე... ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალი კი ძალიან ლამაზი და შინარსიანი გამოვიდა.

მის დაწყებამდე პრესლოჟაში საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელ ალენ ჟირესს შევხვდი. მან იქვე მყოფ საფრანგეთის ნაკრების ყოფილ მწვრთნელ რაიმონ დომენეკს უთხრა ხმამაღლა: "კარგად მახსოვს საქართველო, ქართველების სითბო, ისიც, რომ ბევრ ღვინოს სვამენ და ლამაზი სუფრა აქვთ; კარგად მახსოვს ქართული სიტყვა თამადა - ეს განსაკუთრებული თანამდებობაა" .

ფრანგები ძალიან გახარებულები იყვნენ მატჩის შედეგით, მთელი ღამე ქუჩებში მღეროდნენ, ცეკვავდნენ და სვამდნენ. რუმინელები (5-6 ათასი ადამიანი) ძალიან მოწყენილნი იყვნენ. მათ მითხრეს, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან ძლიერი სარაგბო ნაკრები, ამით უნდა იამაყოთო.

ერთ-ერთმა ფანმა კი მორიდებით გვკითხა - ფეხბურთში ბოლო წლებში დიდი კრიზისი გაქვთ და როდის გამოასწორებთო?

ხუმრობით ვუპასუხე, რადგან ესპანეთს მადრიდში მოვუგეთ, ესე იგი, უკვე დაიწყო წინსვლა-მეთქი და ორივემ ერთად გავიღიმეთ.

თენგიზ პაჭკორია პარიზიდან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული