ეროვნული ლიგა. VIII ტურის წინ. საუკეთესო დაცვა საუკეთესო თავდასხმის წინააღმდეგ

AutoSharing Option
26 აპრილს ეროვნული ლიგა ორი მატჩით განახლდება. მერვე ტური ორ დღეზეა გადანაწილებული და პარასკევს დასრულდება.

26 აპრილი. თბილისი. მიხეილ მესხი 2. 15:00
"ლოკომოტივი" - "დილა"

"ლოკომოტივის" საქმე ასეა - ან ახლა, ან არასოდეს! შვიდი ტურის შემდეგ გუნდს მხოლოდ ერთი მოგება აქვს და ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს. "ლოკომოტივი" არათუ ჩემპიონატის ლიდერებთან, არამედ თითქმის ყველასთან აგებს. არადა, ლიდერ "საბურთალოსთან" ისეთი თამაში აჩვენეს, რთული წარმოსადგენი იყო, რომ წაგებათა სერიას გააგრძელებდნენ.

"დილამ" წინა ტურში ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა და საკუთარ სტადიონზე "რუსთავს" 2:2 ეთამაშა. გამორჩეულები
იყვნენ შემტევები ალვინ ფორტესი და ლეანდრო რიბეირო. ნოდარ ქავთარაძე წინა შეხვედრაში შედეგიანად შევიდა შეცვლაზე და გოლი გაიტანა, თუმცა მას მეორე გოლის გატანაც მართებდა და მომენტი ვერ გამოიყენა, დღეს კი ეს ფეხბურთელი დისკვალიფიკაციის გამო დააკლდებათ.

წინა სეზონში ამ გუნდების დაპირისპირება "ლოკომოტივის" სასარგებლოდ იყო, რომელმაც ორი შეხვედრა მოიგო, ერთი ფრედ ითამაშა და ერთი წააგო. დღევანდელ შეხვედრაში მთავარი გამოსარჩევი ფაქტორი ტექნიკური ფეხბურთელების დაპირისპირება იქნება, წესით, ორმხრივ და ლამაზ შეტევებს უნდა ველოდოთ.

26 აპრილი. ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე. 17:00
"სამტრედია" - "რუსთავი"

გასაგებია, რომ სამტრედიელთა გულშემატკივრებისთის ლანჩხუთში ჩასვლა და გუნდის ქომაგობა მოსახერხებელია, მაგრამ მინდვრის საფარიდან გამომდინარე, აქ გუნდებს ასპარეზობის უფლება არ უნდა ეძლეოდეთ. ეს აფუჭებს თამაშს და ფეხბურთელსაც ტრავმის რისკის ქვეშ აყენებს.

იმერლები ბოლო ორი შეხვედრაა, ფრეებით გადის ფონს და ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე არიან. ახალი მწვრთნელის ხელში ძნელია ისაუბრო პროგრესზე, რომელიც "სამტრედიას" ორი ტურია, რაც უძღვება. თუმცა გუნდი უფრო კომპაქტურია და იმდენ შეცდომასაც აღარ უშვებს.

წინა შეხვედრაში გამოსარჩევი იყო მცველი რომა ჩაჩუა, რომელიც თანაგუნდელების ფონზე მშვენივრად გამოიყურებოდა.

რუსთაველებმა წინა ტურში ორბურთიანი სხვაობა შემოატრიალეს და ფრე ითამაშეს. ძნელია, არ ისაუბრო ნუკრი რევიშვილის თავურ გოლზე, რომელიც ტურის გამორჩეული მომენტი იყო. თუმცა, ამავდროულად, ძნელია არ შეაქო გიორგი გაბულოვი, რომელიც მთავარი ფიგურა იყო ორივე გოლის მომენტში. ქვემოქართლელებს ბოლო სამ ტურში აღარ წაუგიათ და ვნახოთ, ამჯერად რას იზამენ.

27 აპრილი. საჩხერე, ივანწმინდა. ცენტრალური სტადიონი. 16:30
"ჩიხურა" - "საბურთალო"

ტურის ცენტრალური მატჩი იმერეთში იმართება, მესამეადგილოსანი "ჩიხურა" პირველადგილოსან "საბურთალოს" სტუმრობს.

საჩხერლებმა წინა ტურში განსაკუთრებული ვერაფერი შემოგვთავაზეს, მათი დაბრუნება საშინაო არენაზე არ ყოფილა ეფექტური. თუმცა საშინაო კედლებში თამაში, ხვალინდელ დაპირისპირებაში იმერლებს საკმაო უპირატესობას მისცემს. სოსო ფრუიძის შეგირდები დადებითი შედეგის მოსაპოვებლად იბრძოლებენ და შეეცდებიან, თბილისლებს თავისუფალი ზონები არ დაუტოვონ.

"საბურთალომ" წინა ორ ტურში მოქმედი ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი დაამარცხა. "საბურთალო" ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება და ეს კლუბმა ნამდვილად დაიმსახურა. გიორგი ჭიაბრიშვილმა თითქმის ყველა სამწვრთნელო დუელი მოიგო, გარდა ერთისა. მისი გუნდი არცერთ შეხვედრაში ერთი ტაქტიკით არ თამაშობს. ძნელია, გამოიცნო, "საბურთალოს" ვინ ულიდერებს და რომელი ფაზიდან შემოგიტევს.

კლუბს ყველაზე მეტი, 15 გოლი აქვს გატანილი და გუნდში არ მოიძებნება ფეხბურთელი, რომელსაც ორ გოლზე მეტი აქვს ანგარიშზე. ამავდროულად, გუნდს ყველაზე ცოტა, 4 გოლი აქვს გაშვებული.

წინა სეზონში ამ გუნდების დაპირისპირება საჩხერელთა უპირატესობით წარიმართა, სამი შეხვედრა მოიგეს და ერთიც ფრედ ითამაშეს. ივანწმინდაში კი ერთმანეთს ამ სეზონის ყველაზე კარგი შეტევა ყველაზე კარგ დაცვას დაუპირისპირდება.

27 აპრილი. თბილისი. დინამო არენა. 18:30
"დინამო"-"კოლხეთი"

თბილისელებს შვიდ ტურში ორი მარცხი აქვთ, თუმცა მეორე ადგილზე იმყოფებიან. კლუბი, დანაკლისების მიუხედავად, ლიდერობას არ წყვეტს და წინა ტურში "სიონი" 2:1 დაამარცხა. კახა კაჭარავა ფლანგებს კარგად იყენებს. განსაკუთრებით, გიორგი ხარაბაძის ჩართულობაა გამოსარჩევი, რომელიც მის პოზიციაზე ამ სეზონში საუკეთესო და გამოსარჩევია.

"კოლხეთი" ამ სეზონში ისეთ გუნდად ჩამოყალიბდა, რომ ვერ გამოიცნობ, თუ რომელ შეხვედრაში რას იზამენ. წინა ტურში მათ "ლოკომოტივი" 3:1 დაამარცხეს. გამოსარჩევი იყო უკრაინელი ლეგიონერი ილია მიხაილოვი, რომლის აქტიურობის შედეგად ორი გოლი გავიდა. ფაქტია, ჯერჯერობით გუნდი ქულების მოგროვებას კარგად ახერხებს, რათა მომავალში ბოლო პოზიციაზე არ აღმოჩნდნენ.

წინა სეზონში "დინამომ" სამი შეხვედრა მოუგო "კოლხეთს" და ერთი ფრედ ეთამაშა. გამოკვეთილი ფავორიტი "დინამო" იქნება, რომელსაც სავარაუდოდ, ერთბურთიანი სხვაობა არ დააკმაყოფილებს.

27 აპრილი. ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი. 20:30
"ტორპედო"-"სიონი"

კარგია, რომ პარასკევს მატჩი საღამოს ტარდება. ეს ხალხს საშუალებას აძლევს, დამღლელი სამუშაოს მერე, საღამოს საყვარელ გუნდს უგულშემატკივროს და განიტვირთოს.

"ტორპედომ" ამ სეზონში ჯერ კიდევ ვერ იპოვა თავისი თამაში, ეს კი ტრავმიანობის და მოკლე სათადარიგო სკამის ბრალია. გუნდმა თორნიკე კაპანაძი შემცვლელი ვერ მონახა, რომელიც ფორვარდობას იტვირთებდა. როგორც კლუბის გვერდზე ეწერა, ფეხბურთელმა ვარჯიში დაიწყო და მალე შეუერთდება გუნდს. კიდევ ერთი პრობლემური პოზიცია საყრდენი ზონაა. ფაქტია, გუგა ფალავანდიშვილის წასვლის შემდეგ ამ პოზიციაზე "ტორპედოს" დიდი პრობლემები აქვს.

"სიონმა" "დინამოსთან" წინა შეხვედრა დათმო, მაგრამ ფაქტია, ბოლნისელებმა ბოლომდე იბრძოლეს და მეტოქეს არაფერი დაუთმეს. კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდები ურიგოდ არ გამოიყურებიან და ალბათ, სეზონის ბოლოსაც არ ექნებათ ეროვნულ ლიგაში დარჩენის პრობლემა.

ხვალინდელ შეხვედრაში ფავორიტები მოქმედი ჩემპიონები იქნებიან, რომლებიც საკუთარ სტადიონზე ასპარეზობენ და სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას შეეცდებიან.





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული