ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა 2

ფოთის "კოლხეთის" დირექტორი: კლუბმა დათქმულ დროს ვერ გადაიხადა სახელფასო დავალიანება და დიდი ალბათობით...

AutoSharing Option
კლუბმა ვერ გადაიხადა დათქმულ დროს ფეხბურთელების სახელფასო დავალიანება. დიდი ალბათობით, ფოთის "კოლხეთი 1913“-ს 6 ქულა მოაკლდება, რაც ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადასაწყვეტია - ამის შესახებ ჟურნალისტებს საფეხბურთო კლუბ "კოლხეთი 1913“-ის დირექტორმა ზაზა ინაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, გუშინ გუნდს თანხები შემოწირეს, მაგრამ მიზერულია, რაც არსებულ ფინანსურ დავალიანებას არ ფარავს.

"კლუბმა ვერ გადაიხადა დათქმულ დროს ფეხბურთელების სახელფასო დავალიანება. დიდი ალბათობით, ფოთის "კოლხეთი 1913“-ს 6 ქულა მოაკლდება, რაც ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადასაწყვეტია.

სპონსორული შემოწირულობები არის მიზერული, რაც არანაირ დავალიანებას არ ჰყოფნის. მე ახალი დანიშნული
დირექტორი ვარ. ჩემდა სამწუხაროდ, ვერანაირად ვერ დავეხმარე გუნდს და უახლოეს მომავალში მივიღებ გადაწყვეტილებას, დავრჩები თუ არა გუნდში ამ პოზიციაზე", - განაცხადა ზაზა ინაშვილმა.

საფეხბურთო კლუბ ფოთის "კოლხეთი 1913“-ს გუშინ, დღის ბოლომდე უნდა დაეფარა გასულ სეზონში მოასპარეზე ფეხბურთელების დავალიანება. საუბარია 45 ათას ლარზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი სპორტულ-ტექნიკური კომისია აამოქმედებდა სანქციას და გუნდს ექვსი ქულა დააკლდებოდა.

ამჟამად ფოთის "კოლხეთი 1913“ მეორე ლიგაში მე-8 ადგილზეა. დავალიანების გადაუხდელობამ შესაძლოა სატურნირო ცხრილში მათი მდგომარეობა გააუარესოს.

გუშინ ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებდნენ, რომ პრობლემის მოგვარების მიზნით თანხების მოძიება მიმდინარეობდა, თუმცა დღეს ამ საკითხზე მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.