"საბურთალოს" მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს კლუბის პრესსამსახური ესაუბრა.
- გორის "დილასთან" "საბურთალომ" ბოლომდე იბრძოლა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. მართალია, ხარისხი არ იყო სასურველი და ამ ეტაპისთვის არ ვართ ოპტიმალურ ფორმაში, მაგრამ ეს ჩვეულებრივი პროცესია. კარგია, რომ ქულებს ვაგროვებთ და პირველ ადგილზე ვიმყოფებით. იმედი მაქვს ჩემი ფეხბურთელების და მჯერა, მალე ბევრად მაღალი დონის ფეხბურთს ვაჩვენებთ.
- რამდენად რთული იყო ჩატარებულ შეხვედრებში გამარჯვების მოპოვება?
"სიონთან" პირველ ტაიმს ვაგებდით, მაგრამ შემდეგ მოვახერხეთ სამი ქულის მოპოვება. დიდი იყო შანსი, რომ ფრედ დასრულებულიყო შეხვედრა ან სულაც წაგვეგო, მაგრამ ბიჭებმა მობილიზება შეძლეს და წარმატებას მიაღწიეს. "კოლხეთთანაც" პირველ ნახევარში ვმარცხდებოდით, მაგრამ მეორე ტაიმში სასურველ შედეგს მივაღწიეთ.
- გუნდმა რამდენჯერმე შემოატრიალა თამაში. როგორც ჩანს, ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად მომზადებულები არიან...
- არა მხოლოდ პირველ და მეორე გუნდს, არამედ მთლიანად "საბურთალოს" აკადემიას მებრძოლი ხასიათი აქვს ჩამოყალიბებული. ფეხბურთში ყველაფერი ხდება - შეიძლება თავიდან დაწინაურდე და დამარცხდე, ან აგებდე და შემდეგ მიაღწიო წარმატებას. ჩვენ ყველა თამაშზე ბოლომდე ვიბრძვით.
- იმის გარდა, რომ "საბურთალოს" წარმატებული სტარტი აქვს, ამავდროულად, დამატებითი მოტივაციაა, რომ კლუბი პირველ ადგილზე იმყოფება...
- საწყის ტურებს დიდი მნიშვნელობა აქვს. კარგია, რომ ზედიზედ მოვიპოვეთ გამარჯვებები, თუმცა ჩემპიონატი მარათონულია და წარმატებები უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ ასეთივე სტარტი რამდენიმე წლის წინაც გვქონდა, როდესაც უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონს ვატარებდით, მაგრამ ვერ შევძელით მისი შენარჩუნება.
- "საბურთალოში" დიდი კონკურენციაა. ხშირად გამოცდილი ფეხბურთელები 18-კაციან განაცხადს მიღმა რჩებიან. რთული არ არის ფეხბურთელისთვის ეს ფაქტორი, თუ ფსიქოლოგიურად ამისთვისაც მზად არიან?
- რა თქმა უნდა, ფეხბურთელისთვის რთულია და თამაში ყველას უნდა. თუმცა, ეს კონკურენციაა და დაუმსახურებლად არავინ არ ხვდება ძირითად შემადგენლობაში. გასულ წელს ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა, რომ წლეულს ევროპის ლიგაზე გვეთამაშა, მაგრამ შარშან არ გვქონდა გრძელი სათადარიგო სკამი. ახლა რომ გადავხედოთ ჩატარებულ მატჩებს, ტრავმის გამო იაშვილი, მალი, ლაკვეხელიანი და გრიგალაშვილი გვაკლდნენ, მაგრამ ამ ფეხბურთელების სრულფასოვანი ჩანაცვლება მოვახერხეთ იმიტომ, რომ გრძელი სათადარიგო სკამი გვაქვს.
- ახალწვეულები რამდენად შეეწყვნენ "საბურთალოს" სათამაშო სტილს?
- სელექცია არასდროს ჩამიტარებია ისე, რომ არ ვიცოდე ფეხბურთელის შესაძლებლობები. კლუბის ხელმძღვანელებმა მაქსიმალურად შემიწყვეს ხელი და ის ფეხბურთელები მოვიყვანეთ კლუბში, ვისი ხილვაც მსურდა. ამისთვის მათ მადლობას გადავუხდი.
- გიორგი ხარაიშვილი კლუბის საკვანძო ფეხბურთელი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ეს პროცესი უმტკივნეულოდ გადაიტანა "საბურთალომ"...
- "საბურთალოს" გიორგი ხარაიშვილი ისევ ჰყავს და ეყოლება ცხოვრების ბოლომდე. გუშინ ხარაიშვილების ოჯახი ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს, ისევე, როგორც გიორგი. ხარაიშვილის დარი ფეხბურთელები საქართველოში არ არიან. "რობი" გამორჩეულია თავისი სათამაშო სტილით, დრიბლინგით, ძლიერი დარტყმით, გამოზომილი გადაცემებით, შესრულებული სტანდარტულებითა და ნიჭით.
რა თქმა უნდა, ხარაიშვილი ძალიან დააკლდა თბილისურ კლუბს. ახლა იგი "საბურთალოში" რომ იყოს, კიდევ უფრო ძლიერი იქნებოდა ჩვენი გუნდი, თუმცა, რაც მოხდა და როგორი გადაწყვეტილებაც მიიღეს ხელმძღვანელებმა, მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთელის საკეთილდღეოდ.
ხარაიშვილი "საბურთალოში" რომ ირიცხებოდეს, ახლა ჩვენი კლუბის სამეულში მოხვედრა კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დადგებოდა.