ეროვნული ლიგა. VII ტურის წინ. წინა სეზონის ლიდერი წლევანდელის წინააღმდეგ

AutoSharing Option
დღეს ეროვნული ლიგა მე-7 ტურის მატჩით განახლდება. ამ კვირაში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის, ეროვნული ლიგა ნელ-ნელა უფრო საინტერესო ხდება.

20 აპრილი. ზესტაფონი. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი. 20:00
"კოლხეთი" - "ლოკომოტივი"

ორივე გუნდი ცხრილის ბოლოშია 4-4 ქულით და ჯერჯერობით მათი ასპარეზობა არასახარბიელოა.

ფოთის "კოლხეთი" რომ აუტსაიდერი იქნებოდა, ეს მოსალოდნელი იყო, თუმცა ფოთელი გულშემატკივარი იმ გუნდს ელოდა ამ სეზონში, რომელმაც პლეი-ოფის მატჩები ბრწყინვალედ ჩაატარა.

თუ კლუბშიც არ სჯერათ, რომ რაღაცისთვის ბრძოლა შეუძლიათ და მეტი კონცენტრაცია მართებთ, მაშინ ჯობია ის ლეგიონერები, რომლებიც ჰყავთ,
ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჩაანაცვლონ და ფოთელებმა მათ აღზრდაზე იზრუნონ.

"ლოკომოტივი" უტევს, თუმცა საკუთარ კარებში უფრო მეტ ბურთს იღებს. შემადგენლობას რომ გადახედო, აშკარად გუნდს უფრო მეტი შეუძლია და უკეთესი შედეგიც მართებს. გოლებს ხშირად ძალზე უწყინარ სიტუაციაში იღებენ. "რკინიგზელებს" მეტი თავდაჯერებულობა მართებთ.

არ შეიძლება, რომ არ გამოვყოთ "რკინიგზელთა" შემტევი ვატო არველაძე, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და თითქმის ყველა შეხვედრაში მოედანზე გამოსარჩევია.

წინა სეზონში ამ დაპირისპირებაში 3 შეხვედრა "რკინიგზელებმა" მოიგეს და 1 შეხვედრა ფოთელებმა.

21 აპრილი. თბილისი. მიხეილ მესხი 2. 16:30
"სიონი" - "დინამო"

"სიონი" ამ სეზონში ლიგაში დასარჩენად იბრძვის და საკმაოდ კარგადაც გამოსდის. კლუბი მაქსიმალურად იყენებს იმ შანსებს, რაც ეძლევა. წინა ტურშიც საკმაოდ კარგად გაისარჯნენ, "რკინიგზელების" შეცდომები სათავისოდ გამოიყენეს და 3 ქულა მოიპოვეს.

"დინამომ" ლიდერთა მატჩი დათმო და გათამაშებაში მეორე ადგილს იკავებს. უშეღავათო ბრძოლა ვიხილეთ წინა ტურში "საბურთალოსთან", თუმცა საჭირო მომენტი მეტოქემ უფრო კარგად გამოიყენა და "დინამო" დამარცხდა.

"დინამოს" შემადგენლობაში გამოსარჩევი იყო ლევან ხარაბაძე, რომელიც მცველისთვის ნაკლებად დამახასიათებლად ბევრს უტევს და საკმაოდ კარგ შეტევებსაც ქმნის.

ფავორიტად სტუმრები უნდა მოვიაზროთ, რომლებსაც შედარებით უფრო ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ. თუმცა "სიონისგან" ბოლომდე ბრძოლას უნდა ველოდოთ.

21 აპრილი. გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი. 20:00
"დილა" - "რუსთავი"

ტურის ერთ-ერთი დამაინტრიგებელი შეხვედრა გორში იმართება, გორელები რუსთაველებს მასპინძლობენ.

გორის "დილასგან" ამ სეზონში მრავალფეროვანი და შემტევი ფეხბურთის თამაშს მივეჩვიეთ, თუმცა ეს ყველაფერი ლანჩხუთის მოედნის საფარმა მოკლა. თითქმის ყველა ფეხბურთელი "დილა"-"სამტრედიის" შემდეგ აღნიშნავდა, რომ ეს "საშინელება" იყო და ლეგიონერები გაოცებულები წერდნენ თავიანთ სოციალურ ქსელებში მოედნის მდგომარეობის შესახებ.

"რუსთავმა" კი წინა ტურში "კოლხეთი" 2:0 დაამარცხა. იმის მიუხედავად, რომ ხარისხი არც ისე მაღალი იყო, ძალიან კარგად გამოიყურებოდა ზაზა ციცქიშვილი, რომელიც ორივე გოლის მთავარი შემოქმედია. "რუსთავი" ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად ახერხებს შეთამაშების პრობლემის მოგვარებას.

ხვალინდელ შეხვედრაში "რუსთავი" მეორე ნომრად ითამაშებს, ხოლო გორელები შეუტევენ და ეცდებიან, თავიანთი თამაში თავს მოახვიონ. განსაკუთრებული დატვირთვა კი მწვრთნელთა დუელს ექნება, გიორგი დარასელია თუ ვლადიმირ გაზაევი? რომელი აღმოჩნდება უკეთესი ტაქტიკოსი?

22 აპრილი. საჩხერე. ცენტრალური სტადიონი - ივანწმინდა. 16:00
"ჩიხურა"-"სამტრედია"

საჩხერელები შინ ბრუნდებიან, რაც აუცილებლად აისახება მათ თამაშზე. თუმცა იმასაც ვერ ვიტყვით, რომ განვლილ ექვს ტურში ურიგოდ გამოიყურებოდნენ, რისი შედეგიცაა, რომ მესამე პოზიციაზე არიან და ერთადერთი წაგებაც არ ასახავს იმ ფეხბურთს, რასაც თამაშობენ.

არაერთხელ დავწერე, რომ სოსო ფრუიძის შეგირდები წელს ძალიან კარგ დაცვას თამაშობენ. ამისი დასტურია ისიც, რომ წინა ტურში "ტორპედოს" შემტევებს გასაქანი არ მისცეს. თუ ასე გააგრძელეს იმერლებმა, ევროთასებზეც არ იქნებიან აუტსაიდერი გუნდი და ყველა მეტოქეს პრობლემას შეუქმნიან.

აი, "სამტრედიაში" სადებიუტო შეხვედრა, ვერ ვიტყვით, რომ ბადრი კვარაცხელიას წარუმატებელი გამოუვიდა. როგორც ზემოთ დავწერე, წინა შეხვედრაში თამაში სტადიონმა გააფუჭა. თუ როგორი იქნება ახალი მწვრთნელის ხელში იმერული კლუბი, ეს კვირას უფრო გამოჩნდება.

წინა სეზონში სამი შეხვედრა მოუგო "სამტრედიამ" საჩხერელებს, 1 კი "ჩიხურას" ანგარიშზეა.

22 აპრილი. თბილისი. მიხეილ მესხი. 20:00
"საბურთალო" - "ტორპედო"

თბილისში კიდევ ერთი დიდი დაპირისპირება გველოდება, წლევანდელი ლიდერი ჩემპიონის წინააღმდეგ.

"საბურთალომ" წინა ტურში "დინამო" დაამარცხა და ცხრილის სათავეში მოექცა. თბილისური კლუბი ექვსი ტურის შემდეგ საუკეთესოა. ამ ამბის მთავარი შემოქმედი კი გიორგი ჭიაბრიშვილია, რომელიც გუნდს უნივერსალურად და მეტოქეთა შესაბამისად ათამაშებს, რის გამოც ძნელია გამოარჩიო საბურთალოელთა შემადგენლობაში ერთი ფეხბურთელი.

თუმცა წინა ტურში ლაზარე კუპატაძის გმირობა რომ არ აღვნიშნოთ, არ შეიძლება. ახალგაზრდა მეკარემ საკუთარი კარის ჩარჩო ისე დაიცვა, რომ ბევრ ცნობილ მეკარეს შეშურდებოდა.

ქუთაისელები "ჩიხურას" წინა ტურში უტევდნენ, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. კლუბს ძალიან დაეტყო თორნიკე კაპანაძის არყოფნა და სასწრაფოდ სჭირდება ფეხბურთელი, რომელიც ფორვარდობას იტვირთებს.

ალბათ, ეროვნული ლიგის დონეზე ყველაზე პრობლემური პოზიცია ქუთაისელთა გუნდში თავდამსხმელია. კლუბს ჰყავს ევგენი ბოხაშვილი, თუმცა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა თავის წარმოჩენა.

წინა სეზონში "საბურთალომ" ერთი შეხვედრა მოუგო ქუთაისელებს, ერთი ფრედ დასრულდა და ერთი მოგებაც "ტორპედოს" ანგარიშზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული