ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ეროვნული ლიგის VII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

AutoSharing Option
  • ფოტოზე მოცემული ფეხბურთელთა განლაგება პირობითია
  • ილია მიხაილოვის ("კოლხეთი") შემთხვევაში გამოყენებულია მისი ძველი კლუბის ფოტო ახალი მაღალი ხარისხის სურათის არარსებობის გამო.


Sportall.ge გთავაზობთ ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის სიმბოლურ ნაკრებს.

Sportall.Ge

ნუკრი რევიშვილი (რუსთავი) - რთულია, ფეხბურთელი შეიყვანო სიმბოლურში გოლის გამო, თუმცა ეს სულ სხვა შემთხვევაა. რუსთაველთა მეკარის მიერ ბოლო წუთზე გატანილმა გოლმა კლუბი წაგებისგან იხსნა და ერთი ქულა მოუტანა.

ლევან ხარაბაძე (დინამო) - თბილისელთა მცველი ამ სეზონში საუკეთესოა მის პოზიციაზე. ახალგაზრდა ფეხბურთელი 7 ტურის განმავლობაში, 4-ჯერ მოხვდა ჩვენს სიმბოლურში. უნდა აღინიშნოს, რომ ხარაბაძეს
შეტევითი პოტენციალი ბევრად მეტი აქვს, ვიდრე დაცვითი, თუმცა ორივეს საკმაოდ კარგად ართმევს თავს. "სიონთან" შეხვედრაში ორივე გოლი მისი აქტიურობის შედეგად გავიდა.

გიორგი კილასონია
(კოლხეთი) - ლაშა გოგონაია დისკვალიფიცირებული იყო "ლოკომოტივთან" შეხვედრაში, მის მაგივრად კი გუნდს გიორგი კილასონია წარუძღვა და საკმაოდ ნაყოფიერადაც. კილასონია კარგი იყო როგორც დაცვაში, ასევე შეტევაშიც ერთვებოდა. მის ასეთ აქტიურობას გოლიც მოჰყვა.

გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო) - მოქმედ ჩემპიონთან მატჩში ძალიან კარგი იყო გიორგი რეხვიაშვილი. ის საკმაოდ კარგადაც ირჯებოდა და თავისუფალ სივრცეებს არ უტოვებდა "ტორპედოს" შემტევებს.

გუჯა რუხაია
(დინამო) - "დინამოს" მცველი ბევრს მოძრაობდა და ხშირ შემთხვევაში ისეთ პოზიციაზეც კი აღმოჩნდებოდა, რომ იქ ყოფნა ნამდვილად არ ევალებოდა, თუმცა ის ცდილობდა ყოფილიყო იქ, სადაც ბურთი იყო. ერთ ასეთ მომენტში თავდამსხმელობაც შეითავსა და ხარაბაძის ჩამოწოდებულს კარგი თავური დარტყმით უპასუხა.

ალვინ ფორტესი (დილა) - გორელებმა "რუსთავთან" მატჩი ჩააგდეს, მაგრამ გამოსარჩევია ალვინ ფორტესის მოძრაობები, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ აუღეს ალღო ეროვნულ ლიგაში. ჰოლანდიელს ეფექტური გოლიც გამოუვიდა და მატჩის დარჩენილ ნაწილშიც ურიგოდ არ გამოიყურებოდა.

გიორგი გაბულოვი (რუსთავი) - რუსთაველთა ლეგიონერის დიდი დამსახურებაა, რომ ქვემოქართლელებმა ქულა მოიპოვეს. ორივე შემთხვევაში მის პასს მოჰყვა გოლი. ამავდროულად, გაბულოვის შრომის შედეგია, რომ "რუსთავმა" მეორე ტაიმში ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა, რადგან ის მოედნის ცენტრში უნაკლო იყო.

გიორგი მიქაბერიძე (სიონი) - მიქაბერიძემ რამდენჯერმე გაამწვავა თამაში, თუნდაც პირველ ტაიმში, როცა მისი ჩაწოდების შემდეგ ლაშა მანაგაძემ არაზუსტად დაარტყა. ასევე მიქაბერიძემ ძალიან კარგად შეასრულა ჯარიმა და გოლად აქცია, რისი წყალობითაც "სიონი" მეორე ტაიმის დასაწყისში წინ გაიყვანა.

ვაგნერ გონსალვეში (საბურთალო) - ფრანგი შემტევი მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიურობდა და რამდენიმე სახიფათო შეტევა წამოიწყო. მისი აქტიურობის შედეგია პირველი გოლიც, როცა კუთხურიდან მისი ჩამოწოდებული ბურთი დავით ხურცილავამ საკუთარ კარებში ჩაჭრა.

ილია მიხაილოვი (კოლხეთი) - ფოთელთა უკრაინელმა ლეგიონერმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ჯერ შეხვედრის დასაწყისში პენალტი გამოიმუშავა, მოგვიანებით კი ლევან კაკულიას პასს ზუსტად უპასუხა და გოლი გაიტანა.

ბექა გვარაძე (საბურთალო) - გვარაძის გოლმა ყველანაირი ინტრიგა მოკლა ჩემპიონისა და წლევანდელი ლიდერის დაპირისპირებაში. ახალგაზრდა შემტევმა საკმაოდ ეფექტური გოლი გაიტანა როინ კვასხვაძის კარში და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი - ბოლო ორ ტურში ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით საბურთალოელებმა ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი დაამარცხეს, ეს კი ჭიაბრიშვილის სწორი მიდგომისა და ტაქტიკური ანალიზის შედეგია.



ეროვნული ლიგის VI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

ასევე დაგაინტერესებთ