ეროვნული ლიგა. IX ტურის წინ: არის მზად "დილა" ლიდერთან ბრძოლისთვის?

AutoSharing Option
დღეს ეროვნული ლიგის IX ტურის მატჩები გაიმართება. ეს ტური ორ დღეზეა გადანაწილებული და ამით პირველი წრე დასრულდება.

1-ლი მაისი. თბილისი. მიხეილ მესხი 2. 15:30

"სიონი" - "ჩიხურა"

ბოლნისელებს წინა შეხვედრაში "ტორპედოსთან" ძალიან გაუჭირდათ და სამი უპასუხო ბურთი მიიღეს საკუთარ კარში. გუნდის მეკარე თორნიკე ზარქუა დაბრუნდა, თუმცა, თუ ბოლო პერიოდის შეხვედრებს ავიღებთ, მიხეილ მუჯრიშვილი შედარებით უკეთესად გამოიყურებოდა.

"ჩიხურამ" კი საკუთარ სტადიონზე ლიდერ "საბურთალოს" სძლია. დაძაბულ შეხვედრაში სოსო ფრუიძემ კვლავ სწორად შერჩეული შეცვლებით შეძლო უპირატესობისა და სამი ქულის მოპოვება. კარგი იყო შეცვლაზე შემოსული
ირაკლი ბუღრიძე
, რომლის ერთ-ერთ გარღვევასაც გოლი მოჰყვა.

დღევანდელ შეხვედრაში ბოლნისელებს გაუჭირდებათ შესაშურ ფორმაში მყოფ საჩხერელებთან საკუთარი თამაშის პოვნა, თუმცა ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ მატჩის სცენარი შეცვალონ. "ჩიხურა" კი მოგების შემთხვევაში ცხრილში პოზიციებს განიმტკიცებს და შანსი აქვს, პირველ-მეორე ადგილებს შორის მოხვდეს.

1-ლი მაისი. თბილისი. მიხეილ მესხი. 18:30
"საბურთალო" - "სამტრედია"

"საბურთალომ" წაგებებიც დაიწყო, უახლოეს მდევარ "დინამოსთანაც" სხვაობა ვერ გაზარდა და ქულებით გათანაბრდნენ. იღბალიც მნიშვნელოვანია. კლუბს "ჩიხურასთანაც" ჰქონდა მომენტები, თუმცა ისე ეფექტურად ვეღარ შეძლო გამოყენება, როგორც წინა მატჩებში. თბილისელები დღევანდელ მატჩს მნიშვნელოვანი დანაკლისითაც ხვდებიან, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კოხრეიძე დისკვალიფიცირებულია.

"სამტრედიამ" კი ზედიზედ სამი ფრე, 0:0 ანგარიშით ითამაშა, თუმცა ოთხ წაგებას ეს შედეგი ნამდვილად ჯობია. ფაქტია, ტურიდან ტურამდე კლუბი უმატებს, მაგრამ დღესაც გუნდისთვის აპრიორი მსგავსი შედეგისთვის ბრძოლა იქნება. დისკვალიფიკაციის შემდეგ კლუბ "სამტრედიას" ნდონგი დაუბრუნდება, რომელიც დაცვის ხაზს უფრო გააძლიერებს.

წინა სეზონში ამ კლუბების შეხვედრა "სამტრედიის" უპირატესობით წარიმართა, ორი შეხვედრა იმერლებმა მოიგეს, ერთი თბილისელებმა და ერთიც ფრედ დასრულდა. დღევანდელ შეხვედრაში "საბურთალოს" საკმაოდ გაუჭირდება, რადგან მეტოქე ბოლო პერიოდში კარგად შეთამაშდა, განსაკუთრებით კი, დაცვაში, სადაც თავისუფალი სივრცეების მონახვა მათთვის საკმაოდ რთული იქნება.

1-ლი მაისი. ზესტაფონი. დავით აბაშიძე. 20:30
"კოლხეთი" - "ტორპედო"

ფოთელები ბოლო სეზონები ლიგაში დარჩენისთვის იბრძვიან, რაც მეტ-ნაკლებად გამოსდით. "დინამოსთან" კლუბმა ვერაფერი გააწყო და დღესაც ანალოგიურ სიტუაციაში არიან, მოქმედ ჩემპიონთან არ იქნება ადვილი თამაში.

"ტორპედოს" თორნიკე კაპანაძე უბრუნდება. კლუბს ახლა ის ყველაზე მეტად სჭირდება, რადგან მას შეუძლია ფორვარდის პრობლემა აღმოფხვრას. თან მას ძალიან კარგი გამოცდილება აქვს ფოთელებთან თამაშის. ეროვნული ლიგის გულშემატკივრებს ემახსოვრებათ მისი გოლი წინა სეზონში. "ტორპედოს" ეს პრობლემა იმდენად აწუხებდა, რომ წინა ტურში ამ პოზიციაზე ჯაბა ლიპარტიაც კი ვიხილეთ, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამ მოქმედებამ არ გაამართლა.

წინა სეზონში სამი შეხვედრა ქუთაისელებმა მოიგეს, ერთიც ფრედ დასრულდა. დღესაც მოქმედი ჩემპიონები მორიგი სამი ქულის მოპოვებას შეეცდებიან, თორემ ლიდერებს უკვე 6 ქულით ჩამორჩებიან.

2 მაისი. თბილისი. მიხეილ მესხი. 18:30
"რუსთავი" - "ლოკომოტივი"

"სამტრედია"-"რუსთავის" მატჩში საკმაოდ საკამათო ეპიზოდი მოხდა. ლევან გეგეჭკორის კარგი პასისა და თამაზ მაქაცარიას შესაბამისი მოქმედებით შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა, თუმცა მსაჯმა ჩათვალა, რომ მაქაცარიას ხელზე მოხვდა. არადა, ისეთი მატჩი იყო, რომ გამარჯვებულს სწორედ ერთი გოლი წყვეტდა.

"რკინიგზელები" მძიმე მდგომარეობაში არიან, კლუბი ბოლო ადგილზეა და მათ თამაშში პროგრესი არ შეინიშნება. არადა, უცნაური სტატისტიკაა, რვა ტურის განმავლობაში, გარდა ერთი მატჩისა, "ლოკომ" ყველა შეხვედრაში გოლი გაიტანა. მაგრამ არც ის უნდა გამოვტოვოთ, რომ თბილისელებს 20 გოლი აქვთ გაშვებული, საშუალოდ მატჩში 2.5 ბურთს იღებენ საკუთარ კარში. ფაქტია, კლუბში ცვლილებების დროა, მაგრამ არც ცვლილებები ჩანს და არც მოპოვებული ქულები.

ხვალინდელ შეხვედრაში ორივე გუნდისთვის გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ფაქტორი განსაკუთრებით მწვრთნელებს აწუხებთ, მათ გულშემატკივრების ბევრ კითხვაზე აქვთ პასუხი გასაცემი.

2 მაისი. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 20:30

"დილა" - "დინამო"

ბოლო წლებში ამ ორი გუნდის გორულმა დაპირისპირებამ სხვა ხიბლი შეიძინა. მით უმეტეს, როცა ეს ყველაფერი საღამო ხანს მოხდება და მოედანს ქომაგი არ მოაკლდება. ტურის ცენტრალური მატჩს საკმაოდ დიდი ინტრიგაც ახლავს, გამარჯვების შემთხვევაში გორელები საჩემპიონო მარათონში ჩაერთვებიან.

"დილამ" ზედიზედ ორი ფრის შემდეგ, წინა შეხვედრა "ლოკომოტივთან" მარტივად მოიგო. ეროვნულ ლიგას კარგა ხანია არ ჰყოლია ასეთი შედეგიანი ლეგიონერები, თანაც, დუეტში: ლეანდრო რიბეირო და ალვინ ფორტესი ქომაგს სასიამოვნოდ საყურებელ ფეხბურთს ჩუქნიან.

თუმცა არც "დინამო" თამაშობს ჩაკეტილ ფეხბურთს, თბილისელთა ახალგაზრდა ფრთა მშვენივრად ბურთაობს და მოედანს ნაკლებად ტოვებენ გოლის გარეშე. თითქმის ყველა ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაშია და გოლებზე არიან დაგეშილები.

2017 წლის სეზონში ურთიერთშეხვედრებში "დინამომ" ორი, ხოლო "დილამ" ერთი მატჩი მოიგო და ერთიც ფრედ დასრულდა. ხვალ კი ორმხრივ შეტევებს, ლამაზ ფინტებსა და საინტერესო დუელებს უნდა ველოდოთ. ნებისმიერ შემთხვევაში შეხვედრა კარგი საყურებელი უნდა გამოდგეს და ვიმედოვნებთ, რომ სტადიონზე გულშემატკივარიც შესაბამისად დაუხვდება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული