ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა 2

ფოთის "კოლხეთი" კატასტროფის წინაშეა - შესაძლოა, გუნდი გათამაშებიდან მოხსნან

AutoSharing Option
თუ ფოთის ,,კოლხეთი 1913“- მა 15 აგვისტომდე არ დაფარა 5 ფეხბურთელის დავალიანება, რაც დაახლოებით 41 ათას ლარს შეადგენს, გუნდი მოიხსნება გათამაშებიდან, ამის შესახებ ჟურნალისტებს საფეხბურთო კლუბ ფოთის ,,კოლხეთი 1913“-ის დირექტორმა ზაზა ინაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, გუნდს ასევე გადასახდელი აქვს 18 ფეხბურთელის და 1 მწვრთნელის დავალიანება.

,,ფოთის ,,კოლხეთი 1913“ ისევ რჩება პრობლემების წინაშე. გარდა იმისა, რომ 15 აგვისტომდე დასაფარია 5 ფეხბურთელის დავალიანება, რაც 41 ათას ლარს შეადგენს, გუნდს უჩივის 18 ფეხბურთელი და ერთი მწვრთნელი,  სოლიდურია მათი საჯარიმო თანხებიც. თუ არ გამოინახა
უახლოეს პერიოდში ფინანსები, ცუდი პროგნოზია, მაგრამ დიდი ალბათობაა, რომ ,,კოლხეთი 1913“ გამოეთიშოს ჩემპიონატს.

ამ დროისთვის გუნდის სპონსორულ ანგარიშზე შემოსულია 9 ათასი ლარი. ეს ორი კვირაა გროვდება, რაც სამწუხაროდ ძალიან ცოტაა და არანაირ დავალიანებას არ ყოფნის. რამდენიმე ფეხბურთელი წავიდა. ახლებს ვერ ვღებულობთ, ყველამ იცის აქ კრიზისია. თუ დავალიანება ვერ დავფარეთ, ფედერაციის წერილში წერია, რომ გუნდი იხსნება გათამაშებიდან. ჯერჯერობით რესურსი ამ თანხის გადახდის არ ჩანს. ვერ გეტყვით ხვალ და ზეგ რა იქნება,  მობილიზება როგორ გამოცხადდება, გულთან მიიტანენ თუ არა ჩვენი მოქალაქეები ამ პრობლემას და დაეხმარებიან თუ არა ,,კოლხეთს“, ეს მათი გადასაწყვეტია,“- განაცხადა ზაზა ინაშვილმა .

ფოთის მერიაში ადასტურებენ , რომ გუნდში მძიმე ფინანსური მდგომარეობაა. მერიის შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანო სწავლობს აღნიშნული დავალიანების წარმოშობის მიზეზებს და მათ კანონთან შესაბამისობას. პარალელურ რეჟიმში, გუნდის ხელმღვანელობასთან და გულშემატკივრებთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს სპონსორების მოძიება, აღნიშნული დავალიანების დასაფარად თანხების მოძიების მიზნით. დამატებით მუშავდება სტრატეგია გუნდის გრძელვადიანი განვითარების შესახებ. ვეძებთ არსებული ვითარებიდან გამოსავლის გზებს. გამოვთქვამთ იმედს, რომ მიღებული იქნება გუნდის განვითარებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება," - განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

მაიკო ძაგანია