ეროვნული ლიგა. V ტურის წინ: ქუთაისში იმერული დერბია

AutoSharing Option
* ტორპედოს "ფეისბუქის" გვერდის ფოტო

დღეს, 4 აპრილს ეროვნული ლიგა მე-5 ტურით განახლდება. ნელ-ნელა ლიგაში დაძაბულობაც მატულობს და ფავორიტებიც იკვეთება. თუ რა გველის ამ ტურში, იხილეთ ჩვენს პრევიუში:

Sportall.Ge

წინა სეზონში რანგით მეორე ლიგაში "რუსთავმა" ბოლნისელები სამ შეხვედრაში დაამარცხა და ერთი ფრედ ეთამაშა. დღეს კი ამ გუნდების დაპირისპირებას სულ სხვა ხიბლი ექნება.

"რუსთავი", როგორც გუნდი, ჯერ კიდევ ვერ შედგა. კლუბი ბოლო შეხვედრაშიც "საბურთალოსთან" დამარცხდა. ვლადიმირ გაზაევს ჯერჯერობით ოთხი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს და ცხრილის ბოლოსთან ახლოს არის.

რუსთაველთა ტრანსფერების შემდეგ
სამმატჩიანი წაგებათა სერია წარმოუდგენელი იყო და ასევე დაბალი დონისაა ის ფეხბურთი, რასაც "რუსთავი" თამაშობს. ფაქტია, რომ კლუბში გაზაევის პრინციპებს ბევრი რამ შეეწირა.

ბოლნისელები, იმ კონტინგენტით, რაც ჰყავთ, ურიგო შთაბეჭდილებას არ ტოვებენ. "სიონი" გამართულ, შემტევ ფეხბურთს თამაშობს და თავის მაქსიმუმს აკეთებს.

თუნდაც წინა ტური ავიღოთ, როცა ცოტა დააკლდათ "დილასთან" მატჩის შემობრუნებამდე. თუ 84-ე წუთამდე 3:0-ს აგებდნენ, ორ წუთში სხვაობა 3:2 გახადეს და გორელთა ფეხბურთელები საერთოდ ვეღარ უწევდნენ წინააღმდეგობას.

ფაქტია, "მესხზე" დაძაბული შეხვედრა გველოდება, ფავორიტი "რუსთავი" იქნება, თუმცა არც ბოლნისელები დაუთმობენ რამეს.

Sportall.Ge

თბილისურ დერბიში ორი რადიკალურად განსხვავებული გუნდის დაპირისპირება გველოდება. "საბურთალომ" ყველა მატჩი მოიგო და "ლოკომოტივს" ჯერ მოგება არ აქვს.

"საბურთალოს" ბრწყინვალე ასპარეზობა, პირველ რიგში, გიორგი ჭიაბრიშვილის დამსახურებაა. კლუბმა ოთხიდან სამ მატჩში თამაში მეორე ტაიმში შემოატრიალა და მოიგო.

ასე იყო "რუსთავთანაც", მატჩის 86-ე წუთზე ტატანაშვილის გოლით და 92-ე წუთზე გონსალვეშის გოლით გავიდნენ წინ. მანამდე მეტ-ნაკლებად თანაბარი თამაში იყო და პოზიციების მოპოვებაზე მიდიოდა ბრძოლა.

"რკინიგზელთა" ასპარეზობაში არის პროგრესი. გუნდი შეხვედრას ერთ ტემპში თამაშობს. პირველ სამ შეხვედრაში კი თავიდან კარგი ასპარეზობის მიუხედავად, შემდეგ "ლოკომოტივის" ფეხბურთელებს ძალა აღარ ჰყოფნიდათ და აგებდნენ.

წინა შეხვედრაში კი "ჩიხურასთან" 10-კაციანმა "ლოკომოტივმა" 70 წუთი მეტოქესაც გაუძლო და გამარჯვების შანსიც ჰქონდა. გამოსარჩევი იყო გუნდის კაპიტანი ნიკა ჭანტურია, რომელიც დაცვასა და შეტევაშიც კარგად ირჯებოდა.

წინა სეზონში ამ გუნდების დაპირისპირება "საბურთალოს" 3 გამარჯვებით და 1 ფრით დასრულდა. ორივე გუნდს სჭირდება ქულები, ოღონდ სხვადასხვა მიზნისთვის - მასპინძლებს ლიდერობის განსამტკიცებლად და სტუმრებს ბოლო ადგილისგან თავის დასაღწევად.

Sportall.Ge

დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი შეხვედრა გველის.

"ჩიხურა" მეორე გუნდია, რომელიც დაუმარცხებელია. საჩხერელების ასეთი შედეგიანობა მოულოდნელია, იმ ფონზე, რომ "ჩიხურას" დანაკლისი უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე შევსება.

ეს, რა თქმა უნდა, სოსო ფრუიძის დამსახურებაა, რომელიც გუნდს შესაბამისად არგებს ტაქტიკას. ფრუიძის ცვლილებებსაც შედეგი მოაქვს - მისმა ცვლილებებმა ბოლო ორ ტურში გუნდს 4 ქულა მოუტანა. 

"დინამომ" პირველ ტურში დამარცხების შემდეგ ზედიზედ სამი მატჩი მოიგო და ერთმანეთზე უფრო ძლიერი მეტოქეები დაამარცხა: "ტორპედო", "სამტრედია", "ლოკომოტივი".

შესანიშნავ ფორმაში არიან გუნდის შემტევები: აკაკი შულაია, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ივანიშვილი და განსაკუთრებით გამოყოფის ღირსია გუნდის კაპიტანი ოთო კიტეიშვილი - რომელიც საუკეთესოა.

წინა სეზონში ამ გუნდების დაპირისპირებაში 3 მატჩი თბილისელებმა მოიგეს, ერთი კი - საჩხერელებმა. იმერლები შეეცდებიან, თბილისელ შემტევებს თავისუფალი ზონები მაქსიმალურად დაუკეტონ და კონტრშეტევებზე შეუტიონ. აი, "დინამოს" კი მეტოქის ძლიერი დაცვის გადასალახავად სათამაშო კრეატივი დასჭირდება.

Sportall.Ge

ზესტაფონში, "დავით აბაშიძის" სტადიონზე, დიდი ფეხბურთი "კოლხეთმა" დააბრუნა. ფოთელები ზესტაფონში ნომინალური მასპინძლები არიან.

"კოლხეთს" მწვრთნელის გაშვებამ უშველა, ნუგზარ თვარაძის დანიშვნის შემდეგ კლუბმა 4 ქულა მოიპოვა და პირველ ორ ტურში გაშვებული 10 გოლის შემდეგ მათი კარები აღარავის დაულაშქრავს. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია, რომ წინა ტურში სენსაციურად "სამტრედია" 2:0 დაამარცხეს.

ფოთელთა შემადგენლობაში გამოსარჩევია ლეგიონერები: მეკარე ანდრეი პოლტავცევი, რომელმაც ორი შეხვედრა ითამაშა და ორივე შემთხვევაში კარი მშრალად შეინახა, შემტევი ვლადიმირ გოგბერაშვილიც, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და წინა ტურში დუბლი შეასრულა.

გორელთა შემთხვევაშიც ლეგიონერები ბრწყინავენ. ულამაზეს ფეხბურთს გვთავაზობს ჰოლანდიელი ალვინ ფორტესი და მისი თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა. მშვენიერი გოლი გამოუვიდა კლუბის ახალწვეულს, განელ ისიფუ ლემპტს და ნახევარწლიანი უგოლო პერიოდის შემდეგ მიკოლა კოვტალიუკი გოლით დაბრუნდა.

"დილამ" მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმო და ისიც დაუმარცხებელ "საბურთალოსთან". სხვა შემთხვევაში გორელები ყველგან ფავორიტად გამოიყურებიან და სათამაშო სტილით გამორჩეულები არიან.

წინა სეზონში თითო მატჩი მოიგო ორივე გუნდმა და 2 ფრე ითამაშა.

Sportall.Ge

"დერბი დელა კოპიტნარი" ან "კოპიტნარული დერბი" მშვენიერი სახელი იქნებოდა ამ დაპირისპირებისთვის. ხშირად მომისმენია ქუთაისელების და სამტრედიელების კამათი ამ ადგილზე, რომ კოპიტნარი მის ქალაქს ეკუთვნის.

ორივე გუნდი ამ ტურს ცუდი განწყობით ხვდება, რადგან წინა ტურში არასასურველ მეტოქეებთან დამარცხდნენ.

"ტორპედომ" წინა შეხვედრაში თავის პრინციპულ მეტოქესთან, "დინამოსთან" 0:2 დათმო. ფაქტია, რომ ქუთაისელები ჯერ ფორმაში არ შესულან და კარგი იქნებოდა, რიგ პოზიციებზე ლეგიონერით თუ არა, ქართველი ფეხბურთელით გაძლიერებულიყვნენ, მაგრამ ეს დაგვიანებულია და ზაფხულამდე ახალ ტრანსფერებს არ უნდა ველოდოთ.

წინა მატჩში მარცხი კი, ძირითადად, ინდივიდუალური შეცდომების ბრალი იყო. თუნდაც ლიპარტიას შემთხვევა ავიღოთ, რომლის ბურთის დაკარგვით ორი სახიფათო მომენტი შეიქმნა და ერთში გოლიც მიიღეს. გუნდის კაპიტანი როინ კვასხვაძეც ვერ გამოიყურებოდა კარგად, რომელსაც რიგ მომენტებში მეტი სტაბილურობა მართებდა. თუმცა მეორე გოლი ნამდვილად საკამათო იყო, თუ რამდენად წესების დაცვით გავიდა.

"სამტრედია" სენსაციურად დამარცხდა ლიგის აუტსაიდერად მიჩნეულ "კოლხეთთან". "ვარსკვლავური ლეგიონერები" ჯერ კიდევ ვერ იქცნენ ეროვნული ლიგის ვარსკვლავებად და სამტრედიელ ფეხბურთელთა მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან დაბალია.

სამტრედიული გუნდი მესამე მატჩია აგებს და ვერც იმას იტყვი, რომ რთული კალენდარი შეხვდა. აქ ორი მიზეზი შეიძლება დავასახელოთ: არსებული ფეხბურთელთა კონტინგენტი ვერ თამაშობს ან მწვრთნელი ვერ ახერხებს გუნდის გაძღოლას.

წინა სეზონში "ტორპედომ" სამი მატჩი მოუგო "სამტრედიას" და ერთიც ფრედ ითამაშეს. ამ სეზონში კი ორივე გუნდს სჭირდება გამარჯვება, ნეგატიური განწყობის გადასაფარად. თუმცა ამას უფრო ქუთაისელები შეძლებენ, რომლებსაც საკუთარ სტადიონზე მე-12 მოთამაშე ელით.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული