ეროვნული ლიგა. VI ტურის წინ. ორი ბრძოლა თბილისსა და ქუთაისში

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-6 ტური თბილისში, "მიხეილ მესხზე" განახლდება. ტური სამ დღეზეა განაწილებული და კვირას დასრულდება.

13 აპრილი. თბილისი, მიხეილ მესხის სტადიონი. 20:00

"რუსთავი"-"კოლხეთი"

ტური საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებით გაიხსნება, რუსთაველები ფოთელებს საფეხბურთო დუელში დაუპირისპირდებიან.

"რუსთავმა" სამმატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ ბოლნისის "სიონი" 2:0 დაამარცხა და გუნება-განწყობა გამოიკეთა. გამოსარჩევია ის ფაქტიც, რომ სათამაშო ხარისხიც უკეთესი იყო და გუნდი წინა ტურებთან შედარებით შეთამაშებული ჩანდა.

"რუსთაველთა" ამ ფორმაციის ლიდერი კაპიტანი მამუკა კობახიძეა, რომელიც ჯერჯერობით ყველაზე სტაბილურად ასპარეზობს. აღსანიშნავია, რომ წინა შეხვედრაში გუნდს დაუბრუნდა მათე კვირკვია,
რომელიც თბილისის "დინამოსთან" საუკეთესო იყო.

"კოლხეთი" "სამტრედიასთან" მოულოდნელი გამარჯვების შემდეგ გორის "დილასთან" 0:3 დამარცხდა და დღესაც აუტსაიდერად უნდა მოვიაზროთ. ფოთელებს ეროვნულ ლიგაში ყველაზე მეტი, 13 გოლი აქვთ გაშვებული და კლუბის ფეხბურთელები ხშირად ძალიან მარტივ შეცდომებს უშვებენ, რითაც მეტოქეს წინსვლის საშუალებას აძლევენ.

რთული იქნება "კოლხეთისთვის", რუსთაველებს რაიმე დაუპირისპიროს, თუმცა ეროვნულ ლიგაში ყველაფერი ხდება.

14 აპრილი. თბილისი. მიხეილ მესხი 2. 16:30
"ლოკომოტივი"-"სიონი"

ორი გუნდი და ორივე ერთნაირ სიტუაციაში, ერთი მოგებითა და ერთი ფრით მე-7-მე-8 პოზიციებს ინაწილებს.

"ლოკომოტივს" პირველი მოგება იმდენად კარგი გამოუვიდა, რომ ნამდვილად უნდა ჰქონდეთ კმაყოფილების საფუძველი. მათ "საბურთალოს" მოგებათა სერია დაუსრულეს და სატურნირო მდგომარეობაც გამოასწორეს.

"საბურთალოსთან" მატჩში შესანიშნავად გაისარჯა ვატო არველაძე, რომელიც გუნდს ლიდერობდა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე. აღსანიშნავია რევაზ თევდორაძის კარგი თამაშიც, რომელმაც თბილისურ დერბიში მეტოქის შემტევებს არაფერი დაუთმო.

ბოლნისელებმა ბოლო ორი შეხვედრა დათმეს, წინა ტურში "რუსთავთან" 0:2 დამარცხდნენ. მიუხედავად ამისა, ამ გათამაშებაში "სიონის" ასპარეზობას არ ეთქმის ცუდი, ისინი კარგად ახერხებენ თითოეული ქულისთვის ბრძოლას. მათი მიზანიც ხომ ეს არის, ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება.

ფავორიტის გამოყოფა რთულია, თუმცა გარკვეული უპირატესობა თბილისელებს ექნებათ და თამაშის მიმდინარეობასაც ისინი წაიყვანენ.

14 აპრილი. ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი. 19:00
"ტორპედო"-"ჩიხურა

იმერულ დერბიში ყოველთვის დიდი ინტრიგაა, ორივე გუნდი ურთიერთდაპირისპირებებში საინტერესო ფეხბურთს გვთავაზობს. თუმცა წინა წელს უპირატესობა ქუთაისელთა მხარეს იყო, "ტორპედომ" "ჩიხურას" სამი მატჩი მოუგო.

ამ გუნდების დაპირისპირება ამ სეზონშიც შედგა, საქართველოს სუპერთასზე "ტორპედომ" "ჩიხურა" 2:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ წინა ტურში "ტორპედომ" ერთი იმერული დერბი უკვე მოიგო, მაგრამ ამ სეზონში ქუთაისელებისთვის საჩხერელები უფრო რთულ მეტოქედ უნდა მოჩანდნენ.

"ტორპედოს" მთავარი პრობლემები თავდასხმის ხაზში აქვს, გუნდს თორნიკე კაპანაძე აკლია. ევგენი ბოხაშვილი კი ჯერ კიდევ ვერ აჩვენებს იმ ფეხბურთს, რის გამოც კახა ჩხეტიანი ბოლომდე ნდობას გამოუცხადებს. ქუთაისელთა ხელმძღვანელს რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, რადგან "ჩიხურა" ამ სეზონში ერთ-ერთ საუკეთესო დაცვას თამაშობს და თავდამსხმელის გარეშე ძალიან გაუჭირდებათ.

"ჩიხურას" დაუმარცხებელი სერია წინა ტურში თბილისის "დინამომ" დაასრულა. საჩხერელებმა თითქმის ყველა კომპონენტში აჯობეს თბილისელებს და ასეთ მარცხს მართლაც დასანანი უნდა ვუწოდოთ.

"ჩიხურა" მარტო დაცვით არ არის გამორჩეული, ძალიან ეფექტურად თამაშობს შემტევი ხაზიც. შესანიშნავია ირაკლი ბუღრიძე, რომელიც ამ სეზონში "ჩიხურას" ყველა მატჩში გამორჩეულია თავისი ეფექტური მოძრაობებითა და ხედვით.

ფაქტია, იმერეთში დიდი "საფეხბურთო ომი" გველოდება.

15 აპრილი. ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონი. 16:00

"სამტრედია"-"დილა"

"სამტრედია" დასავლეთში ბრუნდება და მის მეზობელ ქალაქში გამართავს საშინაო მატჩებს. ეს კი გულშემატკივრებს საყვარელი კლუბის ქომაგობის საშუალებას მისცემთ.

"სამტრედიაში" მარტო ეს არაა სიახლე. კლუბი მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა დატოვა და მის ნაცვლად გუნდს ბადრი კვარაცხელია გაუძღვება.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იმერული კლუბი ცხრილის ბოლოში იქნებოდა, თუმცა ამაზე ზეგავლენა ბევრმა ფაქტორმა მოახდინა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კლუბის შიგნით არსებული ატმოსფეროა.

ვნახოთ, შეძლებს თუ არა ამ ყველაფრის დალაგებას ბადრი კვარაცხელია და გააერთიანებს თუ არა გუნდს, რადგან ეს ახლა სამტრედიელებს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

გორელებს სიტუაცია იდეალურად აქვთ, კლუბი ამ სეზონში საკმაოდ ეფექტურ ფეხბურთს თამაშობს, გუნდის თითოეული ფეხბურთელი აქცენტს ლამაზ ფეხბურთზე აკეთებს.

ალვინ ფორტესი, ლეონარდო რიბეირო, ნოდარ ქავთარაძე - ეს ფეხბურთელები ბოლო ტურებში გუნდის მთავარი ძალაა და მათგან მომავალშიც ბევრ სიურპრიზს უნდა ველოდოთ.

წინა სეზონში ორი შეხვედრა "სამტრედიამ" მოიგო, 1 ფრედ დასრულდა და 1 მოგება გორელების ანგარიშზეა.

15 აპრილი. თბილისი. დინამო არენა. 16:00

"დინამო" - "საბურთალო"

ტურის მთავარი ბრძოლა თბილისში გველოდება, ეროვნული ლიგის ცხრილის ლიდერები ერთმანეთს პირველი ადგილისთვის დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდს 5 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვს და გამარჯვებულიც წინ გაიჭრება.

"საბურთალომ" ისე ომახიანად დაიწყო სეზონი, რომ ნამდვილად დიდი მოულოდნელობა იყო. მოგებათა სერია და ძალიან მიმზიდველი ფეხბურთი - ეს თბილისელების სავიზიტო ნიშანი იყო პირველ 4 ტურში.

თუმცა სეზონის პირველი თბილისური დერბი "საბურთალომ" დათმო, ისინი მოულოდნელად "ლოკომოტივთან" დამარცხდნენ.

თუ საბურთალოელებს პირველ ოთხ ტურში ჰქონდათ მოგებათა სერია, ბოლო 4 ტურია თბილისის "დინამო" იგებს. "დინამომ" ბოლო შეხვედრა გაჭირვებით, თუმცა მაინც მოიგო საჩხერის "ჩიხურასთან".

გუნდს კვლავ ოთო კიტეიშვილმა ულიდერა, რომელიც გამარჯვების გოლის ავტორი გახდა. თავისი პირველი გოლი კლუბში ნიკა ძალამიძემაც გაიტანა.

წინა სეზონში უპირატესობა "დინამოს" ჰქონდა, 2 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დასრულდა და ერთიც "საბურთალოს" ანგარიშზეა. ამ შეხვედრაში გარკვეული ფსიქოლოგიური და სათამაშო უპირატესობაც, ალბათ, "დინამოს" ექნება, თუმცა არ არის გამორიცხული, "საბურთალომ" კიდევ ერთი სიურპრიზი შემოგვთავაზოს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული