საფრანგეთის ნაკრები: ევრომდე ყველაფერი კარგადაა

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნოემბრის ტერაქტების შემდეგ "სტად დე ფრანსზე" გამართული პირველი შეხვედრით ფრანგებმა ფანები ლაღი და სანახაობრივი თამაშით გაახარეს.

რუსეთთან უხვგოლიან დაპირისპირებაში სანერვიულო "მამლებს" მხოლოდ ის თუ ჰქონდათ, რომ დაცვა ბოლომდე დამაჯერებლად არ გამოიყურებოდა.

სამაგიეროდ, წინა ხაზი იყო შეუდარებელი. ნ’გოლო კანტემ თავის მეორე სანაკრებო მატჩში (ის პირველად იყო ძირითადში და საშინაო პუბლიკის თვალწინ სრულფასოვანი დებიუტი ჰქონდა) უკვე გოლის გატანაც კი მოახერხა. მშვენივრად გაისარჯნენ ანტუან გრიზმანი და ანდრე-პიერ ჟინიაკი. ცალკე აღნიშვნის ღირსია დაბრუნებული დიმიტრი პაიე, რომელმაც საოცარი სილამაზის ჯარიმა გაიტანა, ბურთთან პირველივე შეხებით.

რუსეთის
ნაკრებმა ორჯერ სიტუაცია კი დაძაბა, მაგრამ კინგსლი კომანის გასროლა საკონტროლო გახლდათ. კომანის კარგი თამაში კიდევ განსხვავებულად აღსანიშნავი და სასიხარულოა. მოკლედ, რუსეთთან დუელით კიდევ ერთხელ გაესვა იმას ხაზი, რომ "მამლებს" მართლაც დიდი რესურსი აქვთ. უბრალოდ, შემადგენლობის კარგად და სწორად შერჩევაა საჭირო. ეს უკვე დიდიე დეშამის თავსატეხია.

დამატებით პეწს კანტესა და პაიეს გოლებს ის სძენს, რომ 29 მარტს ორივე იუბილარი გახლდათ - პირველი 25 წლის გახდა, ხოლო მეორე - 29-ის.

"ბევრი კარგი დავინახე. შესაძლოა, იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ იყო მშვენიერი ნიშნები. ჩვენს ნაკრებს მოსწონს შეტევაში წასვლა და სწრაფ ტემპში თამაში. თუმცა საჭიროა ცოტა სიმშვიდე და ბალანსის დაცვა. ბოლო ორ მატჩში გარკვეული თვისებები და ძლიერი მხარეები გამოვავლინეთ, მაგრამ მთავარია, არ დავიწყოთ იმაზე ფიქრი და არ ჩავთვალოთ, რომ ყველაზე ძლიერები ვართ და ბოლომდე მზად ვართ.

თუმცა ჩვენი თავდაჯერებისთვის ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებები გახლდათ. ამ სეზონში 8 შეხვედრიდან 7 მოვიგეთ და თუნდაც ამხანაგურ თამაშებზე ვსაუბრობდეთ, ეს სასიამოვნოა, მაგრამ არც ის დაგვავიწყდეს, რომ ნამდვილი ტესტი ივნისშია, როდესაც ტურნირი დაიწყება. ჩვენ არაფრის გარანტია არ გვაქვს" - აღნიშნა დიდიმ.

ევრო 2016-ის დაწყებამდე და რუმინეთთან პირველ მატჩამდე კი საფრანგეთს 30 მაისს კამერუნთან და 4 ივნისს შოტლანდიასთან გაჯიბრება ელოდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული