როგორია ფრანგების შანსები ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
მასპინძელი საფრანგეთი კარსმომდგარ ევროპის ჩემპიონატს ერთ-ერთი უპირველესი ფავორიტის რანგში ეგებება. საფრანგეთის ნაკრები ორჯერ იყო კონტინენტის ჩემპიონი (1984 და 2000 წლებში). ეჭვგარეშეა, შინაურ კედლებში "მამლები" მესამე ოქროს მოპოვებას ეცდებიან. მართალია, ევროპის პირველობაზე არაერთი დიდებული გუნდი თამაშობს, მაგრამ "სამფეროვნებს" გამარჯვების ჯანსაღი ამბიციაც აქვთ და რესურსიც.

მწვრთნელი
47 წლის დიდიე დეშამი ფრანგული ფეხბურთის ნამდვილი ლეგენდაა. მან ეროვნულ გუნდში 103 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ეროვნულ გუნდთან ერთად შეიგრძნო დიდი ტიტულების გემო.

დეშამმა მწვრთნელობა დაიწყო და ამ ასპარეზზეც წარმატებულია. მან სხვადასხვა დროს გაწვრთნა "მონაკო",
"იუვენტუსი" და "მარსელი". ის გაწონასწორებული, დაბალანსებული ფეხბურთის მიმდევარია. საფრანგეთის ნაკრებში დღეს არაერთი ვარსკვლავი თამაშობს, მაგრამ ეჭვი არავის ეპარება, რომ გუნდში მთავარი ავტორიტეტი სწორედ მწვრთნელია.

უკანა ხაზი
საფრანგეთის ნაკრებს არაერთი ლიდერი ჰყავს. შეიძლება ბევრს მოეჩვენოს კიდეც, რომ გუნდში საკმარისზე მეტი გამორჩეული ფეხბურთელია, მაგრამ ხშირად, როცა მოთამაშეები ყველაზე წინ გუნდურ პრინციპებს აყენებენ, ეს ძალიან კარგია. ასეა საფრანგეთის ნაკრებშიც.

გუნდის ნომერ პირველ მეკარედ "ტოტენჰემის" გამოცდილი კარის დარაჯი, უგო ლორისი ითვლება. თუ გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდა, სწორედ იგი დაიცავს "სამფეროვანთა" ღირსებას კონტინენტის უმთავრეს საფეხბურთო ფორუმზე.

დაცვაში საფრანგეთის ნაკრებს უმაღლესი დინის შემსრულებლები ბლომად ჰყავს. აღარც კი ვიცით, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ - პატრის ევრა (იუვენტუსი), რაფაელ ვარანი (რეალი), ბაკარი სანია (სიტი), ლორან კოშელნი (არსენალი) თუ კურტ ზუმა (ჩელსი).

თანაც, ნებისმიერი მათგანის შემცვლელი არის. ასე რომ, უკანა ხაზის თაობაზე დეშამს შეუძლია, აბსოლუტურად მშვიდად იყოს.

ნახევარდაცვა
დაცვასთან ერთად საფრანგეთის ნაკრების უძლიერესი სათამაშო რგოლი, სადაც მართლაც რომ მსოფლიო კლასის ფეხბურთელები არიან თავმოყრილნი. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ - პოლ პოგბა (იუვენტუსი), ბლეზ მატუიდი (პარი სენ-ჟერმენი), მორგან შნეიდერლენი (მანჩესტერ იუნაიტედი), იოან კაბაი (კრისტალ პალასი), ჟოფრი კონდოგბია (ინტერი)....

ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება. ის კი არა, აქა-იქ ისმის ხმები იმის თაობაზეც, რომ ფრანგები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ევროპის პირველობისათვის ეროვნულ გუნდში "ბაიერნის" ვარსკვლავი, ფრანკ რიბერი დააბრუნონ. მაშინ გუნდის პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

"ჯოკერის" ფუნქცია შეუძლია იკისროს ატემ ბენ არფამ. ბევრისგან მივიწყებულმა უდიდესმა ტალანტმა კვლავ იპოვა საკუთარი თავი "ნიცაში" და ეროვნულ გუნდშიც დაიბრუნა ადგილი.

თავდასხმა
რა თქმა უნდა, საფრანგეთის ნაკრების თავდასხმის ხაზს მნიშვნელოვნად შეასუსტებს ქარიმ ბენზემას არყოფნა, რაზეც ჩვენი წერილის სხვა ქვეთავში ვისაუბრებთ. ამის მიუხედავად, დიდიე დეშამს შეტევაში მაინც ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება შეუძლიათ.

აქ, უპირველეს ყოვლისა, "ატლეტიკოს" შემტევი ანტუან გრიზმანი უნდა ვახსენოთ, ვინც ჩვენ თვალწინ გამუდმებით პროგრესირებს. ოლივიე ჟირუ "არსენალის" ძირითადი ფორვარდია. უმატებს "ბაიერნის" კინგსლი კომანი. აქვეა "ლიონის" ლიდერი ალექსანდრ ლაკაზეტი. არც "მანჩესტერის" ტალანტი, ანტონი მარსიალი უნდა დავივიწყოთ...

პრობლემა
ყველას გვახსოვს, რა მოხდა ცოტა ხნის წინ ქარიმ ბენზემასა და მატიო ვალბუენას შორის. ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. ის კი ფაქტია, რომ ქარიმის არყოფნა დიდი და რიგ შემთხვევებში, აუნაზღაურებელი დანაკლისიც კი შეიძლება იყოს საფრანგეთის ნაკრებისათვის.

ჯერ ევროფორუმამდე დრო საკმაოდ რჩება, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია არ აპირებს ბენზემას შემორიგებას. დეშამიც ისეთი მწვრთნელია, რომ პირველ ადგილზე ყოველთვის დისციპლინას აყენებს.

დიდიეს ვერ გავამტყუნებთ. ჩვენ სხვადასხვა დროს გვახსოვს არანაკლებ ძლიერი საფრანგეთი და გვახსოვს ისიც, როგორ ვერ აღწევდა შედეგს გუნდი გასახდელში არსებული გაუგებრობების გამო.

ლიდერი
ძნელია, ლიდერი გამოარჩიო ისეთ თანაბრად დაკომპლექტებულ გუნდში, როგორიც საფრანგეთის ნაკრებია. და მაინც, ასეთი "სამფეროვნებში" პოლ პოგბა გვგონია. ვნახოთ, იქნებ მომავალი ევროფორუმი ამ უნიჭიერესი ფეხბურთელის ჩემპიონატად იქცეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საფრანგეთის მაქსიმუმი 4 გუნდში მოხვედრაა, ძნელად მოსაგები გუნდია, თუმცა მოგება მათაც უჭირთ...თან ფრანგების წარმატების მთავარი კოზირი მაგარი "10"-იანია...კოპა, პლატინი, ზიდანი....მსგავსი კი არ ჩანს...
asurbanifali
08 მარტი 2016 14:36
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული