ვენსან კომპანი: მირჩევნია არარეალური ვიყო - ევრო 2016-ის მოგება მინდა!

AutoSharing Option
ბელგიის ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" კაპიტანი ვენსან კომპანი ერთ-ერთი ყველაზე გაწონასწორებული, სტაბილური და საიმედო ფეხბურთელია.

28 წლის მცველი ლიდერის თვისებებით არის დაჯილდოებული, რასაც "ანდერლეხტშიც" ავლენდა, "ჰამბურგშიც" და ახლა "მანჩესტერ სიტიშიც".

რასაკვირველია, იგივე ითქმის ნაკრებზეც, რომლის წამყვან მოთამაშედაც გვევლინება და მისი ინტერვიუს ძირითადი ნაწილიც სწორედ ბელგიელთა მზარდი პოტენციალის მქონე გუნდს ეხება, რომელმაც ბოლო წლებში საყოველთაო სიმპათია დაიმსახურა.

- "სიტიში" პრემიერლიგა ორჯერ მოიგეთ. შემდეგი მიზანი ჩემპიონთა ლიგაა?
- ყველა შეპყრობილია ჩემპიონთა ლიგის მოგებით, თუმცა მე ამ ტურნირზე ტრიუმფს სხვა შეჯიბრებებში გამ
არჯვებაზე წინ არ ვაყენებ. ჩემი მიდგომა ყოველთვის მოგებისთვის თამაშია - ყველა მატჩის მოგება მინდა, ამას გულწრფელად ვამბობ. არაფრის დათმობა არ მსურს. ვინმემ რომ შემომთავაზოს რომელიმე კონკრეტული ტიტული და მითხრას, ოღონდ დანარჩენები დათმეო, უარს ვიტყვი, შევეცდები ყველა მოვიგო.

- ასე შემოთავაზებულ მსოფლიოს ჩემპიონობაზეც კი უარს იტყოდით?
- დიახ. ეს ჩემი მიდგომაა, ასეთი დავიბადე. ასე მინდა ვიცხოვრო და გავატარო ჩემი კარიერა. ყველა მატჩში მოსაგებად უნდა გავიდე მინდორზე.

- ალბათ, ბელგიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატიდან გამოვარდნის მერე ძალიან გულდაწყვეტილი იყავით, არა?
- ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. მსოფლიოს ჩემპიონატებს მხოლოდ ერთი ნაკრები ტოვებს ბოლომდე კმაყოფილი და ბედნიერი. გავიხსენოთ ჩვენი მატჩი არგენტინასთან: სულ მცირე, მეტოქეზე არანაკლებად ვთამაშობდით, მაგრამ მატჩის ბედი რამდენიმე დეტალმა გადაწყვიტა.

ჩვენც სწორედ ამ წვრილმანებზე უნდა ვიმუშაოთ. გარდა ამისა, მეტოქე ჩვენზე უფრო გამოცდილი გახლდათ. თუ ჭკვიანურად მოვიქცევით, მიღებულ გამოცდილებას გამოვიყენებთ, შეცდომებზე ვისწავლით და უკეთესი გუნდი გავხდებით.

- როგორი რეაქცია გაქვთ ხოლმე, როდესაც პრესაში საუბრობენ იმაზე, რომ ბელგიას წინა ხაზზე ვან პერსის დონის ფეხბურთელები არ ჰყავს?
- თუ გადავხედავთ ბელგიის შემტევ ხაზს, ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს. მაგალითად, რომელუ ლუკაკუ ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფორვარდი გახდა, რომელმაც პრემიერლიგაში 20 და მეტი გოლი გაიტანა. ასე რომ, ყველაფერი დროის ამბავია. 28 წლის ასაკში სულ სხვა ფეხბურთელი ვარ და 20 წლის სულ სხვა ვიყავი. არასწორი და არარეალურია შეადარო ლუკაკუ ვან პერსისა და რობენს, რომლებიც დაახლოებით 30 წლისანი არიან.

სიამოვნებით ვნახავ, როგორ ითამაშებენ ჩვენი ახალგაზრდა თავდამსხმელები 10 წლის შემდეგ. თუმცა, რასაკვირველია, ახალგაზრდულ ასაკსა და ნიჭს სწორი გამოყენება სჭირდება. გამოცდილება ჯერ გვაკლია, რადგან ბევრი ნორჩი ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ გუნდური სულისკვეთებით ყველასთვის სახიფათო მეტოქედ ჩამოვყალიბდით.

- მომავალ ევრო 2016-ზეც ვთქვათ - ბელგიისთვის მაქსიმუმად ნახევარფინალს ახსენებენ...
- ნახევარფინალიც ნახევრად რეალურია. ამიტომ მირჩევნია არარეალური ვიყო და ვთქვა, რომ ევროპის ჩემპიონატის მოგება მინდა.

მუნდიალის წინ მისი მოგება მსურდა, ახლა კი, ევრო 2016-ის წინ, ამ ტურნირზე მინდა გამარჯვება. მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად მოვიგებთ ან უნდა მოვიგოთ - ვამბობ, რომ მსურს, გავიმარჯვო და ამისთვის ვითამაშებ. ვნახოთ, რა მოხდება.

თუ სხვა ნაკრებები დაამტკიცებენ, რომ ჩვენზე უკეთესები არიან, ამის მიღების და აღიარების პრობლემა არ მექნება. სამუშაოდ დრო გვაქვს. კონტინენტზე უძლიერესი გუნდი არ გვყავს, მაგრამ შეგვიძლია, გავხდეთ საუკეთესოები.

- ის, რომ ევროპის ჩემპიონატი ორ წელიწადშია, ბელგიის ნაკრების უპირატესობაა? თქვენი ფეხბურთელები გაიზრდებიან, გამოცდილებას მიიღებენ, ხოლო მეტოქეთა ლიდერების უმეტესობა ასაკში შევა...
- არა, ნამდვილად არა. მაგალითისთვის გაიხსენეთ 2006 წელი და შემადგენლობა, რომლითაც იტალიამ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. "სკუადრა აძურა" თითქმის მთლიანად ისეთი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, რომლებიც კარიერის დასრულებასთან იყვნენ ახლოს. გამოცდილება სერიოზული იარაღია ფეხბურთში. ბელგიას 2018 წლის მუნდიალამდე პრობლემა არ ექნება.

აი, ამის მერე კი რამდენიმე ფეხბურთელს ალბათ წასვლა მოუწევს. ესეც ბუნებრივი მოვლენაა და თან ახალი თაობა ისეთი ნიჭიერია, იმდენად ღრმა რესურსია, რომ სხვები გამოჩნდებიან. ისე კი, ამ ფორმაციის ნაკრებს რომ ვუყურებ, 5-6 ფეხბურთელის გარდა, დანარჩენებს კიდევ 10 წელი შეუძლიათ უმაღლეს დონეზე თამაში.

- როგორც უკვე აღნიშნეთ, ატმოსფერო და გარემო ბელგიის ნაკრებში შესანიშნავია და ეს იგრძნობა კიდეც. ეს არის იმის მიზეზი, რომ თითქმის მთელმა მსოფლიომ ბელგია თავის "მეორე გუნდად" აქცია და შეიყვარა?
- ვფიქრობ, კი და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც გვაძლიერებს და სტიმულს გვაძლევს. არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რა შორს წავედით. ჩვენ ჯერ კიდევ დიდი პოტენციალი გვაქვს, მაგრამ ეს იმის გარანტია სულაც არ არის, რომ ამ რესურსს გამოვიყენებთ. ამისათვის უნდა ვიმუშაოთ და ეს კარგი ატმოსფეროც გამოვიყენოთ, მუდამ კონცენტრაციაა საჭირო. თუ ამ ყველაფერს შევძლებთ, მიმაჩნია, რომ მომავალში მართლაც რეალური და სერიოზული ძალა ვიქნებით.

- ცოტა ტიტული ნამდვილად არ გაქვთ მოგებული და როგორ ახერხებთ, რომ ისევ ასეთი მოტივირებული დარჩეთ?
- ეს ადვილია, ფეხბურთს ვნებით ვთამაშობ. მე ხოლოდ იმიტომ არ ვთამაშობ, რომ კარგი ხელფასი მაქვს; ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ფეხბურთი მიყვარს.

ზუსტად ისეთივე შემართული ვარ ახლაც, როგორიც ბავშვობაში ვიყავი. შესაძლოა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ის არის იმისა, რომ ამდენს მივაღწიე. ეს მიდგომა არასდროს შეიცვლება. ერთადერთი ზღვარი ასაკია, მესმის, რომ სამუდამოდ ვერ ვითამაშებ.

იმასაც ვხვდები, რომ ერთი წელი თუ ჩააგდე და არ მოინდომე, შესაძლოა, იმ დონეზე ვეღარასდროს დაბრუნდე. ამიტომაც ვცდილობ, ფეხი არ დამიცდეს. ეს მქოქავს და დამატებით მოტივაციას მაძლევს.

- და რა ხდება მაშინ, როდესაც ვერ აღწევთ იმას, რაც გსურთ? როგორ უმკლავდებით იმედგაცრუებას? უბრალოდ დგებით, მიდიხართ და ამ ყველაფერს ივიწყებთ, ატარებთ?
- მიმაჩნია, რომ წაგებას ძალიან კარგად ვუმკლავდები. მძულს, არ მიყვარს, მაგრამ ფსიქოლოგიურად კარგად ვუმკლავდები. თუმცა წინა სეზონში პრემიერლიგა რომ ვერ მოგვეგო, ეს ჩემს კარიერაში ურთულესი მომენტი იქნებოდა. ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ეშხი სწორედ ამაშია, ასეთი მოგონებები სამუდამოდ შენთან რჩება და სიამოვნებას განიჭებს. ამიტომაც ვთამაშობ ფეხბურთს და ამიტომაც ვვარჯიშობ ასეთი სერიოზული დატვირთვით, რომ წარმატებას მივაღწიო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული