U21. შვეიცარია VS საქართველო - რას დავუპირისპირებთ საათივით აწყობილ მეტოქეს?

AutoSharing Option
დღეს, 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვეიცარიელ თანატოლებს დაუპირისპირდება.

შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

შეხვედრა შვეიცარიის ქალაქ ვინთერტურის სტადიონზე, "შიოტზენვიცეზე" გაიმართება, რომელიც 9400 ადამიანს იტევს.

საქართველოს ნაკრებს ლიხტენშტეინთან და აზერბაიჯანთან გამარჯვებით 6 ქულა დაუგროვდა და ჯგუფს ლიდერობს. შვეიცარიელები ჯერ მხოლოდ ლიხტენშტეინს შეხვდნენ და 5:0 დაამარცხეს.

ისტორიულად შვეიცარიის ახალგაზრდულ გუნდთან ყოველთვის გვიჭირდა. მეტოქესთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში 6 შეხვედრა გვაქვს გამართული და მათგან 5 წავაგეთ, 1 კი ფრედ ვითამაშეთ. ბოლო შეხვედრა 2011
წელს გავმართეთ შვეიცარიაში და 0:5 დავმარცხდით.

დღესაც ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტია. წლებია 21-წლამდელებში კარგი თაობა გვყავს, თუმცა შედეგი - არა. ამჯერად გია ცეცაძე შეეცდება, ამ თაობას გასაღები მოუნახოს. თუმცა რთულია ისაუბრო მოგებაზე, მაგრამ ფრის მიღწევაც მშვენიერი შედეგი იქნება.

ერთი საინტერესო ფაქტიც მინდა აღვნიშნო: შეხვედრაზე დასწრება 20 შვეიცარიული ფრანკი ღირს. ქართულ ვალუტაში რომ გადავიყვანოთ, ეს დაახლოებით 60 ლარია.

მეტოქე

მოწინააღმდეგეზე გარკვეულ წარმოდგენას გვაწვდის "ტრანსფერმარკეტის" ინფორმაცია და დაახლოებით ძალთა ბალანსს გვაჩვენებს. შვეიცარიის ნაკრები 45.8 მილიონ ევროდ არის შეფასებული, ხოლო ჩვენი - 7.43 მილიონად.

შვეიცარიელთა გამორჩეული ფეხბურთელი და ტალანტი ნოა ოკაფორია, რომელიც "ბაზელის" ღირსებას იცავს. 19 წლის ფეხბურთელს ევროთასების გამოცდილება აქვს. ის საშიშია მარცხენა ფლანგზე, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ნაკრებს ტრავმების გამო ლუკა ლაკვეხელიანი და ლევან ხარაბაძე დააკლდებიან.

მთავარი გოლეადორი ანდი ზექირია, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიის მეორე ლიგაში თამაშობს, თითქმის ყველა ახალგაზრდულ ნაკრებში მთავარი ფორვარდი და გამტანი იყო. 20 წლის ფეხბურთელი პოზიციებსაც კარგად არჩევს და ძალიან მოძრავია.

გუნდის კაპიტანი და ლიდერი 20 წლის ერაი კომერტია, რომელიც "ბაზელის" ცენტრალური მცველი და ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრია.

რაც შეეხება მეკარეს, ეს 20 წლის ანტონი რაციოპპია, რომელიც "ლიონის" ახალგაზრდული გუნდის ღირსებას იცავს. ზოგადად, ნაკრებში 5 ლეგიონერია, რომლებიც "ზალცბურგში", "ემპოლისა" და "აუგსბურგში" თამაშობენ.

რაც შეეხება გუნდის მთავარ მწვრთნელ მაურო ლუსტრინელის, მან გია ცეცაძის მსგავსად, წინა საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოსკენ ჩაიბარა გუნდი. მისი ხელმძღვანელობით 8 მატჩი ჩატარდა - 4 მოიგეს, 1 ფრედ ითამაშეს და 3 წააგეს. რაც შეეხება სხვა გამოცდილებას, ის მანამდე საფეხბურთო კლუბ "თუნში" მუშაობდა.

საქართველოს ნაკრები

საქართველოს ნაკრებს, როგორც მოგახსენეთ, ტრავმების გამო ლუკა ლაკვეხელიანი და ლევან ხარაბაძე გამოაკლდნენ. მათ ნაცვლად მთავარმა მწვრთნელმა იური ტაბატაძე და ვახტანგ ნებიერიძე გამოიძახა.

აზერბაიჯანული მატჩის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ცვლილებებს ნაკლებად უნდა ველოდოთ, გია ცეცაძე აქცენტს მეტწილად იმავე შემადგენლობაზე გააკეთებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კი ასეთია:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი), გიორგი ჩოჩიშვილი (დილა, გორი)

მცველები: ილია ბერიაშვილი (თელავი), თორნიკე ძოწენიძე (თელავი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), დავით კობოური (დინამო, თბილისი), ლაშა უგრეხელიძე (სიონი, ბოლნისი), იური ტაბატაძე (საბურთალო, თბილისი), ვახტანგ ნებიერიძე (ტორპედო, ქუთაისი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი)

ნახევარმცველები:
პაატა კიტეიშვილი (რუსთავი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი, თბილისი), გიორგი კუცია (დილა, გორი), ნიკა ნინუა (დინამო, თბილისი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი)

თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), გიორგი არაბიძე (ადანასპორი, თურქეთი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა, გორი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო, თბილისი), ბექა ქავთარაძე (რუსთავი)

მკითხველის კომენტარები / 5 /
ამ გუნდს დაამატონ ზურა და ხვიჩა და შვეიცარიის თბილისში, და სლოვაკეთის ორივე თამაშში დამარცხება შესაძლებელია.
Kkk
11 ოქტომბერი 2019 23:08
0
სილაგაძეს და ვინმე კიტეიშვილს რომ იძახებს იმის შემდეგ რა უნდა თქვა საერთოდ,,ერთი ძლივს დადის მინდორზე,მეორე საერთოდ ვერ გარკვეულა ვერაფერში
eke
11 ოქტომბერი 2019 21:48
0
ფრეზე თამაში არ მგონია გამოვიდეს ჩვენი დაცვის იმედადად, ჩვენი შანსია მოგებაზე ფიქრი და იქნებ ფრეს გამოვკრათ ხელი.დდ
Kkk
11 ოქტომბერი 2019 12:41
2
ამ გუნდმა ნავსი უნდა გატეხოს და მოიგოს. არა მგონია შვეიცარიას არაბიძეზე და კოხრეიძეზე ან/და ნინუაზე უფრო კარგი ფეხბურთელები ჰყავდეს.
თემური
11 ოქტომბერი 2019 11:20
7
გამარჯვება საქართველოს
irakli
11 ოქტომბერი 2019 11:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული