ლეგიონის უქმეები: 3 ქართული გოლი და ლობჟანიძის ტრავმა [VIDEO]

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ქართველმა ფეხბურთელებმა 3 გოლი გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ კვლავ გამოიჩინეს თავი გიორგი ქვილითაიამ და საბა ლობჟანიძემ, თუმცა ამ უკანასკნელს არ გაუმართლა და მოედანი ნაადრევად დატოვა. ჩემპიონატში რიგით მე-7 გოლი კი ზაქარია ბეგლარიშვილმა მიითვალა.

ესპანეთი. ლა ლიგა 2. "სარაგოსა" მნიშვნელოვან მატჩში სტუმრად "რეუსს" დაუზავდა - 1:1. გიორგი პაპუნაშვილმა ორი ფორვარდის უკან ითამაშა. ის 88-ე წუთზე გამოცვალეს. არაგონული კლუბი პრიმერაში გადასვლისთვის ბრძოლას აგრძელებს.

გიორგი აბურჯანიას (მე-60 წუთზე გამოჩნდა) "სევილია ატლეტიკომ" შინ "ალკორკონი" დაამარცხა - 1:0.

ოთარ კაკაბაძის (90 წთ) "ხიმნასტიკი" სტუმრად
უკვე გავარდნილ "ლიორკასთან" 0:1 დამარცხდა.

იტალია. სერია B. "ემპოლი" შინ "ნოვარას" 1:1 დაუზავდა. ასე რომ, ლევან მჭედლიძის გუნდი მომდევნო სეზონიდან ისევ ელიტაში ითამაშებს, ტოსკანურმა კლუბმა სერია A-ს საგზური დაიბევა. მჭედლიძე ჯერაც არ არის მზად თამაშისთვის.

ჰოლანდია. ერედივიზიე. გურამ კაშიას "ვიტესმა" 5:0 გაანადგურა "ტვენტე" და ევროპალიგის პლეი-ოფის საგზური გაინაღდა. კაშიამ შეუცვლელად ითამაშა.

ბელგია. ჟუპილერლიგა. გიორგი ჩაკვეტაძე 62-ე წუთზე გამოჩნდა "გენტის" რიგებში, როცა მისი გუნდი 1:2 მარცხდებოდა "სტანდარდთან". საბოლოოდ, ქართველის გუნდმა 1:3 წააგო.

პორტუგალია. სეგუნდა. ავთო ებრალიძის "ვიზეუმ" შინ 1:0 მოუგო "ჟილ ვისენტეს". ქართველმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

ავსტრია. ბუნდესლიგა. გიორგი ქვილითაიას "რაპიდი" "შტურმთან" სტუმრად 2:4 დამარცხდა. ქართველმა 90 წუთი ითამაშა და პირველ ტაიმში გაიტანა სეზონში მე-9 გოლი.


შვეიცარია. სუპერლიგა. ვაკო გვილიას "ლუცერნი" ლიდერ "იანგ ბოისთან" სტუმრად დამარცხდა - 1:2. 76-ე წუთზე, 1:1-ზე გვილიამ პენალტი ვერ გამოიყენა, ქართველი 4 წუთში შეცვალეს და მალე სტუმრებმა გოლიც გაუშვეს. 1986 წლის მერე პირველად, "იანგ ბოისი" შვეიცარიის ჩემპიონი გახდა.

დანია. სუპერლიგა. საბა ლობჟანიძის "რანდერსმა" სტუმრად 3:1 დაამარცხა "ლიუნგბიუ". წინა ტურის გმირმა უკვე მე-4 წუთზე გაიტანა გოლი, მაგრამ 35-ე წუთზე შესაცვლელი გახდა - მან მარცხენა მუხლი ისე იტკინა, გვერდით არავინ ყოფილა. ეს საბას მე-9 გოლია ჩემპიონატში.

"ჯერჯერობით, არ ვიცი, რამდენად სერიოზულია ტრავმა. იმედია, მალე დავბრუნდები", - დაწერა სოციალურ ქსელში 22 წლის ფეხბურთელმა.


I დივიზიონი. ლაშა პარუნაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო. მისმა "ესბიერგმა" სტუმრად "ფრედერიცია" 3:1 დაამარცხა.

ისრაელი. ლიგათ ჰაალი. ლადო დვალიშვილის "აშკელონი" სტუმრად "აშდოდთან" დამარცხდა - 0:1.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. ლუკა ზარანდიას "არკა" უმოტივაციოა. ამიტომაც გუნდმა ზედიზედ 4 მატჩი დათმო, ახლა კი სულაც 1:5 განადგურდა შინ "პიასტთან". ქართველ ნახევარმცველს ტრავმის გამო არ უთამაშია.

ნიკა კაჭარავას (90 წთ) "კორონა" სტუმრად "ლეგიასთან" 1:3 დამარცხდა. ათი კაცით დარჩენილმა "კორონამ" 88-ე წუთზე პრესტიჟის გოლი გაიტანა. საგოლე პასი ქართველი ფორვარდის ანგარიშზეა.

გიორგი მერებაშვილმა ოპერაცია გაიკეთა და კიდევ 2 თვე ვერ ითამაშებს. მისმა "პლოცკმა" შინ 1:2 წააგო "ზაგლებიესთან" და საპრიზო სამეულს კიდევ დაშორდა.

ლაშა დვალის "პოგონს" გოლი არ გაუშვია, თავად ქართველმა მცველმა კი 90 წუთი ითამაშა (გააფრთხილეს). "პოგონმა" "სანდეციასთან" იმარჯვა - 2:0.

შვედეთი. ოლსვენსკანი. გიორგი ხარაიშვილის "გიოტებორგი" გამარჯვებული გამოვიდა "ჰაკენთან" მატჩში - 2:1. ქართველი ახალწვეული 61-ე წუთიდან ათამაშეს.

სლოვაკეთი. ფორტუნა ლიგა. გიორგი ბერიძის (71-ე წუთზე გამოვიდა) "ტრენჩინმა" სტუმრად "დუნაისკა სტრედა" დიდი ანგარიშით დაამარცხა - 3:0.

ლიდერი "ტრნავა" სტუმრად "სლოვანთან" 1:2 დამარცხდა. წაგებულთა რიგებში მე-80 წუთამდე ითამაშა ვახტანგ ჭანტურიშვილმა.

რუსეთი. პრემიერლიგა. გია გრიგალავა გამოჯანმრთელდა და ტულის "არსენალის" სათადარიგოთა სკამზე ვიხილეთ "ანჟისთან" 2:1 მოგებულ თამაშში. წაგებულებს არ ჰყოლიათ ტრავმირებული მეკარე გიორგი ლორია.

ტრავმირებული ჯანო ანანიძის "სპარტაკმა" სტუმრად მოუგო "ამკარს" - 2:0 და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს.

უკრაინა. პრემიერლიგა. ჩემპიონატის ლიდერმა "შახტარმა" სტუმრად "მარიუპოლი" დაამარცხა - 1:0. დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა და პირველ ტაიმში ერთხელ სახიფათოდ დაემუქრა მასპინძელთა კარს. ქართველმა მცველმა ყვითელი ბარათი მიიღო.

ტრავმირებული ნიკა სანდოხაძის "კარპატი" ლვოვში "ოლექსანდრიასთან" 1:2 დამარცხდა.

"ვორსკლა" შინ 0:1 დამარცხდა კიევის "დინამოსთან". 84-ე წუთზე ანდრო გიორგაძემ სანდრო კობახიძე შეცვალა.

ალბანეთი. სუპერლიგა. ირაკლი ძარიას "კუკესიმ" სტუმრად მოუგო "სკენდერბეუს" - 1:0.

უნგრეთი. OTP. ქართველთა "ბალმაზივაროში" სტუმრად პუშკაშის აკადემიის გუნდთან 1:3 დამარცხდა და გასავარდნ ზონაშია. ბაჩანა არაბული და ლაშა შინდაგორიძე ტრავმირებულები არიან, ირაკლი მაისურაძე სასტარტოში იყო და 84-ე წუთზე გამოცვალეს.

ბელრუსი. ვისშაია ლიგა. გიორგი ქანთარიას (90 წთ) "ნემანი" შინ მინსკის "დინამოსთან" 0:2 დამარცხდა.

ლატვია. ვირშლიგა. ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ 4 მატჩის მოგების შემდეგ შინ "სპარტაკსთან" 0:2 დამარცხდა ლაშა შერგელაშვილისა (90 წთ) და ბექა ვაჩიბერაძის (90 წთ) "რიგასი".

ესტონეთი. პრემიუმლიიგა. ზაქარია ბეგლარიშვილის (79-ე წუთზე გამოცვალეს) "ფლორამ" სტუმრად "პაიდე" დაამარცხა - 2:0. მეორე ტაიმში ქართველმა ლიდერმა პენალტი გაიტანა.

"ფლორა" 22 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო ზაქარია 7 გოლით ბომბარდირთა დავაში მეოთხეა.

აზერბაიჯანი. პრემიერლიგა. ნიკა აფაქიძის (90 წთ) და თამაზ ცეცხლაძის (72-ე წუთზე შეცვალეს) "საბაილმა" სტუმრად სძლია "სუმგაითს" - 2:1.

ყაზახეთი. პრემიერლიგა. ჯაბა ჯიღაურის (79-ე წუთზე შემოვიდა) "ორდაბასი" სტუმრად "კაისარს" დაუზავდა - 0:0.

ლაშა კასრაძის "ჟეტისუ" სტუმრად "ატირაუსთან" 0:1 დამარცხდა. ქართველი მცველი ჯერ გააფრთხილეს, 76-ე წუთზე კი გამოცვალეს.

ქართველთა "ყიზილ-ჟარი" სტუმრად "აკტობესთან" 0:2 დამარცხდა. შოთა გრიგალაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ფოფხაძემ (გააფრთხილეს) - მეორე ტაიმი.

ტურის ცენტრალურ მატჩში "ასტანამ" ქართველთა "ტობოლს" 1:0 მოუგო. ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, ნიკა კვეკვესკირი ტრავმირებულია.

უზბეკეთი. პრო ლიგა. ტაშკენტის დერბი 0:0 დასრულდა, შოთა არველაძის "ფახთაქორი" სტუმრად "ლოკომოტივს" დაუზავდა, რომლის რიგებშიც სასტარტოში იყო კახა მახარაძე.

აშშ. MLS. "სან ხოსე" "კოლამბუსთან" სტუმრად 1:2 დამარცხდა. ვაკო ყაზაიშვილმა 90 წუთი ითამაშა. მან 2-ჯერ დაარტყა (ორჯერვე არაზუსტად) მასპინძელთა კარისკენ. მისი 38 პასიდან 90% ზუსტი იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული