U21. სლოვაკეთი VS საქართველო - გვინდა ჯგუფიდან გასვლა? მაშინ უნდა მოვიგოთ!

AutoSharing Option
დღეს, 18 ნოემბერს, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკ თანატოლებს სტუმრად დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და ქართველ გულშემატკივრებს მატჩის ნახვა "პირველი არხის" პირდაპირ ეთერში შეეძლებათ.

მატჩს სლოვაკეთის ქალაქ ნიტრას 7 500-იანი სტადიონი "პოდ ზაბორომ" მასპინძლობს.

საფრანგეთთან დასანანი მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრების მოტივაცია გაორმაგებული უნდა იყოს, ჯგუფიდან გასასვლელად და კარგი განწყობის შესაქმნელად ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელებმა სლოვაკეთის დამარცხება უნდა შეძლონ.

სლოვაკეთის ნაკრები


აღნიშნულ შესარჩევ ციკლში სლოვაკებმა სულ 3 შეხვედრა ჩაატარეს: აზერბაიჯანთან სტუმრად 1:2 დამარცხდნენ, შინ ლიხტენშტეინს 4:2 მოუგეს და
ფრანგებთან 3:5 წააგეს.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სლოვაკებს არც ისე ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ  და თამაშის ის ხარისხი, რაც გია ცეცაძის გაწვრთნილებმა გასულ მატჩებში აჩვენეს, გვაძლევს ვარაუდის გამოთქმის საშუალებას, რომ ქართველ ფეხბურთელებს მეტოქის საკუთარ მოედანზევე დამარცხება  შეუძლიათ.

აქვე, წარმატების მისაღწევად წარსული გამოცდილება არ უნდა დაგვავიწყდეს. ამ დონეზე სლოვაკებს სულ ორჯერ შევხვდით - 2013 წელს შინ 1:3 დავმარცხდით და შემდეგ სტუმრად 0:1 წავაგეთ. მაშინდელ ახალგაზრდულ ნაკრებში ეროვნული ნაკრების წევრები თამაშობდნენ: კვირკველია, ანანიძე, კვეკვესკირი, ყაზაიშვილი, ჯიღაური, ჭანტურია, ქვილითაია და ა.შ.

სლოვაკების სატრანსფერო ფასი "ტრანსფერმარკეტზე" 5.12 მილიონი ევროა. ჩვენი ორჯერ მეტი -  10.4 მილიონი.

მიმდინარე შესარჩევში გუნდის მთავარი ბომბარდი, ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი  -  გუნდის კაპიტანი და პლზენის "ვიქტორიას" ფეხბურთელი კრისტიან ჰერცია, რომელმაც უკვე სამი გოლის გატანა მოახერხა.

ნაკრებში 5 ლეგიონერი თამაშობს. ესენი არიან: ჩვენ მიერ ნახსენები კრისტიან ჰერცი,  დომინიკ სპირიაკი ("ერგოტელისი", საბერძნეთის მეორე ლიგა), პეტერ პოკორნი ("ლიეფერინგი", ავსტრიის მეორე ლიგა), მარტინ ადამაჩი ("ოდრა პოლე", პოლონეთის მეორე ლიგა). კიდევ ერთი სახიფათო ფეხბურთელი ლუბომირ ტუპტაა, რომელიც იტალიური "ჰელასს ვერონას" ფეხბურთელია, ამ შესარჩევ ციკლში ორი გოლიც გაიტანა, თუმცა მას სერია A-ში შეხვედრა არ ჩაუტარებია.

ნაკრებს 44 წლის სპეციალისტი ადრიან გულა წვრთნის, რომელიც მანამდე "ტრენჩინისა" და "ჟილინას" მწვრთნელი იყო. ახალგაზრდულმა ნაკრებმა მისი ხელმძღვანელობით 11 შეხვედრა ჩაატარა, მათგან 6 მოიგო და 5 წააგო.

საქართველოს ნაკრები


ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ნაკრების სლოვაკმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ზურიკო დავითაშვილი ახალგაზრდულ ნაკრებს დაუთმო, რათა მისივე ქვეყნის 21-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ ეთამაშა. ზურიკო დავითაშვილი 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებისთვის ისედაც დიდი ძალაა, თუმცა იმ ფონზე, როცა გუნდს გიორგი არაბიძე აკლია, ზურიკო ნაკრებისთვის ორჯერ მეტად ფასობს.

საფრანგეთთან ჩატარებული მატჩის ბოლო წუთზე დანიშნულმა პენალტმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ქართველ გულშემატკივარში. იმ რაკურსით, რაც ტელევიზიის საშუალებით ვნახეთ, უფრო არ იყო, ვიდრე იყო. თუმცა ამის შეცვლა უკვე აღარავის შეუძლია. მთავარია, ამ მომენტმა უარყოფითად არ იმოქმედოს სლოვაკეთთან გასამართ შეხვედრაზე.

ფეხბურთი იმით არის გამორჩეული სპორტი, რომ ხშირად ვხვდებით ლოგიკის საწინააღმდეგო მოვლენებს. ასეთი მომენტები თან ახლდა საფრანგეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩს, განსაკუთრებით, ჩვენი გუნდის დაცვის ხაზის თამაშში. რთულია წინასწარ განსაზღვრო, რომ საქართველოს ჩემპიონატის და იგივე სლოვაკეთის ჩემპიონატის მეორე ლიგის მცველები, არაფერს დაუთმობენ "სელტიკისა" და "ლივერკუზენის", "ლიონის" და ა.შ. შემტევებს. რა თქმა უნდა, საუბარია ილია ბერიაშვილსა და ლუკა ლოჩოშვილზე.

მარტო ფეხბურთელების მონდომება დადებითი შედეგის გარანტი არაა, ცენტრალური ფაქტორი პოზიტიური ანგარიშის მიღწევაში გუნდის მთავარი მწვრთნელია. გია ცეცაძემ, რომელსაც უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელები აკლდა, არაფერი დაუთმო ვარსკვლავებით დახუნძლულ საფრანგეთის გუნდს.

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ერთადერთხელ აქვს ჯგუფში მეორე ადგილი დაკავებული. ეს 1996 წელს იყო. თუმცა, იმ დროს, ჯგუფიდან მხოლოდ პირველადგილოსნები გადიოდნენ. მაშინ პირველ ადგილზე ინგლისი გავიდა. მას შემდეგ ჯგუფიდან გასვლის შანსი 2011 წელს გვქონდა, თუმცა იქ ბოლო ტურში სომხეთთან დავმარცხდით და მესამე ადგილს დავჯერდით.

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა
ლუკა გუგეშაშვილი, ნიკა მალი, ლუკა ლოჩოშვილი, ილია ბერიაშვილი , დავით კობოური, იური ტაბატაძე, ნიკა ნინუა, გიორგი კუცია, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ბექა ქავთარაძე.

საქართველოს ნაკრების განაცხადი


მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი);

მცველები: ილია ბერიაშვილი (თელავი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), დავით კობოური (დინამო თბ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), ნიკა მალი (საბურთალო), ვახტანგ ნებიერიძე (ტორპედო);

ნახევარმცველები: იური ტაბატაძე (საბურთალო), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), გიორგი კუცია (დილა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ჩიხურა), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, რუსეთი);

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი).

altU21. საქართველოს ნაკრებთან გამარჯვება მსაჯმა საფრანგეთს ხონჩით მიართვა [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 10 /
სტადიონს მაგარი სახელი აქვს)))))))))))))))))))))))))))))). ხოდა მაგ ღობის ძირში უნდა მოუგოთ ქართველებო!!!
zura
15:25 18-11-2019
1
ფრანგებთან ძალიან დამღლელი მატჩის შემდეგ,მოვასწრებდით აღდგენას?
სოსო
13:27 18-11-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული