გიორგი ჭიაბრიშვილი: არასოდეს გვითქვამს, რომ ჩემპიონობის გარდა, სხვა შედეგი წარუმატებლობად ჩაითვლება

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის საიტმა Eliga.ge-მ "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის ინტერვიუ გამოაქვეყნა.

- "დინამო თბილისთან" შეხვედრა...
- არ მეთაკილება იმის თქმა, რომ "დინამომ" უკეთ ითამაშა. პირველ წუთებში გვქონდა ორი ასპროცენტიანი მომენტი, მერე კი, გოლის გარდა, უფრო დინამოელები ქმნიდნენ ხიფათს.

გოლს რაც შეეხება, მოხარული ვარ, რომ თორნიკე გორგიაშვილმა ასეთი ლამაზი ბურთი გაიტანა. მოხარული ვარ, რომ სხვა ფეხბურთელებიც გვყავს, რომლებსაც შეუძლიათ ინდივიდუალური გოლების გატანა.

- წლეულს კარგი შევსება მიიღეთ ფეხბურთელთა მხრივ. ასევე, ორი შეკრება გაიარეთ თურქეთში - ეს თამაშზეც ისახება...
- "საბურთალოს" ხელმძღვანელობის
მადლიერი ვარ. შეკრებებიც კარგად გამოვიყენეთ და კარგი ფეხბურთელებიც მოვიყვანეთ. არიან გუნდები, რომლებსაც ეს მოაკლდათ და ცხრილის ქვედა ნაწილშიც ამიტომ არიან. ჩვენ კი სხვებზე მეტი მოვასწარით.

- თუმცა გიორგი ხარაიშვილის სრულფასოვნად შეცვლა რთულია...
- ხარაიშვილი "საბურთალოს" კაპიტანი იყო და მის გარშემო თამაშის ბევრი ნიუანსი ეწყობოდა. ასეთი ფეხბურთელების შეცვლა უმტკივნეულოდ არ ხდება, თუმცა, როცა მწვრთნელი ხარ და წინ გრძელი სეზონი გაქვს, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო.

- შეგიძლიათ თქვათ, რომ "საბურთალოს" მიზანი ჩემპიონობაა?
- არასოდეს გვითქვამს, რომ ჩემპიონობის გარდა, სხვა შედეგი წარუმატებლობად ჩაითვლება. უპირველესი მიზანი სამეული და ევროტურნირებზე გასვლაა. შარშანაც ახლოს ვიყავით ამ მიზანთან, მაგრამ ცოტაღა დაგვაკლდა.

მეოთხეზე გავედით და სხვებზე ვიყავით დამოკიდებულნი. ისე კი, ჩემპიონობის შანსი თუ გაგვიჩნდება, რატომაც არა?! მარათონული სეზონია და წინასწარ ლაპარაკი არ მსურს.

- შედეგის კვალობაზე, მაინც ფრთხილად საუბრობთ...
- 17-წლიანი სამწვრთნელო გამოცდილება მეხმარება. სიფრთხილე საჭიროა, რადგან შეიძლება ყველაფერი შეტრიალდეს. ჩემპიონატში დაძაბული თამაშებია, იოლად ვერცერთ თამაშს ვერ მოიგებ.

- 2012 წელს თქვენი გაწვრთნილი "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონი გახდა. როგორ ატყობთ - როგორც მწვრთნელი, მას შემდეგ გაიზარდეთ?
- როგორც კი საკუთარ თავს დავიჭერ იმაში, რომ დასკვნები ვერ გამომაქვს ან ყველაფრით კმაყოფილი ვარ, მაშინვე თავს დავანებებ მწვრთნელობას. ეს ისეთი სფეროა, რომ ყოველდღიურად შეიძლება განვითარდე.

როგორც მწვრთნელი, ვიცვლები, გარკვეულ ნიუანსებში სხვა შეხედულებები მაქვს. რაც არ იცვლება, ეს საფეხბურთო გემოვნება და თამაშის წესებია: მაგალითად, ფეარ-პლეი.

- მთლიანად ეროვნული ლიგა რომ შევაფასოთ და შარშანდელ სეზონს რომ შევადაროთ...
- შარშანვე გამოჩნდა, რომ ათგუნდიანმა ჩემპიონატმა გაამართლა. მომწონს გაზაფხული-შემოდგომის სისტემაც. ვფიქრობ, ფეხბურთის ფედერაცია და ფონდი სწორად მუშაობენ: რაც ფეხბურთისთვის საჭიროა, აწვდიან. დანარჩენი კი, რა გითხრათ, პროდუქტი ერთ-ორ წელიწადში არ იქმნება.

რომ ვთქვა, სათამაშო დონე აშკარად უკეთესი გახდაო, ხომ იცით, მართალი ვერ ვიქნები. არც შარშან ველოდი რაიმე განსაკუთრებულს და არც წლეულს ველოდები, მაგრამ ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ უახლოეს წლებში წინსვლა დავინახოთ.

ადრინდელივით აღარ ხდება, როცა კლუბებს სამგზავრო ფული არ ჰქონდათ და სრულ ფინანსურ გაუგებრობაში იყვნენ. რყევები დამთავრდა და ჩემპიონატი დალაგდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული