U21. საქართველო VS უელსი - დღეს უკვე გამარჯვების დროა!

AutoSharing Option
დღეს, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები უელსელ თანატოლებს 20:00 საათზე "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.

ამავე ნაკრებს 3 ივნისსაც შევხვდით და 2:2 ფრე ვითამაშეთ. 

altU21. საქართველოს ნაკრები უელსს დაუზავდა [VIDEO]


საქართველოს ნაკრების შემადგენლობა საკმაოდ დამაკმაყოფილებელია, გია ცეცაძემ მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობა გამოიძახა. ბევრი ფეხბურთელი, რომელიც ამ გუნდში უნდა იყოს, ვაისის მეთვალყურეობის ქვეშ ეროვნულ ნაკრებში ისინჯება.

თუმცა არ არიან საკმაოდ პერსპექტიული ფეხბურთელებიც. გუნდს დააკლდებიან ჯიმი ტაბიძე და ლუკა ზარანდია, რომლებსაც ტრავმა ჰქონდათ და რეაბილიტაციას გადიან.

რაც შეეხება გიორგი არაბიძეს, როგორც გია ცეცაძემ თქვა, ის ნაკრებთან
ერთად შეკრებაზე იმყოფებოდა, უბრალოდ, ახალ კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და ამიტომ არ იყო ჩართული სანაკრებო სპარინგებში.

altგია ცეცაძე: გიორგი არაბიძე კარგ გუნდში გადადის და ამიტომ არ გამოვიძახე


წინა შეხვედრაში ნაკრების მთავარი ლიდერი და შემოქმედი ბექა მიქელთაძე იყო, რომელიც ასე თუ გააგრძელებს, შეიძლება ეროვნულ ნაკრებს სამომავლოდ ფორვარდის პრობლემაც მოუხსნას. მთავარია, პირველ რიგში, ევროპული ასპარეზი მოძებნოს, სადაც სწრაფი განვითარების საშუალება მიეცემა.

აღსანიშნავია ისიც, რომ უელსთან პირველ შეხვედრაში შეცვლები უფრო ეფექტური გამოდგა, ვიდრე ძირითად შემადგენლობაში მყოფი რამდენიმე ფეხბურთელი.

მეტოქე
უელსის ნაკრებს საკმაოდ პერსპექტიული ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც მომავალში ძლიერ გუნდებში გააგორებენ ბურთს.

ამ ფორმაციის ნაკრების ლიდერი "შეფილდ იუნაიტესის" ფეხბურთელი, 20 წლის დევიდ ბრუქსია, რომელიც უკვე იყო საქართველოში მთავარ ნაკრებთან ერთად, როდესაც 0:1 დავმარცხდით. მას მაშინ სათამაშო დრო არ მისცემია. თუმცა ის და სხვა ლიდერები: "ლიდსის" ფეხბურთელი ტაილერ რობერტსი და "ლივერპულის" ახალგაზრდული გუნდის მოთამაშე ჰარი უილსონი, ამ ამხანაგურ შეხვედრაში არ იქნებიან.

ჩამომსვლელთაგან გამორჩეული "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდული გუნდის 19 წლის მცველი რეგან პულია, "არსენალის" ახალგაზრდული გუნდის 18 წლის შემტევი რობი ბარტონი და "მანჩესტერ სიტის" ახალგაზრდული გუნდის შემტევი 18 წლის რაბბი მატონდო, რომელიც პირველ მატჩში შეცვლაზე შემოვიდა და ლამის მთელი ჩვენი ნაკრები გაიარა, თითქმის მეკარემდეც კი მიაღწია. ზოგადად, მათი შემადგენლობის ფეხბურთელები ძირითადად პრემიერლიგის კლუბების ახალგაზრდულ გუნდებში არიან გადანაწილებულნი.

უელსის შემადგენლობა: ლუკ პილინგი "ტრანმერ როვერსი", ოვან ევანსი "უიგანი", კამერუნ კოქსი "კარდიფ სიტი", ნორინგტონ დავისი "შეფილდ იუნაიტედი", რეგან პული "მანჩესტერ იუნაიტედი", ნათან ბროდჰედი "ევერტონი", რობი ბარტონი "არსენალი", სიან ჰარისი "სუონსი", რაბბი მატონდო "მანჩესტერ სიტი", იოსეფ მორელი "ბრისტოლ სითი", ჯეკ ევანსი "სუონსი", მარკ ჰარისი "კარდიფ სიტი", ლიამ კულენი "სუონსი", ჯოე როდონი "სუონსი", აარონ ლევისი "სუონსი", ალექს ბაბოს "დერბი ქანთრი", დანიელ ჯეიმსი "სუონსი", ისააკ დევისი "ჩელსი".

რას ველით?
ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როგორც თქვა, ამ შეხვედრაში აუცილებლად იქნება ცვლილებები და იმ ფეხბურთელებსაც მიეცემათ შანსი, რომლებსაც წინა შეხვედრაში მცირე დრო დაეთმოთ.

ცალკე ამბავია ირაკლი ბუღრიძის თამაში, რომელიც შეცვლაზე შემოვიდა და საკმაოდ აქტიური იყო; უბრალოდ, გადამწყვეტ მომენტში გადაწყვეტილებას ვერ იღებდა და ძირითადად, კარებში დარტყმის ნაცვლად პასს აკეთებდა. ვიმედოვნებთ, რომ ამ შეხვედრაში პირველივე წუთიდან ვიხილავთ.

თუ ჩვენი ნაკრები ძირითადში საუკეთესო ფორმაში მყოფი ახალგაზრდებით დაკომპლექტდება, მეტოქის დამარცხება რთული ამოცანა არ უნდა იყოს.

რაც მთავარია
არ დაიზაროთ, მოდით "მიხეილ მესხზე", ერთად შევუწყოთ ქართული ფეხბურთის განვითარებას ხელი და ერთად ვუქომაგოთ საქართველოს ნაკრებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:


მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), გიორგი ჩოჩიშვილი (ზლატე მორავცე, სლოვაკეთი), ოთო გოშაძე (დინამო თბ);

მცველები: გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ანდრო გიორგაძე (ვორსკლა, უკრაინა), დავით კობოური (დინამო თბ), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელორუსი), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), ვაჟა ფაცაცია (მერანი);

ნახევარმცველები: აკაკი შულაია (დინამო თბ), დავით ცეცხლაძე (სებაილი, აზერბაიჯანი), სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა);

თავდამსხმელები: გურამ გოშთელიანი (საბურთალო), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ბექა მიქელთაძე (რუსთავი), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), დავით მუჯირი (ანტალიასფორი, თურქეთი).
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბუღრიძე საჯარიმოში იყო თავის მეურვესთან ერთად, ხოლო უელსის პენალტის მომენტშ წესების დარღვევა მოხდა საჯარიმოს გარეთ-მცველს ბურთი ხელზე საჯარიმოს გარეთ მოხვდა. უბრალოდ 2 პენალტის მიმოხილვა აურიეთ ერთმანეთში.
ნიკა
17:31 06-06-2018
0
ბუღრიძე საჯარიმოში იყო, მაგრამ უელსის ნაკრების პენალტის მომენტში, გიორგაძეს საჯარიმოს გარეთ მოხვდა ხელზე ბურთი. ასე, რომ 2 პენალტის მიმოხილვა აურიეთ ერთმანეთში.
nika
17:27 06-06-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული