სიახლეები

ევრო 2016-ის ამბები: რატომ გააფრთხილა უელსი უეფამ

AutoSharing Option
შვილები მოედანზე აკრძალული
ევრო 2016-ის მერვედფინალის (უელსი-ჩრდილოეთი ირლანდია) შემდეგ გარეთ ბეილმა მოედანზე თავისი გოგონა გაიყვანა, ხოლო მეოთხედფინალის (უელსი-ბელგია) შემდეგ ბეილს მისმა სხვა თანაგუნდელებმაც მიჰბაძეს და გამარჯვება შვილებთან ერთად იზეიმეს. როგორც აღმოჩნდა, ამის შემდეგ უელსის ფეხბურთის ასოციაცია უეფამ სასტატიკად გააფრთხილა და ნახევარფინალის შემდეგ ფეხბურთელებს თავიანთი შვილების მოედანზე ჩაყვანა აუკრძალა. უცნობია, დაემორჩილებოდნენ თუ არა ამ აკრძალვას ბეილი და კომპანია, ამას ვეღარ გავიგებთ, რადგან უელსელებმა პორტუგალიასთან წააგეს და საზეიმოც არაფერი იყო.

"რუბინმა" ხულიგნები კლუბიდან გააგდო
რუსულმა კლუბმა "რუბინმა" ორი თანამშრომელი დაითხოვა, რომლებიც ევრო 2016-ზე არეულობებში
მონაწილეობდნენ. ერთ-ერთმა თანამშრომელმა "ფაიერი" აანთო სლოვაკეთთან მატჩის დროს ტრიბუნაზე, მეორემ კი მონაწილეობა მიიღო ინგლისის ნაკრების ფანების რბევაში თამაშის დასრულებისთანავე.

რატომ წავიდა ჩეხი ნაკრებიდან
ჩეხეთის ნაკრების გოლკიპერმა პეტრ ჩეხმა ახსნა თუ რატომ დაასრულა საერთაშორისო კარიერა: "უკვე იმ ეტაპზე ვარ, როცა მაქსიმუმის საჩვენებლად მოედანზე, საჭიროა კარგი დასვენება და ძალების აღდგენა. თუკი საკლუბო კარიერის გაგრძელება მსურს, სანაკრებოზე უარი უნდა ვთქვა. 34 წლის ვარ და მსხვილი ტურნირი მხოლოდ ორი წლის მერეა, ეს კი ძალიან დიდი დროა, დროს ვერ გააჩერებ", - განაცხადა ჩეხმა. შეგახსენებთ, რომ პეტრ ჩეხმა ნაკრების ღირსება 124 მატჩში დაიცვა და თამაშში გოლზე ნაკლებს უშვებდა (115).

კარდიფული დახვედრა
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში დამარცხებულ უელსის ნაკრებს სამშობლოში 200 ათასამდე ფანი დახვდა. სწორედ ამდენი ადამიანი შეიკრიბა სახელდახელო სცენის ირგვლივ კარდიფში, შემდეგ კი უელსის ნაკრებმა ქუჩები ღია ტიპის ავტობუსით შემოიარა. შეგახსენებთ, რომ უელსის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა, შემდეგ კი ჩრდილო ირლანდიისა და ბელგიის ნაკრებები გამოთიშა გათამაშებიდან, ნახევარფინალში კი პორტუგალიასთან 0:2 დამარცხდა.

პეტიცია ნაკრების გაუქმების მოთხოვნით
რუსეთის ნაკრების ევროკამპანია სრული ფიასკოთი დასრულდა. რუსეთში ფანების ერთმა ნაწილმა ნაკრების გაუქმების მოთხოვნით პეტიცია შეადგინა, რომელსაც ხელი უკვე 700 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.

რიცოლი საკამათო ეპიზოდზე
იტალიელმა არბიტრმა ნიკოლა რიცოლიმ კომენტარი გააკეთა ევრო 2016-ის ყველაზე საკამათო ეპიზოდზე - გერმანია-საფრანგეთის მატჩის დროს მან პენალტი დანიშნა გერმანელთა კარში ბასტიან შვაინშტაიგერის მიერ ხელით თამაშისთვის: "ძალიან ვამაყობ, რომ ასეთ მნიშვნელოვან მატჩზე დამნიშნეს. ვგრძნობდი პასუხისმგებლობის დიდ გრძნობას. რაც შეეხება პენალტის ეპიზოდს, ვფიქრობ, ადამიანების 99%-ს არ ჰქონდა საშუალება ის კარგად დაენახა, მაგრამ მე საუკეთესო პოზიციაში ვიყავი, ეპიზოდი სათანადოდ შევაფასე და ეს გადაწყვეტილება მივიღე", - განაცხადა იტალიელმა მსაჯმა.

ევრო 2016-ის შემოსავალი
ევროპის ჩემპიონატის ჩატარებიდან უეფას შემოსავალი 1,93 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც მეტია, ვიდრე შემოსავალი წინა გათამაშებიდან, რომელიც პოლონეთსა და უკრაინაში გაიმართა. ტურნირის ჩატარება 650 მილიონი ევრო დაჯდა, ნაკრებები მიიღებენ 301 მილიონ ევროს საპრიზო ფონდიდან, კლუბები (რომელთა ფეხბურთელებიც ევროზე თამაშობდნენ) მიიღებენ 150 მილიონ ევროს. შემოსავლიდან სუფთა მოგება სადღაც 830 მილიონია, რომლიდანაც 600-ს უეფა 55 წევრ ქვეყანას დაურიგებს სხვადასხვა პროექტებისთვის.

6 მილიარდი მაყურებელი
ევროპის ჩემპიონატის მატჩები (ფინალის გამოკლებით) პირდაპირ ეთერში 6 მილიარდ ადამიანზე მეტმა ნახა, ფინალის მაყურებელთა აუდიტორია სავარაუდოდ, 300 მილიონი იქნება. საოცარი მაჩვენებელი აქვს ინგლისი-ისლანდიის მატჩს - ინგლისში ამ შეხვედრას პირდაპირ ეთერში 15 მილიონმა ადამიანმა უყურა (ყველაზე დიდი მაჩვენებელი ინგლისისთვის ამ ჩემპიონატზე), ხოლო ისლანდიაში - მოსახლეობის 99%-მა.

დე ბიაზი მილიონს ითხოვს
უკრაინის ნაკრები შესაძლოა, ალბანეთის ნაკრების თავკაცმა ჯანი დე ბიაზიმ გაწვრთნას. იტალიელი სპეციალისტი წელიწადში მილიონ ევროს ითხოვს. უკრაინელები მის წინადადებას თუ არ დათანხმდებიან, დე ბიაზის ჩინელები ეროვნული ნაკრების ჩაბარებას სთავაზობენ. შეგახსენებთ, რომ ევრო 2016-ზე ჯგუფური ეტაპიდან ვერც უკრაინის ნაკრები გავიდა და ვერც - ალბანეთის.

დელ ბოსკეს მემკვიდრედ ესპანელი სურს
ესპანეთის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ ნაკრებს ესპანელი სპეციალისტი ჩაიბარებს: "მე ის კაცი არ ვარ, ვინც უნდა აირჩიოს ახალი მწვრთნელი, მაგრამ ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ მომდევნო თავკაციც ესპანელი ყოფილიყო", - განაცხადა დელ ბოსკემ, რომელიც ამიერიდან ფეხბურთის ფედერაციაში იმუშავებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ