U21. ფინეთი VS საქართველო - ვინ იქნება მესამე?

AutoSharing Option
დღეს, 12 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სტუმრად ფინეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა ქალაქ სეიანიოკში ჩვენი დროით 19:30 წუთზე დაიწყება.

შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეორე არხი უზრუნველყოფს.

კვალიფიკაცია ფინალურ ეტაპს უახლოვდება, მხოლოდ ორი მატჩი გვაქვს დარჩენილი: ფინეთისა და პოლონეთის ნაკრებთან. ჯგუფიდან გასვლის შანსი კარგა ხნის წინ დავკარგეთ, ახლა ის უფრო გვაღელვებს, მოვიპოვებთ თუ არა მესამე ადგილს. ამ პოზიციაზე ფინეთის ნაკრები გვეცილება. ორივე გუნდს 9 ქულა გვაქვს, თუმცა ისინი ბურთების სხვაობით წინ არიან. შანსი აქვს ჩვენთვის ავადსახსენებელ ფარერების ნაკრებსაც,
რომელსაც 6 ქულა აქვს და წინ ლიეტუვასა და დანიასთან ელოდება მატჩები.

ფინეთის ნაკრებთან ერთხელ უკვე ვითამაშეთ საკუთარ სტადიონზე. 2017 წელს მათთან ფრე 2:2 დავაფიქსირეთ. მაშინ გოლები გიორგი ბერიძემ და რომან ჭანტურიამ გაიტანეს, თუმცა იმ ნაკრების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მწვრთნელით დაწყებული ფეხბურთელებით დასრულებული.

ტრადიციულად, ვერც ამ შეხვედრას ვხვდებით დანაკლისის გარეშე, ტრავმები აწუხებთ გიორგი ხარაიშვილსა და გიორგი ქოჩორაშვილს. ამ შეხვედრაში ვერც ნიკა ნინუა იქნება. ლუკა ზარანდიას კი მთავარ ნაკრებში უხმეს.

შემადგენლობა შეძლებისდაგვარად არის დაკომპლექტებული. მალტასთან ამხანაგურ მატჩში მოედანზე მყოფი მოთამაშეები კარგად გაისარჯნენ და დიდი ალბათობით, იძულებითი ცვლილებების გარდა, ამ ფეხბურთელებს გია ცეცაძემ ნდობა უნდა გამოუცხადოს. თუმცა იყო გარკვეული პრობლემები დაცვის ხაზში და ვიმედოვნებთ, ამ პოზიციაზე მეტი კომპაქტურობა იქნება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა), ოთო გოშაძე (დინამო ბთ), ლუკა სანიკიძე (თელავი)

მცველები: გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელორუსი), ლუკა გადრანი (რუსთავი), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ანდრო გიორგაძე (ვორსკლა, უკრაინა), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), დავით კობოური (დინამო თბ), რომან ჩაჩუა (სამტრედია), გურამ გიორბელიძე (სიონი)

ნახევარმცველები: აკაკი შულაია (დინამო თბ), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი, თბილისი), ლევან ელოშვილი (კაპფენბერგი, ავსტრია), გიორგი კუცია (დინამო თბ)

თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი), ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა), ბექა ქავთარაძე (რუსთავი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი)

მეტოქე
გადამეტების გარეშე უნდა ითქვას, რომ ჩვენ უკეთესი ფეხბურთელები გვყავს, ვიდრე ფინეთს, როგორც სათამაშო კლასით, ასევე პერსპექტივით. თუმცა მათი ფეხბურთელები უფრო უკეთეს გუნდებში ვარჯიშობენ და საფეხბურთო ასპექტში მეტი გასაქანი აქვთ.

ამ ფორმაციის ნაკრებში საუკეთესო, ალბათ, ჰოლანდიური "როდას" ცენტრალური მცველი რიჩარდ იენსენია. საკმაოდ სახიფათო ფორვარდია და ჩვენთვის ცუდად გასახსენებელი შოტლანდიური "დანდის" 20 წლის ფეხბურთელი ბენჟამინ კალმანი. ეს ის მოთამაშეა, რომელმაც თბილისში ჩვენს კარში დუბლი შეასრულა და ამავდროულად, ამ შესარჩევში მის ანგარიშზე 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

რაც შეეხება მეკარე ჰუგო კეტოს, ეს ფეხბურთელი გარკვეული პერიოდი "არსენალში" ვარჯიშობდა, ახლა კი "ბრაიტონ ალბიონის" მეორე გუნდის მეკარეა. ფინელები მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა ძალიან მოუკლო და გუნდის ერთ-ერთი სუსტი წერტილია.

საკმაოდ პერსპექტიულია 19 წლის ცენტრალური ნახევარმცველი კაან კაირენენი, რომელიც ტურკუს "ინტერის" ღირსებას იცავს. ის ამ შესარჩევზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო საკუთარ გუნდში.

შემადგენლობა: ჰუგო კეტო - "ბრაიტონი", მარკ ნორდქვისტი - "იერვი", ნიკოლას ჰამალაიენი - ქპრ, ანსელმი ნურმელა - "ფლორა", იონას სანდმენი - სჯკ, საკუ სავოლაინენი - "კუპსი", იუჰანი პიკრაინენი - "ინსბრუკი", რიჩარდ იენსენი - "როდა", ლეო ვაისაენი - "დენ ბოში", ააპო ჰალმე - "ლიდსი", კაან კაირინენი - ტურკუს "ინტერი", ლაური ალა-მაილმაიკი - "ლივსი", სებასტიან დაჰლშტორმი - ჰჯკ, უნჰო ნისსილა - "ზულტ ვარეგემი", საკუ იალატუპა - "აიაქსი", ლასსი ლაპალაინენი - "როპსი", მიკაელ სოისალო - "ზულტ ვარეგემი", ლიმარი ნისკანენი - "კუპსი", ბენჟამინ კალმანი - "დანდი", ეეტუ ვერტაინენი - ჰჯკ.

მოლოდინი
ამ შესარჩევმაც ისე ჩაიარა, როგორც დანარჩენებმა. პერსპექტიული ფეხბურთელებით ფონს ვერ გავედით და მესამე ადგილისთვის ვიბრძვით, რომელიც არაფერს არ ცვლის. თუმცა ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს, ახალი იმედები გვაქვს და დარჩენილი მატჩები მომავალი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მომზადებასა და ახალი გუნდის შეკვრას უნდა დაეთმოს.

დღეს კი უნდა მოვიგოთ, ეს ნაკრებს თავდაჯერებულობისთვის სჭირდება და იმ შედეგების დასავიწყებლად, რითიც ეს საკვალიფიკაციო დავიწყეთ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ფრიად სამწუხაროა, გიორგი ხარაიშვილის არ ყოფნა. ამ ბიჭმა "აკრიფა" ფორმა და მისი ტამაშის ნახვა საინტერესო იქნებოდა. თუმცა წინ კიდევ ბევრი თამაშებია, და იმედია გიორგი (რობი) ბევრჯერ გაგვახარებს...
tngh
12:12 12-10-2018
0
ლინკი არსებობს ნეტა?
mamuka
19:49 12-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული